ავტორი:

"ჟიული შარტავას ნამდვილად არ მოეწონებოდა ის, რაც ამ დარბაზში ხდება" - გურამ მაჭარაშვილი

"ჟიული შარტავას ნამდვილად არ მოეწონებოდა ის, რაც ამ დარბაზში ხდება" - გურამ მაჭარაშვილი

შემიძლია ვთქვა, რომ ჟიული შარტავას ნამდვილად არ მოეწონებოდა ის, რაც ამ დარბაზში ხდება, - ასე შეაფასა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ის ხმაური და პროტესტი, რომელიც პარლამენტში, ჟიული შარტავას სახელობის სხდომათა დარბაზში ხდებოდა.

აღნიშნულ სხდომათა დარბაზში გაერთიანებული კომიტეტების სხდომა მიმდინარეობს, სადაც განიხილავენ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ. ოპოზიცია და მესამე სექტორი ამ სხდომის დაწყებისა და საერთოდ ამ კანონპროექტის განხილვის წინააღმდეგი იყო, რასაც რამდენჯერმე მოჰყვა მათსა და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის დაპირისპირება. სწორედ ამ დროს პარლამენტის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა რამდენიმე დეპუტატი სხდომათა დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს, რა დროსაც აყირავდა სკამები და მაგიდები. მიუხედავად დაპირისპირებისა, „ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა მაინც დაიწყო.

"ხალხის ძალის“ წარმომადგენლები, რომლებმაც დაარეგისტრირეს აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტში, ირწმუნებიან, რომ კანონპროექტი ამერიკულია და არა, რუსული.

სხდომაზე მათ გამოეხმაურა ერთ-ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია. მისი თქმით, ამ კანონპროექტის მიღებით მმართველი პარტია საქართველოს ევროპულ მომავალს ეწინააღმდეგება. ამასთან მან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკოლოზ სამხარაძეს შეახსენა ის წერილი, რომელიც სამხარაძეს მისსავე სტუდენტებმა მისწერეს. სტუდენტები თხოვნით მიმართავენ სამხარაძეს, დაარწმუნოს მისი კოლეგები იმაში, რომ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ არ მიიღონ.

„რუსეთი აგრძელებს ოკუპაციას და რას აკეთებთ თქვენ ამ დროს, აკეთებთ იმას, რომ ფიანდაზებით დახვდეთ“, - მიმართა აქუბარდიამ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს და აღნიშნა, რომ მმართველი პარტია რუსეთის სასარგებლო საქმეს აკეთებს.

აქუბარდიას გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი წევრი, ირაკლი-დაჩი ბერაია და აღნიშნა, რომ მათ მიერ ინფიცირებული კანონპროექტი სინამდვილეში არის ამერიკული და არა რუსული, რაზეც თეონა აქუბარდიამ მას უპასუხა: „გაჩერდი ერთი, რა, წიგნი არ წაგიკითხავს ცხოვრებაში“, - აღნიშნა აქუბარდიამ.

თავის მხრივ, დაჩი ბერაია ამტკიცებდა იმას, რომ „ეს კანონი არ ეხება ჯაშუშებს“.

საქართველოს პარლამენტში, სადაც უნდა განეხილათ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ ხმაური და დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება. აღნიშნული კანონპროექტი გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ჟიული შარტავას სახელობის სხდომათა დარბაზში უნდა განეხილათ. კანონპროექტის განხილვის და საერთოდ სხდომის ჩატარების წინააღმდეგ არიან ოპოზიციის წარმომადგენლები. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას, რა დროსაც პარლამენტის უსაფრთხოების სამსახურმა ძალის გამოყენებით დარბაზიდან გაიყვანა ოპოზიციის დეპუტატები: დავით კირკიტაძე, დავით ხაჯიშვილი, ნიკოლოზ მაჭუტაძე, ლევან ხაბეიშვილი.

ამ ფონზე ჟიული შარტავას სახელობის სხდომათა დარბაზში აყირავებულია სკამები და მაგიდები, გრძელდება შეძახილები „არა, რუსულ კანონს“. ხმაურის და დაპირისპირების გამო ამ დრომდე არ დაწყებულა სხდომა, დარბაზში შესვლის უფლებას არ აძლევენ მედიას და მესამე სექტორის წარმომადგენლებს.

პარალელურად პარლამენტის ფოიეში პროტეტს გამოხატავენ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელებსაც „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღება შეეხებათ. ისინი აღნიშნულ კანონპროექტს რუსული კანონის ანალოგს უწოდებენ.