ავტორი:

აქცია, ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტის შენობის შიგნით და გარეთ - რა ხდება ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოში? (live)

აქცია, ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტის შენობის შიგნით და გარეთ - რა ხდება ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოში? (live)

"არა, რუსულ კანონს“, "რუსული კანონი გვაკარგვინებს ევროპას“, "რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი“ - ამ სლოგანით საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან მესამე სექტორის წარმომადგენლები აქციას მართავენ, რითაც აპროტესტებენ "ხალხის ძალის“ მიერ პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტებს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ.

მათი თქმით, ევროპული განვითარება ქართველი ხალხის წინაპრების არჩევანია და რუსული კანონი არ არის ქართველი ხალხის არჩევანი. აქციის მონაწილეების განცხადებით, პარლამენტის თითოეული წევრი, ვინც მხარს დაუჭერს რუსულ კანონს, საქართველოს ევროპული პერსპექტივის მოსპობაზე პირადად იქნება პასუხისმგებელი. მესამე სექტორის განმარტებით, ქართველ ხალხს კონსტიტუციით აქვს დაფიქსირებული, რომ ირჩევს ევროპას და უსაფრთხოებას.

"იმ ადამიანებთან, რომლებიც აპირებენ მხარი დაუჭირონ ამ კანონს, სალაპარაკო აღარაფერი მაქვს და არ ვიცი, რა უნდა ვუთხრა მათ. ერთადერთი შემიძლია მივმართო საზოგადოებას და ვუთხრა, ის, რომ ეს არის ცალსახად რუსული კანონი. ეს კანონი არის ზუსტად რუსული კანონის ანალოგი, ეს არის კანონი, რომელიც გვაშორებს ევროპასთან და ეს არის კანონი, რომელიც კლავს ჩვენს ევროპულ მომავალს და ევროინტეგრაციას. აქედან გამომდინარე, ეს არის კანონი, რომელიც ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ გააკრიტიკა და პირდაპირ გვითხრეს, რომ გვაშორებს ევროპას. აქ, იმისათვის ვარ მოსული, რომ ჩემი, ჩემი ქვეყნის და მეგობრების ევროპული მომავალი დავიცვა“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, იურისტმა ნიკა სიმონიშვილმა.

ხმაური და არეულობაა პარლამენტშიც, სადაც საქმე ფიზიკური შეხლა-შემოხლამდეც მივიდა.

ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც აღნიშნული კანონპროექტების განხილვა უნდა დაიწყოს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებს არ უშვებენ. პარლამენტში მისული მოქალაქეები საკომიტეტო სხდომათა დარბაზში შესვლას ითხოვენ და ფიზიკური დაპირისპირება სწორედ ამას მოჰყვა. მათ სცადეს, რომ მანდატურის სამსახურის კორდონი ძალის გამოყენებით გაერღვიათ.

აღსანიშნავია, რომ ორი კომიტეტის გაერთიანებული სხდომა თავდაპირველად პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზში იყო დანიშნული, თუმცა საკომიტეტო მოსმენის ადგილი შეიცვალა. ახლა სხდომა ჟიული შარტავას დარბაზში უნდა ჩატარდეს, რომელიც უფრო პატარა ზომისაა და გაცილებით ნაკლები ადამიანი ეტევა, ვიდრე პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზში