საქართველო გერმანიის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის მასპინძელი ქვეყანაა. საქართველოს ტურისტულ პოტენციალს და "უსაზღვრო სტუმართმასპინძლობას“ ITB Berlin 2023 მილიონობით ადამიანს ბანერებით, სოციალური ქსელებითა და მედია საშუალებებით გაეცნობა.


ITB Berlin-ის ტურისტული გამოფენის ფარგლებში გერმანიის დედაქალაქში ჩასულ სტუმრებსა და ადგილობრივებს ქართული სტუმართმოყვარეობისა და ქვეყნის ტურისტული მიმართულების შესახებ ბანერები დახვდებათ. საქართველოს საიმიჯო ბანერები ბერლინის ბრანდენბურგის საერთაშორისო აეროპორტში, რკინიგზის სადგურებში, ბერლინის მთავარ მოედანზე ალექსანდერპლაცზე, სავაჭრო ცენტრებსა და ქალაქის სხვა ხალხმრავალ ლოკაციებზე გამოიფინა.


ბერლინის ბრანდერბურგის საერთაშორისო აეროპორტიდან 60-ზე მეტი ავიაკომპანია მსოფლიოს 50 ქვეყანაში, 140 მიმართულებით ასრულებს რეისებს. აეროპორტის ათიათასობით მგზავრი საქართველოს როგორც ტურისტული მიმართულების შესახებ მიიღებს ინფორმაციას.

გამოფენის ფარგლებში ITB-ის ტერიტორია, შენობები, პავილიონები და კუთხეები საქართველოს და ქვეყნის ტურისტული მიმართულების ამსახველი ნიშნებით, ფოტოებითა და ლოგოებით გაფორმდება. გამოფენის დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ საქართველოს შესახებ ვიდეორგოლები იხილონ.



2019 წელს, მსოფლიო პანდემიამდე ITB Berlin-მა მსოფლიოს 181 ქვეყნიდან გამოფენის 10 ათას მონაწილეს უმასპინძლა. გამოფენას 160 ათასი სტუმარი ჰყავდა. გამოფენას მედიის 5000-მდე წარმომადგენელი აშუქებდა.