ავტორი:

რუსთაველის თეატრში უარყოფენ ინფორმაციას, რომ რობერტ სტურუამ ე.წ. უცხოელი აგენტების კანონის წინააღმდეგ შედგენილ პეტიციას ხელი მოაწერა

რუსთაველის თეატრში უარყოფენ ინფორმაციას, რომ რობერტ სტურუამ ე.წ. უცხოელი აგენტების კანონის წინააღმდეგ შედგენილ პეტიციას ხელი მოაწერა

გავრცელებული ინფორმაცია, რომ რობერტ სტურუამ ე.წ. უცხოელი აგენტების კანონის წინააღმდეგ შედგენილ პეტიციას ხელი მოაწერა, ტყუილია. ამის შესახებ AMBEBI.GE-ს თეატრის დირექტორმა გია თევზაძემ განუცხადა.

"ბატონ რობერტს არ მოუწერია ხელი არაფერზე, თავადაც უარყოფს ამ ინფორმაციას" - გვითხრა თევზაძემ.

ცნობისთვის, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული ე.წ. უცხოელი აგენტების კანონის წინააღმდეგ გამოდიან სათეატრო სფეროს წარმომადგენლებიც, რომლებმაც გუშინ საღამოს პეტიცია შეადგინეს. ხელოვანები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული კანონპროექტი ინიციატორებმა სასწრაფოდ უნდა გაიწვიონ.

კინომცოდნე თეო ხატიაშვილმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ხელმომწერებს შორის არის რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუაც: "აგენტების კანონპროქტის" საწინააღმდეგოდ თეატრალების მიმართვისთვის რობერტ სტურუასაც მოუწერია ხელი. მეორედ მოსვლაა, მგონი".

"სათეატრო სფეროს წარმომადგენლები ვეხმაურებით საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ „უცხოეთის გავლენის აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტს. მიგვაჩნია, რომ ამ კანონის არათუ მიღება, არამედ ინიცირებაც კი შეურაცხმყოფელია საქართველოს მოქალაქეებისათვის, ქართული კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლებისათვის.

თანამედროვე ქართული სათეატრო სცენა, მიუხედავად ბევრი პრობლემისა, ახერხებს შექმნას სხვადასხვა გავლენისგან თავისუფალი, მრავალფეროვანი სასცენო პროდუქცია, არაერთი მათგანი საერთაშორისო ორგანიზაციებთან კოლაბორაციის შედეგია. ინიცირებული კანონის მიღების და ამოქმედების შემთხვევაში, არ არსებობს არავითარი გარანტია, რომ დაცული იქნება ჩვენი შემოქმედებითი თავისუფლება, რადგან კანონპროექტში ჩვენი საქმიანობის პირობად დასახელებული „კეთილსინდისიერება“ მოიცავს უსასრულო ინტერპრეტაციისა და მანიპულაციის სივრცეს და გვტოვებს ტოტალიტარიზმის საფრთხის პირისპირ.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ წარმოვადგენთ სფეროს, რომელსაც ყველაზე მძიმედ შეეხო საბჭოთა რეპრესიები. სიცოცხლე მოუსპეს და საქმიანობას ჩამოაშორეს ქართული თეატრის არაერთი თვალსაჩინო მოღვაწე.

მძიმე ისტორიული გამოცდილება და საქართველოს კონსტიტუციით გამყარებული ევროპული ღირებულებებისკენ სწრაფვა გვავალდებულებს გამოვხატოთ ჩვენი ნეგატიური დამოკიდებულება აღნიშნული კანონპროექტის მიმართ და მოვუწოდოთ ინიციატორებს მისი გამოწვევისაკენ" - ნათქვამია მათ მიერ შედგენილ პეტიციაში.