ავტორი:

"იფიქრა სახლშიც არ მომადგნენ, შვილები მყავსო... ატენში მიდიოდა, რა დროსაც გზაზე გადაუდგნენ" - გორში დაკავებული პირი ამბობს, რომ მკვლელობა მოგერიების დროს ჩაიდინა

"იფიქრა სახლშიც არ მომადგნენ, შვილები მყავსო... ატენში მიდიოდა, რა დროსაც გზაზე გადაუდგნენ" - გორში დაკავებული პირი ამბობს, რომ მკვლელობა მოგერიების დროს ჩაიდინა
  • ფოტოზე: ნიკა საბაშვილი და ირაკლი კობერიძე

გორში მომხდარი დაპირისპირებისას ერთი ადამიანის მკვლელობის და მეორე პირის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ახალგაზრდა მამაკაცი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით წაყენებულ ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ აღნიშნული ფაქტი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში მოხდა.

ამის შესახებ AMBEBI.GE-ს ბრალდებული ნიკა საბაშვილის ადვოკატმა განუცხადა.

ნოდარ ცინცაძის თქმით, დაცვის მხარე გეგმავს, სასამართლოს წინაშე დააყენოს შუამდგომლობა, რომ ბრალდებულს საერთოდ არ შეეფარდოს არანაირი სახის აღკვეთის ღონისძიება. დაკავებულ საბაშვილს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს შევხვდი და ვესაუბრე. იგი გამოძიებასთან თანამშრომლობს, რაც შეეხება წარდგენილ ბრალს, მომხდარ ფაქტს ადასტურებს, თუმცა, აცხადებს, რომ აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფებოდა და შესაბამისად, არ ეთანხმება სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და სსკ-ის 19-109-ე (განზრახ მკვლელობის მცდელობა) მუხლებით წარდგენილ ბრალს. რაც შეეხება მომხდარს, დეტალურად გამაცნო ვითარება.

აღნიშნული პროფილაქტიკა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა მამასთან და უმცროს ძმასთან ერთად კრედიტით გახსნა და თავად მუშაობდნენ მღებავებად. პროფილაქტიკის გახსნიდან ცოტა ხანში, ობიექტი გაიქურდა, შესაბამისად, აქ დატოვილი მანქანების მეპატრონეებისთვის თანხის ანაზღაურება საბაშვილებს თავად მოუხდათ. სადგურის დასახლებაში მცხოვრები აღნიშნული პირები რამდენჯერმე იმყოფებოდნენ მათთან, შეაღებინეს ავტომობილი, თუმცა, თანხა არ გადაუხადეს, შემდეგ სხვა პირების მეშვეობით შეუთვალეს, რომ აქ ვერ იმუშავებდნენ, თუ თანხას არ გადაიხდიდნენ და მომხდარი ქურდობის ფაქტიც გაახსენეს, ბოლოს კი, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ძმას ღია ტექსტით თავადვე უთხრეს, ოჯახები გყავთ, ცოლები გყავთ, შვილები გყავთ და ცუდი ამბავი მოხდებაო, მოსთხოვეს ყოველთვიურად გარკვეული თანხის გადახდა.

ამგვარი მუქარის შემდგომ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა იფიქრა, სახლშიც რომ მომადგნენ, ოთხი მცირეწლოვანი შვილი მყავს, შესაძლოა, იძულებული გამხადონ და რამე უბედურება არ მოხდესო, სწორედ ამის გამო, აიღო თავისი კუთვნილი სანადირო თოფი "საიგა", რომელიც რეგისტრირებულია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის სახელზე და გადაწყვიტა, რომ სიმამრთან შეენახა სახლში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში.

სწორედ ატენში მიდიოდა, როცა აღნიშნული პირები მანქანით აედევნენ, შემდეგ ავტომობილი წინ გადაუყენეს და მანქანა გააჩერებინეს, ორი მათგანი კი მისკენ წავიდა მუქარით და შეურაცხმყოფელი სიტყვებით, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა იფიქრა, რომ მას საფრთხე ელოდა, თავდაცვის და ამ პირების მოგერიების მიზნით, ავტომობილის უკანა სავარძლიდან გადმოიღო თოფი, რომელიც დატენილი არ იყო, მათ თვალწინ შეაყენა, თუმცა, ამ ფაქტის მიუხედავად, აღნიშნულ პირებს უკან არ დაუხევიათ, მათ შორის მანძილი მცირდებოდა, მას შემდეგ კი, რაც ერთ-ერთმა ხელი ზურგსუკან წაიღო, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა მოახდინა გასროლა, რამდენი ტყვიაც ჰქონდა, ყველა გაისროლა, მერე კი დეტალებს ვეღარ იხსენებს, ახსოვს მხოლოდ ის, რომ მანქანით უკან წამოსული მივიდა პროფილაქტიკასთან, სადაც პოლიციის ერთ-ერთ თანამშრომელს საკუთარი ავტომობილი ჰყავდა შესაკეთებლად მიყვანილი, ასწია ხელები და უთხრა - დამაკავეთ, მგონი, კაცი მოვკალიო.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, დაცვის მხარე გეგმავს, სასამართლოს წინაშე დააყენოს შუამდგომლობა, რომ ბრალდებულს საერთოდ არ შეეფარდოს არანაირი სახის აღკვეთის ღონისძიება“, - განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა.

შეგახსენებთ, გორში, რკინიგზის სადგურის დასახლების ტერიტორიაზე შემთხვევა 28 თებერვალს მოხდა. სროლის შედეგად მიყენებული ცეცხლნასროლი დაზიანებებით, 34 წლის ირაკლი კობერიძე თავის არეში მიყენებული ცეცხლნასროლი დაზიანებით კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა, 27 წლის ვანო ღვინიაშვილს კი, რომელსაც მრავლობითი ცეცხლნასროლი დაზიანებები აღენიშნება, სამხედრო ჰოსპიტალში ურთულესი ქირურგიული ოპერაციები ჩაუტარდა, პაციენტი ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულად მძიმეა.

ნახეთ ასევე: