ავტორი:

"დიდი საკადრო წმენდა" წულუკიანის უწყებაში - სამსახურიდან "ჩამოლაბორანტებული" მუზეუმის ყოფილი მმართველის საქმე და წაგებული სასამართლო პროცესები

"დიდი საკადრო წმენდა" წულუკიანის უწყებაში - სამსახურიდან "ჩამოლაბორანტებული" მუზეუმის ყოფილი მმართველის საქმე და წაგებული სასამართლო პროცესები

თეა წულუკიანის კულტურის მინისტრის პოსტზე დანიშვნიდან დღემდე, მისი უშუალო ბრძანებით, სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურიდან სულ 100-მდე თანამშრომელი გათავისუფლდა. მათ შორის არიან: კურატორები, მკვლევარები, მენეჯერები - მრავალწლიანი გამოცდილებისა და სამეცნიერო ხარისხის მქონე სპეციალისტები.

"დიდი საკადრო წმენდა“ წულუკიანმა რეორგანიზაციით ახსნა.

სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლების დიდმა ნაწილმა სასამართლოს მიმართა.

მათ ინტერესებს ოთხი ორგანიზაცია - "სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, სოლიდარობის ქსელი“, საია და "სამართლიანი არჩევნები“ იცავს.

რამდენიმე თანამშრომელმა გამარჯვება პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებში უკვე მოიპოვა, თუმცა წინ არის უზენაესი სასამართლოც.

მაგალითად, დინარა ვაჩნაძემ როგორც საქალაქო, ისე სააპელაციო სასამართლოში დაამტკიცა, რომ მისი გათავისუფლება უკანონო იყო და თუ უზენაესი სასამართლოც იმავეს გადაწყვეტს, სახელმწიფოს მისთვის განაცდურისა და კომპენსაციის გადახდა მოუწევს.

დინარა ვაჩნაძე
დინარა ვაჩნაძე

გადასახდელი თანხა სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დაწყებამდე ყოველთვიურად იზრდება. ასე რომ, რთული სათქმელია, რა თანხის გაღება მოუწევს სახელმწიფო ბიუჯეტს თეა წულუკიანის გადაწყვეტილების საკომპენსაციოდ.

  • როგორ ჩამოალაბორანტეს ხელოვნების მუზეუმისა და ეროვნული გალერეის მმართველი?

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი ეკა კიკნაძე დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეისა და შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის მმართველის თანამდებობას 2016-2021 წლებში იკავებდა.

ის არის არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო, საგანმანათლებლო და საგამოფენო პროექტის ავტორი და მონაწილე, მისი მმართველობის პერიოდში არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა.

წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნიდან მალევე ეკა კიკნაძე ჩამოალაბორანტეს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ანუ მმართველის პოზიციიდან ლაბორანტად გადაიყვანეს.

ეკა კიკნაძე ამბობს, რომ, როგორც ჩანს, წულუკიანის მიერ ხელოვნების მუზეუმის დირექტორად დანიშნულ ნიკა ახლაბედაშვილს გურამ დოჩანაშვილის შედევრი წაკითხული არ ჰქონდა და მინისტრის მითითება მისი ჩამოლაბორანტების თაობაზე, პირდაპირი მნიშვნელობით გაიგო.

ეკა კიკნაძე
ეკა კიკნაძე

"წულუკიანის მოსვლის დღიდან ისე წარიმართა მოვლენები, თითქოს მე არ ვარსებობდი, ვითომ მოვკვდი, არაფერი მეკითხებოდა... ჩემი კურატორობით მიმდინარე გამოფენის დახურვისა და ჩამოხსნის ბრძანებაშიც კი არ ვიყავი მითითებული.

