ავტორი:

"დაკავებულები გუშინ იზოლატორთან მიიყვანეს, თუმცა დაწესებულებაში არ შეიყვანეს და ღამე მანქანაში გაატარებინეს, ეს შეიძლება შევადაროთ არაადამიანურ მოპყრობას" - ადვოკატი

"დაკავებულები გუშინ იზოლატორთან მიიყვანეს, თუმცა დაწესებულებაში არ შეიყვანეს და ღამე მანქანაში გაატარებინეს, ეს შეიძლება შევადაროთ არაადამიანურ მოპყრობას" - ადვოკატი

აქციაზე დაკავებულების ნაწილის უფლებადამცველის ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, დაკავებულები გუშინ იზოლატორთან მიიყვანეს, თუმცა დაწესებულებაში არ შეიყვანეს და ღამე მანქანაში გაატარებინეს.

როგორც ტყეშელაძემ იზოლატორში შესვლამდე განაცხადა, აქციაზე გადაღებული კადრებიდან ჩანს, რომ "სამართალდამცველები ბრუტალური მეთოდებით იქცეოდნენ“ და მათ კანონი დაარღვიეს.

"გუშინ მე ვნახე ჟურნალისტების მიერ გადაღებული კადრები, რომლებზეც კარგად ჩანს, რომ სამართალდამცველები ძალიან ბრუტალური მეთოდებით იქცეოდნენ. მათ კანონი დაარღვიეს - სტუდენტებს აკავებდნენ, რომლებიც კონსტიტუციის ფარგლებში ჯდებოდნენ. ერთ-ერთი ადამიანი დააკავეს სიტყვა ,,მონა ლიზას“ გამო. ადამიანს რომ ამ სიტყვის თქმის გამო დააკავებ, ე.ი. ის პოლიციელი ყველანაირად გასულია კანონის ფარგლებიდან. სასამართლომ ეს ყველაფერი უნდა შეაფასოს და ეს ადამიანები რაც შეიძლება მალე გამოუშვას. შინაგან საქმეთა სამინისტროს ახლავე შეუძლია, რომ სასამართლოში მოთხოვნა გააგზავნოს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამ საქმეს გაწელავენ, ეს არის ერთ-ერთი დამსჯელობითი მეთოდი სამოქალაქო აქტივისტებისთვის, წელავენ დროს, იზოლატორში ამყოფებენ. მინდა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ვთქვა იზოლატორთან დაკავშირებით - ეს ადამიანები დაწესებულებაში არ შეიყვანეს, ეს შეიძლება შევადაროთ არაადამიანურ მოპყრობას. 12 საათის განმავლობაში ღამით მანქანაში გაატარებინეს დრო, რაც შეგვიძლია შევადაროთ წამებას და არაადამიანურ მოპყრობას“,- განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტთან, ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტების წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების საფუძველზე 36 პირი დააკავეს. მოგვიანებით 7 პირი გათავისუფლდა, შესაბამისად, ამ დრომდე ადმინისტრაციულ პატიმრობაში 29 ადამიანი რჩება. დაკავებულების მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო იმსჯელებს.