ავტორი:

რაზე მიუთითებს სხეულის ზოგიერთ ნაწილში უფრო მეტი ცხიმის დაგროვება და რა დაავადებები შეიძლება განვითარდეს - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციები

რაზე მიუთითებს სხეულის ზოგიერთ ნაწილში უფრო მეტი ცხიმის დაგროვება და რა დაავადებები შეიძლება განვითარდეს - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციები

ჭარბი წონა, ზედმეტი ცხიმი ადამიანის ორგანიზმში სერიოზული გამოწვევაა. რა არის ზოგადად ცხიმი ორგანიზმში, რა წარმოქმნის მას და რას იწვევს - ამ საკითხითან დაკავშირებულ ექიმი-ენდოკრინოლოგი ნინო ხაბეიშვილი გვესაუბრება. ასევე განვიხილათ თემას, თუ რატომ ნაწილდება ცხიმი ადამიანის ორგანიზმში არათანაბრად და რაზე მიანიშნებს ეს.

"ცხიმი ორგანიზმში ცხიმოვანი ქსოვილის სახით არის წარმოდგენილი. იგი ლიპოპროტეინების სახით სისხლშიც ცირკულირებს. ცხიმოვანი ქსოვილი ასრულებს არაერთ მნიშვნელოვან ფუნქცია ორგანიზმში: წარმოადგენს ენერგიის წყაროს, იცავს უჯრედს და ორგანოებს დაზიანებისგან; მონაწილეობს თერმო-რეგულაციაში, ნახშირწყლების ცვლასა და სასქესო ჰორმონების სინთეზში.

რაც შეეხება იმას, თუ რა წარმოქმნის მას, მოკლედ რომ ავხსნათ: ჩვენს ორგანიზმში მოხვედრილი ნებისმიერი საკვები საბოლოოდ იშლება გლუკოზამდე, ჭარბი გლუკოზა ცხიმოვან ქსოვილში გარდაიქმნება ცხიმოვან მჟავებად ჰორმონ ინსულინის ზემოქმედებით, რაც ქმნის ცხიმოვან ქსოვილს. ზომიერი რაოდენობით ცხიმოვანი ქსოვილი ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის, მაშინ როდესაც მის ჭარბ რაოდენობას შეუძლია დიდი საფრთხე შეუქმნას ჩვენს ჯანმრთელობას“ - განმარტავს ნინო ხაბეიშვილი.

  • მკითხველი ალბათ იკითხავს, რა რაოდენობის ცხიმი მიიჩნევა ნორმად? ამაზე ექიმი გვპასუხობს:

"ორგანიზმში ცხიმის ნორმალური პროცენტული მაჩვენებელი მერყეობს დაახლოებით 10-დან 35%-მდე, ასაკის და სქესის გათვალისწინებით. ითვლება, რომ ქალის ორგანიზმისთვის დაახლოებით 9%-ით მეტი ცხიმოვანი ქსოვილია საჭირო იმავე ასაკის მამაკაცთან შედარებით, რომ მისმა რეპროდუქციულმა სისტემამ ნორმალურად იფუნქციონიროს“ - გვეუბნება ნინო ხაბეიშვილი.

მისივე თქმით, მამაკაცებში, სხვადასხვა მონაცემებით, ცხიმის ნორმალური პროცენტული შემცველობა საშუალოდ 10-დან 25%-მდე მერყეობს, ხოლო ქალებისთვის აღნიშნული მაჩვენებელი საშუალოდ 20-დან 35 %-მდე მერყეობს. ცხიმის პროცენტული მაჩვენებლის განსაზღვრა ორგანიზმში გარკვეულ სირთულეებს უკავშირდება და იშვიათად აქვს პრაქტიკული ღირებულება. მეთოდები, რომელთა საშუალებითაც ხდება მისი განსაზღვრა (მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, დექსა და ა.შ.) საკმაოდ ძვირადღირებული კვლევებია, რის გამოც ისინი იშვიათად გამოიყენება კლინიკურ პრაქტიკაში. საკმარისია მარტივი მეთოდებით გამოვთვალოთ სხეულის მასის ინდექსი და გავზომოთ მუცლის გარშემოწერილობა.

"მიღებული მონაცემები საკმარისია იმისთვის, რომ დასკვნა გამოვიტანოთ, რა სახის და ხარისხის სიმსუქნესთან გვაქვს საქმე. მუცლის გარშემოწერილობა იზომება მოდუნებულ მუცელზე, ჭიპის დონეზე. მამაკაცებისთვის ნორმად მიჩნეულია <102 სმ, ხოლო ქალებისთვის - <88სმ."

- რა იწვევს იმას, რომ ცხიმი სხეულში არათანაბრად ნაწილდება? ამ შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე?

- სიმსუქნის დროს სხეულის სხვადასხვა ნაწილში ცხიმის არათანაბარი გადანაწილების მიზეზი ძირითადად ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალური ძვრებია. იმის მიხედვით ცხიმი უმეტესად ნაწილდება მუცელზე, თუ ბარძაყის და თეძოს არეში, გამოყოფენ სიმსუქნის 2 ძირითად ტიპს: მამაკაცური (იგივე: ანდროიდული, ცენტრალური, ვისცერული, ვაშლისებრი) და ქალური (იგივე: გინოიდური, მსხლისებრი) ტიპის სიმსუქნე. ორივე სქესის ადამიანში ორივე ტიპის სიმსუქნე გვხვდება.