ასე გავიდა 2-3 თვე, ავიღე შვებულება და ამ დროს შემატყობინეს, რომ ნიკა ახალბედაშვილმა შეკრიბა თანამშრომლები და გამოუცხადა, რომ ხელოვნების მუზეუმის შენობა ავარიულია, სახელმწიფოს მისი რეაბილიტაციის საშუალება არ აქვს და უნდა გადავსულიყავით სხვა შენობაში. ეს იყო ჩემთვის წითელი ხაზი, ამით დამტკიცდა, რომ მუზეუმის შენობასთან დაკავშირებით მართლაც არსებობდა კერძო პირების ინტერესები. ცხადია, გამოვთქვი შეშფოთება, რასაც კიდევ უფრო დიდი "სიურპრიზი“ მოჰყვა - შვებულებიდან დაბრუნებულს დამხვდა წულუკიანის ბრძნება, 5 ივლისით დათარიღებული. რომლის მიხედვითაც, 2021 წლის სექტემბერში უნდა დაწყებულყო სამუზეუმო კოლექციების ევაკუაცია. საერთოდ, ეს არის ურთულესი პროცესი, რომელსაც დიდი პროფესიული რესურსი სჭირდება. მივწერე ოფიციალური წერილი ნიკა ახლაბედაშვილს და ვთხოვე, გაეცნო ჩემთვის კოლექციების ევაკუაციის სქემა. წერილზე პასუხად ერთი კვირის თავზე, მივიღე ბრძნება, ჩემი მმართველის პოზიციიდან ლაბორანტად გადაყვანის თაობაზე,“ - იხსენებს AMBEBI.GE-სთან ეკა კიკნაძე.

ლაბორანტად გადაყვანიდან რამდენიმე თვეში ეკა კიკნაძე სამსახურიდან საერთოდ გაათავისუფლეს.

გათავისუფლებიდან რამდენიმე დღეში, კიკნაძის გუნდმა მიიღო შეტყობინება, რომ გაიმარჯვეს რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების კონკურსში და სამწლიანი გრანტი მოიგეს, თუმცა მინისტრის ძალისხმევით, პროექტი გაუქმდა.

"წულუკიანმა მეორე დღესვე შეიტანა ცვლილება ეროვნული მუზეუმის დებულებაში, რომლის მიხედვითაც შეზღუდა სამუზეუმო კოლექციებთან მეცნიერების დაშვების წესი და შეიმუშავა ახალი წესი დონორ ორგანიზაციებთან მუზეუმის ურთიერთობის შესახებ. შექმნა ახალი სამეცნიერო საბჭო და ამ საბჭომ მიიღო ჩვენი პროექტის შეჩერების გადაწყვეტილება. ამით კულტურულმა მემკვიდრეობამ დაკარგა 100 000 ლარზე მეტი თანხა.

მივმართეთ სახალხო დამცველს, ომბუდსმენმა ჩაატარა გამოძიება და მისი დასკვნით დასტურდება დისკრიმინაცია, ეს იყო პიროვნული ანგარიშსწორება ჩვენზე“, - გვეუბნება ეკა კიკნაძე.

მისი თმით, წულუკიანმა ხელოვნების მუზეუმიდან დასაქმებული სამეცნიერო ხარისხის მქონე კადრების 80% გაათავისუფლა.

  • რა მიზანს ემსახურება წულუკიანის მიერ დაწყებული დიდი რეორგანიზაცია, რომელსაც "ბოლშევიკურ წმენდად“ მოიხსენიებენ?

სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ წულუკიანის მიზანია სამინისტროს დაცლა კრიტიკულად მოაზროვნე ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებისგან და ერთადერთი, რაც ე.წ. რეორგანიზაციისას ფასდება, არის ლოიალურობა და მონური მორჩილება ახალი ადმინისტრაციის მიმართ.

"გათავისუფლებულ კადრთა აბსოლუტური უმრავლესობა არიან ის ადამიანები, რომლებმაც ამა თუ იმ ფორმით გააპროტესტეს ხელისუფლების ქმედებები, იყვნენ საპროტესტო აქციებზე, ხელი მოაწერეს პეტიციებს ან გამოხატეს წინააღმდეგობა სამინისტროში მიმდინარე გარკვეული პროცესების წინააღმდეგ“, - ამბობს ეკა კიკნაძე.

