ავტორი:

BTU AI - ინოვაციური განათლება და ახალი პროდუქტები ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისგან

BTU AI - ინოვაციური განათლება და ახალი პროდუქტები ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისგან

BTU-მ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ახალი საგანმანათლებლო პროდუქტები წარადგინა. საგანმანათლებლო რესურსები, ანალიტიკური კვლევები, სილაბუსები, წიგნები, სტატიები და პუბლიკაციები, სატრენინგო და სასწავლო მასალა, აგრეთვე გრაფიკული ნამუშევრები და სხვა მრავალი პროდუქტი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით იქმნება და სხვადასხვა პროცესებში ინერგება - ასეთი მასშტაბურია ჩამონათვალი იმ პროდუქტებისა, რომლებიც BTU AI კონცეფციის ფარგლებში უკვე იქმნება.

მსოფლიო მასშტაბით სულ უფრო მეტი ნაბიჯები იდგმება ხელოვნური ინტელექტის პოტენციალის მაქსიმიზაციისთვის და სხვადასხვა სექტორის განვითარების აქსელერაციისთვის. საქართველოში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი არის პირველი საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც AI გადაწყვეტილებების ძირითად პროცესებში ინტეგრირება დაიწყო და მათი პრეზენტაცია განათლებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლების წინაშე მოაწყო.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა პირველმა დაიწყო განათლების სფეროში ხელოვნური ინტელექტის დანერგვა. მისი დახმარებით უკვე შემუშავებულია არაერთი სახელმძღვანელო, სასწავლო და კვლევითი მასალა, სტატიები და სხვა საგანმანათლებლო პროდუქტები. ეს ყველაფერი ღიად ხელმისაწვდომი BTU-ს ვებგვერდზე როგორც ჩვენი სტუდენტებისთვის, ასევე ნებისმიერი დაინტერესებული მხარისთვის. ჩვენი საბოლოო მიზანი სწავლის ხარისხის გაზრდა და მოწინავე ტექნოლოგიებში სტუდენტების მაქსიმალური ინტეგრაციაა,“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

ხელოვნური ინტელექტის მიერ შემუშავებული პროდუქტები დამსწრე საზოგადოების წინაშე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა ნინო ენუქიძემ წარადგინა. გაგაცნობთ იმ ინოვაციური პროდუქტებს, რომელთა ინტეგრაციაც BTU-ს სასწავლო და კვლევით პროცესში უკვე დაწყებულია. მიღებული მასალები ღია წვდომით ატვირთულია უნივერსიტეტის ვებგვერდზე და მათი ნახვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. აღსანიშნავია, რომ მასალები ხელმისაწვდომია როგორც წერილობით, ისე აუდიო ფორმატით.

კვლევები - BTU-ში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით კვლევები სხვადასხვა თემაზე უკვე დაწყებულია. ესენია: ხელოვნური ინტელექტის როლი უმაღლეს განათლებაში, ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია ზოგადსაგანმანათლებლო საფეხურზე, სწავლების მეთოდოლოგია, მომავლის განათლება. ამ და სხვა საკითხებზე BTU AI კონცეფციის ფარგლებში მკვლევრებთან ერთად მუშაობს ხელოვნური ინტელექტიც. უკვე დაგროვებულია საკმაოდ ვრცელი მასალა.

სტატიები - BTU აქტიურად თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო გავლენიან მედიაგამოცემებთან, მაგალითად, ჰარვარდისა და MIT-ის ბიზნესგამოცემებთან. ისინი აქტიურად წერენ ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ. აღნიშნულ მასალებს შეისწავლის ხელოვნური ინტელექტი და ქართველი აუდიტორიისთვის დაამუშავებს. ამ ეტაპზე უკვე შექმნილია ათობით სტატია საინტერესო მასალებით.

ტრენინგები - სატრენინგო მასალის დამუშავება ტრენერებისთვის დიდი გამოწვევაა, რადგან ინფორმაცია მუდმივად განახლებადია. ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია დაეხმაროს ტრენერს, შეარჩიოს სასაუბრო მასალა, დავალებები, რომლებსაც სტუდენტებს მისცემს, შესთავაზოს შეფასების კრიტერიუმები. ეს ძალიან კომპლექსური სამუშაოა, რომელიც AI-ს საშუალებით მნიშვნელოვნად მარტივდება.

სილაბუსები - ხელოვნური ინტელექტი აქტიურად არის ჩართული სილაბუსების შექმნაში. მაგალითად, BTU-ში ახალი კურსია მდგრადობის მოდული, რომელიც გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ოფისსა და სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ხორციელდება. სწორედ ამ კურსის სილაბუსის შემუშავებაში ადამიანური რესურსის პარალელურად ჩაერთო ხელოვნური ინტელექტი. ამ დროისთვის უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსებულია 5 საგნის სილაბუსი, რომელიც AI-მ შექმნა.

ცოდნის ბანკი - ეს გახლავთ BTU-ს უკვე არსებული პროდუქტი, რომელიც ათასობით მასალას აერთიანებს და სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომს ხდის. სიახლე გახლავთ ის, რომ უკვე არსებულ მასალებს სისტემატურად დაემატება ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული რესურსები.

წიგნები - ეს მიმართულება AI Book სერიების გამოცემას გულისხმობს. სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისა და ექსპერტების ჩართულობით, აგრეთვე მთარგმნელების, რედაქტორების, კორექტორთა ჯგუფის მუშაობის შედეგად გენერირებული AI წიგნების ქართულენოვანი ვერსიების დამუშავება და გამოცემა უკვე დაწყებულია. სერიის ფარგლებში მომზადებული პირველი წიგნია AI Marketing: The Future of Customer Engagement. ეს სტუდენტებს საშუალებას აძლევს უახლეს ლიტერატურაზე სწრაფად ჰქონდეთ წვდომა.

ამავე მიმართულების ფარგლებში „პალიტრა ჰოლდინგთან“ თანამშრომლობით გამოიცემა AI წიგნების ბეჭდური ვერსიებიც. სერიის პირველი წიგნი გახლავთ თანამშრომლების მოტივაციის თემაზე.

ეს გახლავთ ჩამონათვალი იმ პროექტებისა, რომლებიც BTU AI-ს ფარგლებში უკვე ხორციელდება. გარდა აღნიშნულისა დაგეგმილია: იდეათონები, ჰაკათონები, მულტიმედია მასალების შექმნა, ადმინისტრაციულ პროცესებში ხელოვნური ინტელექტის ჩართვა, სტუდენტური სერვისების ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შეთავაზება და სხვა აქტივობები.

აღსანიშნავია, რომ BTU AI კონცეფციის გარშემო შექმნილი ციფრული პროდუქტები და საგანმანათლებლო თუ კვლევითი მასალა, მრავალფეროვან სექტორებს ფარავს, ესენია: ინოვაციები და ტექნოლოგიები, მეწარმეობა და ბიზნესის მართვა, საჯარო და ციფრული მმართველობა, სამართალი, სოფლის მეურნეობა, მდგრადი განვითარება, კლიმატის ცვლილებები, მარკეტინგი და კრეატიული ინდუსტრიები და სხვა.

BTU AI კონცეფციის პრეზენტაციაზე აგრეთვე გაიმართა გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შეიქმნა.