"მამაკაცური სიმსუქნის" დროს ცხიმოვანი ქსოვილი ჭარბად ვითარდება მუცლის არეში, ასევე გულ-მკერდის, კისრის და ზემო კიდურების არეშიც. აღნიშნული სიმსუქნის დროს კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის გარდა ჭარბად არის განვითარებული ვისცერული ცხიმი, ანუ ცხიმი, რომელიც შინაგან ორგანოებს გარს ეკვრის. აღნიშნული ცხიმი წარმოადგენს საფრთხეს ორგანიზმისთვის, ის არის პასუხისმგებელი ინსულინ-რეზისტენტობაზე, სისხლში იმატებს ქოლესტერინის დონე, ზიანდება სისხლძარღვის კედელი და იზრდება არტერიული ჰიპერტენზიის, შაქრიანი დიაბეტის, ინფარქტის, ინსულტის, ზოგიერთი სიმსივნის და უეცარი სიკვდილის ალბათობა.

ქალებში ანდროიდული სიმსუქნის დროს სისხლში მატულობს მამაკაცური ჰორმონის - ტესტოსტერონის კონცენტრაცია, ამიტომ ასეთ დროს გოგონებში ხშირად აღინიშნება ჭარბთმიანობა, აკნეს ტიპის გამონაყარი და მენსტრუალური ციკლის რეგულარობის დარღვევა. ანდროიდული სიმსუქნის დიაგნოსტირებისთვის მნიშვნელოვანია სხეულის მასის ინდექსის გამოთვლასთან ერთად, გავზომოთ მუცლის გარშემოწერილობა. "ქალური ტიპის სიმსუქნის" დროს ცხიმოვანი ქსოვილი უმეტესად გადანაწილებულია თეძოს და ბარძაყის მიდამოში, ქალებში აღნიშნული ტიპის სიმსუქნე ჯანმრთელობისთვის ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენს ანდროიდულ სიმსუქნესთან შედარებით. ამ შემთხვევაში ნაკლებია მეტაბოლური დარღვევების ალბათობა, თუმცა შესაძლოა განვითარდეს: ქვედა კიდურების ვენური უკმარისობა, სახსრების და ხერხემლის დაავადებები.

მამაკაცებში "ქალური ტიპის სიმსუქნის" დროს შესაძლოა, სისხლში ქალური ჰორმონის - ესტროგენის მაჩვენებელი იყოს მომატებული. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ ცხიმოვან ქსოვილში არსებული ფერმენტ არომატაზას მეშვეობით მამაკაცური ჰორმონი - ტესტოსტერონი გარდაიქმნება ესტროგენად.

თუ მამაკაცებში სიმსუქნის დროს ყურადღებას იქცევს სარძევე ჯირკვლების ზომაში მატება და თეთრი ფერის - რძისებრი გამონადენი მკერდიდან, აუცილებელია განვსაზღვროთ სისხლში ჰორმონი - პროლაქტინი. მამაკაცებში გინოიდური სიმსუქნის დროს მიმდინარე ჰორმონალური ძვრები შესაძლოა, უშვილობის და სქესობრივი დისფუნქციის მიზეზი გახდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია დროულად ჩატარდეს ჰორმონალური კვლევები, დადგინდეს მიზეზები და დაინიშნოს მკურნალობა.

- სხეულის რომელიმე ნაწილში (მუცელი, სახე, მკლავები) მეტად დაგროვებული ცხიმი რაზე მიანიშნებს?

- როგორც უკვე აღვნიშნეთ მუცელზე დაგროვილი ცხიმი ყველაზე მავნე ცხიმია და საჭიროებს დროული ზომების გატარებას მის მოსაცილებლად. მუცელზე დაგროვილი ცხიმი მიგვანიშნებს, რომ მომატებულია ცხიმი შინაგან ორგანოებს შორის და მათ ირგვლივ, ასევე იმაზე მიგვანიშნებს, რომ სისხლში მომატებულია „ცუდი“ ქოლესტერინის დონე, რაც აზიანებს სისხლძარღვის კედელს.

რაც შეეხება სახეს, თუ სახე მომრგვალებულია, რასაც მედიცინაში „მთვარისებრ სახეს“ უწოდებენ, ლოყებზე შეინიშნება სიწითლე და ამავდროულად მუცელზე შენიშნეთ მოვარდისფრო სტრიები, მნიშვნელოვანია ჩატარდეს გამოკვლევები კუშინგის დაავადების გამოსარიცხად, რომლის დროსაც სისხლში თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონის - კორტიზოლის კონცენტრაცია იმატებს.

რაც შეეხება მკლავებს, მკლავებზე ცხიმოვანი ქსოვილის მატება განსაკუთრებულ ჰორმონალურ დარღვევაზე არ მიგვანიშნებს, ის შეიძლება ახლდეს ცენტრალურ (ანუ ანდროიდულ) სიმსუქნეს.