საპროტესტო აქცია ეროვნულ მუზეუმთან გასული წლის მაისში
საპროტესტო აქცია ეროვნულ მუზეუმთან გასული წლის მაისში

როგორც ის ამბობს, წულუკიანს სურს, მისი მაამებელი ახალი კულტურული ფენის შექმნა, რომელიც მხოლოდ მისთვის მისაღები ადამიანებით დაკომპლექტდება და ეს მისაღებობა მხოლოდ მორჩილებაში გამოიხატება.

"წულუკიანმა ეროვნული მუზეუმის გუნდი მიწასთან გაასწორა და მოშალა სტრუქტურა, რომელსაც დღეს მართავენ: სამართალმცოდნე ნიკა ახალბედაშვილი, იურისტი ნინო ჭიპაშვილი, რომელიც ადრე პენიტენციურ სამსახურში მუშაობდა და ასევე სპორტსმენი ნინო სალუქვაძე.

შედეგად, დღეს ჩვენ გვაქვს ასეთი მოცემულობა: უზარმაზარი პროფესიონალი საკადრო რესურსისგან დაცლილი ეროვნული მუზეუმი, ერთ დროს წარმატებული ორგანიზაცია, ხელოვნების მუზეუმის დაკონსერვებული რეაბილიტაცია, შენობის გაურკვეველი ბედი, კოლექციების ბუნდოვანი მომავალი და ნული რესურსი იმისთვის, რომ შეიქმნას მომავალი მუზეუმის ახალი კონცეფცია.

წულუკიანის მიზანი კულტურის მინისტრის პოსტზე მოსვლის დღიდან ეროვნული მუზეუმის განადგურება იყო, რადგან იგი წინააღმდეგია პროგრესის, ნაფტალინიზაციის მომხრეა. მისი მართვის და ხედვის მოდელი არის პენიტენციური სამსახური და განსხვავებული აზრის დევნა. ეს მისი ნატურისთვის დამახასიათებელია, რითაც ძალიან ჰგავს საბჭოთა კულტურის მინისტრებს.

თუ კარგად დავაკვირდებით ამ პროცესებს, ეს ძალიან ლოგიკურად ეწერება საერთო სურათში, იმ მოვლენებში, რაც ხდება მთელს ქვეყანაში. ეს არის მოდერნიზაციის შეჩერება, დასავლეთისკენ სვლის შეფერხება და საქართველოს დაბრუნება საბჭოთა კავშირში, უფრო სწორად, პუტინის რუსეთში,“ - ამბობს ეკა კიკნაძე.

ეკა კიკნაძის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს, პირველი სხდომა ოქტომბერში ჩატარდა, ხოლო მეორე - 22 მარტსაა ჩანიშნული.

  • როგორ ხდება, რომ წულუკიანი სასამართლო დავებს ერთმანეთის მიყოლებით აგებს?

სოციალური სამართლიანობის ცენტრი წულუკიანის მიერ გათავისუფლებული სულ 9 ადამიანის ინტერესებს იცავს (მათ შორის არიან ეროვნული მუზეუმის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები), თუმცა მოსარჩელეებს სამსახურში აღდგენის მოთხოვნა არ აქვთ - მათ აღარ სურთ ძველ ადგილას დაბრუნება.

ამ საქმეებიდან სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ყველა საქმე მოიგო, რომელსაც განაჩენის გამოცხადება მოუწია - ორი საქმე სააპელაციოში, ერთი კი საქალაქო სასამართლოში. დანარჩენზე სხდომები ან ჩანიშნულია, ან ამ დრომდე მიმდინარეობს.

ცენტრის სოციალური პოლიტიკის პროგრამების ხელმძღვანელი სალომე შუბლაძე ამბობს, რომ დოკუმენტებში იმდენად ნათლად იკითხება სამსახურიდან თანამშრომელთა გათავისუფლების უკანონობა, რომ ძნელია სხვაგვარი განაჩენი დადგეს.

