ავტორი:

შვილის ტელეფონში ნაპოვნი მთავარი სამხილი და უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული კაროლინელი ადვოკატის საქმე - რა გახდა ცოლ-შვილის მკვლელობის მიზეზი?

შვილის ტელეფონში ნაპოვნი მთავარი სამხილი და უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული კაროლინელი ადვოკატის საქმე - რა გახდა ცოლ-შვილის მკვლელობის მიზეზი?

სამხრეთ კაროლინელი ადვოკატი, 54 წლის ალექს მერდოუ თავისი მეუღლისა და შვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. 2021 წლის 7 ივნისს, 52 წლის მეგი და 22 წლის პოლ მერდოუ ოჯახის საკუთრებაში არსებულ აილენდტონის სახლში გარდაცვლილები იპოვეს.

დედა-შვილის მკვლელობის გახმაურებულ საქმეზე სასამართლომ 75-ზე მეტი მოწმის ჩვენება მოისმინა. ნაფიცი მსაჯულები განაჩენის გამოტანამდე 3 საათი მსჯელობდნენ.

ალექს მერდოუმ აღიარა, რომ ცოლ-შვილის მკვლელობამდე ის დღეში oxycodone-ის 60-მდე აბს იღებდა, რომელიც ოპიოიდების წამლის ჯგუფს მიეკუთვნება. სასამართლო პროცესის დროს ერთ-ერთი გადამწყვეტი სამხილი მერდოუს ვაჟის მობილური ტელეფონით გადაღებული ვიდეო აღმოჩნდა, რომელიც პოლმა თავის მეგობრებს მკვლელობის ღამეს გადაუგზავნა.

ვიდეოში პოლის, მეგისა და ალექს მერდოუს ხმები ისმის და სახლთან ახლოსაა გადაღებული. მერდოუმ თავდაპირველად უარყო მკვლელობის დღეს სახლში ყოფნა, მაგრამ თავის დასაცავად მიცემულ საბოლოო ჩვენებაში გამოტყდა.

”ნაფიცი მსაჯულები უკვე დიდი ხანია, რაც სამხილებს განიხილავენ და დანაშაულის მტკიცებულებები აბსოლუტურია”, - განაცხადა მოსამართლემ.

მიუხედავად ყველაფრისა, მერდოუ ცოლ-შვილის მკვლელობას მაინც უარყოფდა: "განზრახ ვერცერთ მათგანს ვავნებდი. ვერასდროს." სახლში ყოფნაზე ტყუილის თქმის მიზეზად მან პარანოია დაასახელა, რომელიც მისი ნარკომანიით იყო გამოწვეული.

პროკურორების მტკიცებით, მეგი და პოლ მერდოუს მკვლელობის მიზეზი ფინანსური დანაშაულებისგან სამართალდამცველების ყურადღების გადატანა და საზოგადოებისგან სიმპათიის მოპოვება უნდა ყოფილიყო. მეგი მერდოუს ცეცხლსასროლი იარაღით 4-5-ჯერ ესროლეს, 22 წლის პოლს კი 2-ჯერ. მკვლელობის იარაღი ჯერ კიდევ არაა ნაპოვნი.

მერდოუს საკუთარი სიკვდილის დადგმაც კი უცდია, რათა სადაზღვევო კომპანიისგან დაწესებული ანაზღაურება მიეღო.

ალექს მერდოუს ახლა 100-მდე სხვადასხვა ბრალი ედება, უმეტესად ფინანსური დანაშაულების. მათ შორისაა თაღლითობის, ფულის გათეთრებისა და გადასახადებისგან თავის არიდების დანაშაულები. მას 8 მილიონ დოლარზე მეტის მოპარვა ედება ბრალად. მერდოუმ სიცოცხლის დაზღვევის სქემის განსახორციელებლად ადამიანის დაქირავება სცადა, რომელიც მას ცეცხლსასროლი იარაღით ესროდა. შედეგად, ის 10 მილიონი დოლარის ოდენობის თანხას მიიღებდა. ამ და სხვა ბრალდებების გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება.

წყარო: cbsnews

მოამზადა: ანა სიბოშვილმა