ავტორი:

როგორ ავარჩიოთ კომპანია, რომლის ფრენშაიზსაც შევიძენთ?

როგორ ავარჩიოთ კომპანია, რომლის ფრენშაიზსაც შევიძენთ?

ფრენშაიზი განვითარებულ ქვეყნებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბიზნეს მოდელია, რომელიც ცნობილი და წარმატებული ბრენდის ლოგოსა და სახელის გამოყენებით საკუთარი ბიზნესის დაწყების საშუალებას იძლევა.

აღნიშნული ბიზნეს მოდელი საქართველოშიც პოპულარობით სარგებლობს, რისი მაგალითიც ცნობილი სწრაფი კვების ობიექტები და ქსელური მარკეტებია. თუ მათი უმეტესობა უცხოურ ბიზნესებს წარმოადგენს, ფრენშაიზის გაყიდვა უკვე ქართულმა კომპანიამ - „ბიბლუსმაც“ დაიწყო და მისი პირველი მაღაზია თბილისში უკვე გაიხსნა.

რა უპირატესობები აქვს ფრენშაიზს?

რადგანაც ფრენშაიზ მაღაზია ცნობილი ბრენდის სახელით იწყებს ოპერირებას, წარმატების შანსი უფრო მაღალია. მის მეპატრონეს ბიზნესის სამართავად არ სჭირდება სპეციფიკური ცოდნა, ბრენდის ლოიალური მომხმარებლები მისი ლოიალური მომხმარებლებიც ხდებიან, ფრენშაიზის მფლობელს შეუძლია სამომავლოდ მაღაზიების რაოდენობა გაზარდოს და ა. შ.

რომ შევაჯამოთ, ფრენშაიზის შეძენით:

  • უკვე გვყავს მომხმარებელთა დიდი ბაზა;
  • მომხმარებლები გვენდობიან;
  • დასაწყისშივე ძლიერ პოზიციაში ვართ;
  • წარუმატებლობის რისკი დაბალია.

ამასთან, ინვესტიციის ჩადებამდე გასათვალისწინებელია წინასწარ ვიცოდეთ, დაახლოებით რა საშუალო თვიურ შემოსავალს მოგვიტანს ფრენშაიზი და რა ხარჯის გაწევა მოგვიწევს ფართის ქირის, პერსონალის ანაზღაურებისა და ბიზნესთან დაკავშირებული სხვა გადასახადებისთვის. ასევე, რამდენად მომგებიანია ადგილი, სადაც ფრენშაიზ მაღაზიის გახსნას ვგეგმავთ.

თუმცა მანამდე საჭიროა ვიცოდეთ, როგორ შევარჩიოთ კომპანია, რომლის ფრენშაიზსაც შევიძენთ. იმისათვის, რომ ეს შესაძლებლობა წარმატებით გამოვიყენოთ, რეკომენდებულია, რამდენიმე საკითხი გავითვალისწინოთ:

რამდენად შემოსავლიანია კომპანია, რომლის ფრენშაიზითაც დაინტერესებულები ვართ?

ფრენშაიზის შეძენამდე რეკომენდებულია ინფორმაცია მოვიძიოთ, რა მდგომარეობაშია კომპანია, რამდენად წარმატებულად დაასრულა განვლილი წელი, როგორ ვითარდება, იზრდება თუ არა მისი გაყიდვები და ა. შ.

აღსანიშნავია, რომ ფინანსური ანგარიშების მოძიება შეგიძლიათ ანგარიშების პორტალზე. თუ კომპანია ბაზარზე წარმატებით ოპერირებს, დიდი შანსია, რომ ფრენშაიზ მაღაზიაც მომგებიანი იქნება.

რამდენად მისაღებია ფრენშაიზის პირობები?

თუ მისი შეძენა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და ამისთვის სესხის აღება გიწევთ, პერსპექტივაში კი ვფიქრობთ, რომ მიღებული მოგებიდან უმეტესობა ვალდებულების დასაფარად დაგვჭირდება, ალბათ სჯობს, კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, რამდენად მისაღებია ეს პირობები.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი წარმატებული კომპანიის ფრენშაიზი შეიძლება უფრო მისაღებ პირობებს გვთავაზობდეს, ვიდრე უცხოური.

როგორი იმიჯი აქვს კომპანიას, რომლის ფრენშაიზის შეძენასაც ვგეგმავთ?

როგორც უცხოური, ისე ქართული გამოცდილება გვარწმუნებს, რომ კომპანიის წარმატებაში მისი იმიჯი დიდ როლს ასრულებს. შესაძლოა, კომპანია მომხმარებელს ხარისხიან პროდუქტს ან სერვისს აწვდიდეს, თუმცა იმდენად შელახული ჰქონდეს იმიჯი, რომ დროთა განმავლობაში საერთოდ გაკოტრდეს. ამის მაგალითები ჩვენს ქვეყანაშიც არსებობს.

აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით შეძენილი ფრენშაიზი უფრო წარმატებული და შემოსავლიანი იქნება.