სამსახურიდან კადრის გაშვების პროცესის კანონიერ ჩარჩოებში მოსაქცევად სამინისტროს ასეთი სქემა აქვს:

ინიშნება კომისია, რომელიც პასუხისმგებელია ოთხკომპონენტიან გამოცდაზე, რაც მოიცავს სამ წერით გამოცდას (ქართული ენა, უნარები, უცხო ენა) და ბოლოს გასაუბრებას. გათავისუფლებულ თანამშრომელთა დიდი ნაწილი საბოლოო ეტაპზე, გასაუბრებაზე "ჩაიჭრა“. მიუხედავად იმისა, რომ დასაქმებულებმა სხვა ეტაპებზე უმაღლესი შეფასება დაიმსახურეს, ისინი სამსახურიდან მაინც გაუშვეს.

სალომე შუბლაძე
სალომე შუბლაძე

"იმას, რომ გათავისუფლებული კადრები სასამართლო დავებს იგებენ, გააჩნია რამდენიმე ფაქტორი:

  • ეს არის შრომითი დავა და ჩვენს სასამართლოს აქვს კარგი პრაქტიკა შრომის დავებზე, როგორც წესი, დასაქმებულის სასარგებლოდ იღებს გადაწყვეტილებას და ჩვენი კანონმდებლობაც ისეთია, რომ მტკიცების ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს;
  • ძალიან რთულია ამ საქმეებში საპირისპირო გადაწყვეტილება იქნეს მიღებული, ვინაიდან მტკიცებულებებში ნათლად ჩანს, რომ რეორგანიზაციის ჩატარება ემსახურებოდა არასასურველი კადრების მოშორების მიზანს.

ეს მტკიცდება შემდეგნაირად: მუშაობის მრავალწლიანი პრაქტიკის განმავლობაში, მათ არასოდეს მიუღიათ შენიშვნა, გაფრთხილება ან საყვედური. თუ თანამშრომელი არაკომპეტენტურია, მაშინ დამსაქმებელი ვალდებულია, რომ მანამდე გააფრთხილოს თანამშრომელი, გათავისუფლება არის უკიდურესი ზომა.

მაგალითისთვის გეტყვით, ერთ-ერთმა გათავისუფლებულმა პირმა გვითხრა, რომ გასაუბრებაზე დაუსვეს არა კომპეტენციის დამადასტურებელი კითხვები, არამედ მაგალითად, ასეთი - როგორ მოგწონთ ახალი ადმინისტრაცია? კითხვები ემსახურებოდა იმის გამორკვევას, როგორი იყო ამ ადამიანების პოლიტიკური შეხედულებები. ეს დადასტურდა შესაბამისი ოქმებით.

გასაუბრებამდე არ არსებობდა რაიმე წინასწარ შემუშავებული მექანიზმი, რომელიც განსაზღვრავდა, რას ითხოვდა სამინისტრო თანამშრომლებისგან და რა ვერ დააკმაყოფილეს მათ," - გვეუბნება სალომე შუბლაძე.

მისი თქმით, მაშინ როდესაც კულტურის სამინისტრო მიყოლებით აგებს სასამართლოში საქმეებს და მტკიცდება, რომ სამინისტრომ უკანონო გადაწყვეტილებები მიიღო, აუცილებელია დადგეს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი.

"როდესაც სასამართლო ამბობს, რომ ეს გათავისუფლებები იყო უკანონო, რატომ არ დგება იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც ეს უკანონობა ჩაიდინეს და ზიანი მიაყენეს როგორც კონკრეტულ ადამიანებს, ისე სახელმწიფო ბიუჯეტს. სამწუხაროდ, არ არსებობს სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც პასუხისმგებლობის საკითხს განსაზღვრავდა, თუმცა ყველა ნორმალურ ქვეყანაში დადგებოდა მინისტრის პოზიციაზე ყოფნის მიზანშეწონილობის საკითხი და მინისტრს საზოგადოების წინაშე თავის მართლება მოუწევდა".

  • AMBEBI.GE - მ კითხვებით მიმართა კულტურის სამინისტროს. უწყებაში ზუსტად ვერ გვეუბნებიან, როდის შეძლებენ პასუხის გაცემას. პასუხების მიღებისთანავე, მასალა განახლდება.