- ცხიმის არათანაბრად გადანაწილებას ადამიანის სხეულის აღნაგობაც ხომ არ განსაზღვრავს?

- სხეულის აღნაგობას, ანუ მემკვიდრეობით მიღებულ "ფორმებს“ მნიშვნელობა აქვს ქალებში გინოიდური სიმსუქნის დროს, როდესაც ცხიმოვანი ქსოვილი ნაწილდება უმეტესად თეძოს და ბარძაყის მიდამოში. რაც შეეხება ანდროიდულ სიმსუქნეს, რომლის დროსაც თვალსაჩინოა მუცლის გარშემოწერილობის ზრდა, უმეტესად მნიშვნელოვანია კვებითი ჩვევა, უმოძრაო ცხოვრების წესი და ჰორმონალური დარღვევები.

- არის შემთხვევები - დიეტის შემდეგ უმეტესად ბარძაყების არეში სხეულის მასის განსაკუთრებული კლება არ შეინიშნება, ასევე მუცლის არეშიც... რა ახსნა აქვს ამას?

- დიეტის დროს ბარძაყის არეში კლება შედარებით გართულებულია, ვინაიდან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სიმსუქნე არ არის ასოცირებული ინსულინრეზისტენტობასთან, ასეთ დროს მნიშვნელოვანია სწორი ვარჯიში. რაც შეეხება მუცლის არეს, მუცლის არეში წონის კლება სწორი დანიშნულების და ცხოვრების წესის ცვლილების შემდეგ გაცილებით ეფექტურია. რთულდება იმ შემთხვევებში, როდესაც გართულებულია დანიშნულების შესრულება.

- გენეტიკა არის თუ არა ამ პროცესებში ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი?

- იშვიათია სიმსუქნის მონოგენური ფორმები, ანუ ძალიან იშვიათ შემთხვევაში არის სიმსუქნე მხოლოდ გენეტიკასთან კავშირში. სიმსუქნე მულტიფაქტორული დაავადებაა, სადაც მემკვიდრულ ფაქტორთან ერთან მნიშვნელოვანია გარემო ფაქტორები. ხშირად კვებითი ჩვევა გადადის შთამომავლობაზე, რაც ბავშვობიდანვე განაპირობებს სიმსუქნის ჩამოყალიბებას.

- დაავადებების კუთხით რა რისკები არსებობს, თითოეული ცხიმგროვა - ასე რომ ვთქვათ - რაზე მიანიშნებს? რა რისკები არსებობს დაავადებების განვითარების კუთხით?

- მუცლის არეში დაგროვებული ცხიმი ზრდის ისეთი დაავადებების განვითარების რისკებს როგორებიცაა: შაქრიანი დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ზოგიერთი სიმსივნე, ალცჰაიმერი დაავადება; ქალებში იზრდება ჭარბთმიანობის, მენსტრუალური ციკლის რეგულარობის დარღვევის, უშვილობის რისკი.

ქალებში ბარძაყები და თეძოების არეში დაგროვებული ცხიმის დროს ვარიკოზული ვენური დაავადების, სახსრების დაავადების, ხერხემლის დაავადებების განვითარების რისკი მატულობს. სახის არეში შეშუპება შესაძლოა, იყოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების გამოვლინება. მამაკაცებში ცხიმის ე.წ. ქალური ტიპით გადანაწილება მიგვანიშნებს მამაკაცურ და ქალურ ჰორმონებს შორის დისბალანსზე.

- რა არის ამ ყველაფრიდან გამოსავალი - როგორია ენდოკრინოლოგის რჩევა?

- სიმსუქნის დროს მნიშვნელოვანია, პირველ რიგში მივმართოთ ენდოკრინოლოგს, იმისთვის, რომ დადგინდეს ერთი მხრივ სიმსუქნის გამომწვევი მიზეზები და მეორე მხრივ ის უარყოფითი შედეგები, რაც სიმსუქნემ გამოიწვია. სასურველია, თავი შევიკავოთ თვითნებური, ხანმოკლე, სტრესული დიეტებისგან, რომლებიც ხშირად აზიანებს კუჭ-ნაწლავის სისტემას, რაც თავის მხრივ, ხელისშემშლელი ხდება ჯანსაღი კვებითი რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით მომავალში. ხშირად მსგავსი თვითნებური სტრესული დიეტები უარყოფით გავლენას ახდენს თავის ტვინში არსებულ ძღომის და შიმშილის ცენტრზე, შედეგად შეიძლება მივიღოთ მადის უკონტროლო გაძლიერება, რამაც შეიძლება სავალალო შედეგამდე მიგვიყვანოს.

ასევე, მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობის დაგეგმვა ეტაპობრივად, დოზირებულად, რომ არ გადაიტვირთოს გულ-სისხლძარღვთა სისტემა. ამრიგად, ამ ყველაფრიდან გამოსავალი არის ენდოკრინოლოგთან ვიზიტი და ზომიერების დაცვა კვებითი და ფიზიკური აქტივობის რეკომენდაციების შესრულებისას.