ავტორი:

ბერძენი გამომძიებლები ცდილობენ დაადგინონ, როგორ აღმოჩნდა მატარებლები ერთდროულად ერთსა და იმავე ლიანდაგზე - ავარიის მსხვერპლი იზრდება, დაკავებულია ერთი ადამიანი

ბერძენი გამომძიებლები ცდილობენ დაადგინონ, როგორ აღმოჩნდა მატარებლები ერთდროულად ერთსა და იმავე ლიანდაგზე - ავარიის მსხვერპლი იზრდება, დაკავებულია ერთი ადამიანი

საბერძნეთში მომხდარი მასშტაბური ავარიისას დაღუპულთა რიცხვი 40 - მდე გაიზარდა. სამართალდამცავებმა დააკავეს რკინიგზის სადგურის პასუხისმგებელი პირი, რომელსაც ბრალად გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა ედება.

59 წლის მამაკაცი, რომელიც სიგნალიზაციის გამართულ მუშაობაზე იყო პასუხისმგებელი, ბრალდებას უარყოფს. გამომძიებლები ახლა ცდილობენ დაადგინონ, როგორ აღმოჩნდა ორი მატარებელი ერთდროულად ერთსა და იმავე ლიანდაგზე.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, მაშველებს ჯერ კიდევ არ დაუსრულებიათ ნახევრად დამწვარი ვაგონებიდან დაღუპული და დაშავებული ადამიანების გამოყვანა.

ადგილობრივ მედიაში ვრცელდება ფოტოები, რომელშიც ჩანს ქალაქ ლარისას საავადმყოფოსთან სისხლის ჩასაბარებლად მისული ადამიანების გრძელი რიგები.

მოსახლეობა სისხლს ავარიისას დაშავებულთა გადასარჩენად აბარებს.

ტელეკომპანია ΕΡΤ - ში გასულ სიუჟეტში ერთ-ერთმა გადარჩენილმა მგზავრმა განაცხადა, რომ ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრე მან ყური მოჰკრა მემანქანისა და ბილეთების განყოფილების თანამშრომელს შორის საუბარს.

“როდესაც პალეოფარსელოში შეფერხების გამო გავჩერდით, გავიგონე, როგორ საუბრობდნენ გადამცემის მემანქანე და ბილეთების განყოფილების მენეჯერი. მემანქანე მას ეუბნებოდა, წავიდეთ და რაც იქნება, იქნებაო. როცა ასეთი რამ გესმის, უკვე იცი, რომ რაღაც უნდა მოხდეს", - ამბობს ახალაგზრდა.

როგორც ცნობილი გახდა, რეისმა 15 წუთით დაიგვიანა, რადგან მოძრაობა გადატვირთული იყო და ელოდებოდნენ, რომ ლიანდაგები გათავისუფლებულიყო, თუმცა, საბოლოოდ, ორი მატარებელი მაინც აღმოჩნდა ერთსა და იმავე ლიანდაგზე ერთმანეთის პირისპირ.

სამაშველო სამუშოები ამ დრომდე მიმდინარეობს, შესაძლოა, დაღუპულთა რიცხვი კვლავ გაიზარდოს.