ავტორი:

"ბიძინა მიყვებოდა, 2000 წელს ტელევიზორში რომ დავინახე პუტინი მოდიოდაო, მივხვდი რომ რუსეთში ჩემი ადგილი არ იყო და ჩამოვედიო... ხაფანგში აღმოჩნდა" - გია ხუხაშვილი

"ბიძინა მიყვებოდა, 2000 წელს ტელევიზორში რომ დავინახე პუტინი მოდიოდაო, მივხვდი რომ რუსეთში ჩემი ადგილი არ იყო და ჩამოვედიო... ხაფანგში აღმოჩნდა" - გია ხუხაშვილი

"ხალხის ძალის“ კანონპროექტის მიღება - ვაია, არ მიიღონ - ვუია - კანონი რომ არ მიიღონ სისუსტის გამოვლინება იქნება, რისიც ყველაზე მეტად ეშინიათ, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა "პოლიტ - ქალაქში“ განაცხადა, რითაც ე.წ. უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტებს გამოეხმაურა.

როგორც ის აცხადებს, აღნიშნული კანონპროექტებით ხდება იმ იდეის დისტრიბუცია, რომ დასავლეთი მტერია.

"ამ კანონის მთავარი სამიზნეა დასავლეთი. კანონის სულისკვეთება იმაზე მეტყველებს, რომ აქ აგენტურის ქსელია. ამით რა გამოდის? აგენტურის ქსელს ვინ ქმნის? დასავლეთი. დასავლეთი მტერია. ამის დისტრიბუცია ხდება. ხალხის ძალის კანონპროექტის მიღება - ვაია, არ მიიღონ - ვუია. რომ არ მიიღონ სისუსტის გამოვლინებაა, სისუსტის გამოვლინების კი ყველაზე მეტად ეშინიათ. ე, მანდ სისუსტე არ გამოვავლინოთ, თორემ ჩამოვიშლებითო. ამიტომ არის სულ ყალყზე რომ დგანან და შეტევაში უნდათ ყოფნა. შეიძლება, უნდათ რაღაც ეტაპზე რაღაც თემებით ივაჭრონ, რეალურად შემდეგ ვეღარ ვაჭრობენ. რომ ჰკითხოთ კობახიძეს, ყველა აგენტია. პირველი ვისაც ატყუებს თავის თავია. ჯერ საკუთარი თავი მოიტყუა, რომ ყველა აგენტია, თავისი თავი რომ დაარწმუნა ამაში, საუბრობს, რომ ყველა აგენტია“,- აღნიშნავს ხუხაშვილი.

გარდა ამისა, მან "ქართული ოცნების“ დამფუძნებელ, ბიძინა ივანიშვილზეც ისაუბრა. როგორც ხუხაშვილი დასძენს, არ გამორიცხავს, რომ უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ივანიშვილს იმდენად შეეშინდა, რომ პუტინს ერთგულება შეუთვალა.

"ბიძინას ჰქონდა რუსეთის უძლეველობის შიში. იქ ცხოვრობდა და პუტინი მისთვის ყველაზე ძლიერი ფიგურა იყო სამყაროში. მიყვებოდა, 2000 წელს ტელევიზორში რომ დავინახე მოდიოდაო, მივხვდი რომ რუსეთში ჩემი ადგილი არ იყო, ჩავალაგე ჩემოდანი და ჩამოვედიო. ეს შიში გახდა მისი ამ კატასტროფული პოლიტიკის საფუძველი, თუ რაღაც უფრო დიდი იდგა უკან, არ ვიცი. არ გამოვრიცხავ, რომ უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, იმდენად შეეშინდა, რომ პუტინს ერთგულება შეუთვალა. მე აქ ვარ, წყნარად ვართო. რუსეთის იმპერია იცით როგორ მოქმედებს? როგორც კი შენ მას ლოიალობას უცხადებ, ამას სისუსტედ თვლის და უფრო მაგრად გაწვება. ლოიალობის შეთვლას, შეიძლება რაღაც პირობები მოჰყვა. ფაქტობრივად, ხაფანგში აღმოჩნდა. არასწორი ანალიზის, პროგნოზის საფუძველზე გარკვეულ ჭაობში აღმოჩნდა, საიდანაც ვეღარ ამოდის. ეს ვერსია მიმაჩნია ყველაზე დამაჯერებლად. შესაძლოა, სხვანაირადაც არის საქმე“,- აღნიშნავს ხუხაშვილი.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი თავის მასშტაბთან ერთად "იაფფასიანი ინტრიგანია“ და მას ძალიან უყვარს ჭორაობა“.

“ბიძინა ივანიშვილს არ ჰქონდა სახელმწიფოს ცოდნა. კერძოდ, რა არის, როგორ შენდება, რა არის ინსტიტუტები, რას ნიშნავს კონსტიტუცია. როგორც ჩანს, დღემდე არ ესმის. ის ჩართული იყო ხელისუფლების დახმარებაში, მაგრამ ვიღაცას რომ ეხმარები, არ ნიშნავს, რომ იცოდა რა როგორ კეთდებოდა, ინსტიტუტებს ვერ ალაგებდა. ის ფინანსურად ეხმარებოდა“,- აღნიშნავს ხუხაშვილი.