ავტორი:

"საჭმელი მიმაქვს და ნახევარზე მეტი უკან მომაქვს, რადგან ვერ ეკარება... არ ვიცი, რა მოხდება" - გიული ალასანია სააკაშვილზე

"საჭმელი მიმაქვს და ნახევარზე მეტი უკან მომაქვს, რადგან ვერ ეკარება... არ ვიცი, რა მოხდება" - გიული ალასანია სააკაშვილზე

მართალი რომ გითხრათ, არ ვიცი რა მოხდება, ჩვენს რეალობაში ძალიან ძნელია პროგნოზის გაკეთება, - ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის, ლელა ჯანაშვილის განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის ვიდეო ჩანაწერების გასაჯაროების კანონიერების შესწავლა შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების სტადიაზეა.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი დიდი ხნით ადრე უნდა დაწყებულიყო და დამთავრებულიყო, მაგრამ პროცესი გამიზნულად იწელება.

"მართალი რომ გითხრათ არ ვიცი, რა მოხდება. ჩვენს რეალობაში ძალიან ძნელია პროგნოზის გაკეთება. რა ვიცი, ვნახოთ, წესით, რა თქმა უნდა, ასეთი მოქმედებები დასჯადია, მაგრამ არ ვიცი, რა იქნება.

იცით, ეს ყველაფერი დიდი ხნით ადრე უნდა დაწყებულიყო და დამთავრებულიყო, მაგრამ ხომ ხედავთ ყველაფერი იწელება, სხვა რა გითხრათ. როგორც ჩანს, ყველაფერი ასე ხდება იმიტომ, რომ მისი ჯანმრთელობა ძალიან მძიმეა“, - აცხადებს ალასანია.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, საკვები, რომელიც მას კლინიკა "ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილთან მიაქვს, ნახევარზე მეტი უკან სახლში მოაქვს, რადგან ყოფილი პრეზიდენტი მას ვერ ჭამს.

"დღეს თავს ცუდად გრძნობდა, საჭმელი მიმაქვს და ნახევარზე მეტი უკან მომაქვს, რადგან ვერ ეკარება. იმიტომ კი არა, რომ ეს სპეციალურად კეთდება, უბრალოდ არ შეუძლია, ადამიანს გულისრევა და უამრავი პრობლემა აქვს, რის გამოც ვერ ღეჭავს, ყველაფერი მოწამლიდან გამომდინარეობს. დღეს არ ვიცი, მაგრამ წინა ვიზიტზე დაკლებული იყო. ტემპერატურა წინა დღეებში 38 გრადუსზე ზემოთ ჰქონდა, წონა და ტემპერატურა მუდმივი პრობლემაა. გარედან ძალიან დიდი ინტერესია, "ნიუ იორკ თაიმში“ ნეითან შარანსკის სტადია გამოქვეყნდა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ეხება“, - დასძინა გიული ალასანიამ.

ასევე, ექსპრეზიდენტის დედა გამოეხმაურა "ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატის, ფრიდონ ინჯიას ინიციატივას 2008 წლის ომთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას, რაზეც მან აღნიშნა, რომ "ეს უცნაურია და ყველაფერი ერთ მიზანს ემსახურება, რომ სახელმწიფოებრიობა აღარ გვქონდეს.“