ავტორი:

"ვინც ამ პლაკატებს აკრავს, მას ლოცვა-კურთხევა ხელისუფლებიდან აქვს" - სიძულვილის გამღვივებელი პლაკატები თბილისის ქუჩებში: ვინ დგას ამის უკან?

"ვინც ამ პლაკატებს აკრავს, მას ლოცვა-კურთხევა ხელისუფლებიდან აქვს" - სიძულვილის გამღვივებელი პლაკატები თბილისის ქუჩებში: ვინ დგას ამის უკან?

დღეს დილით თბილისის ქუჩებში გამოჩნდა პლაკატები წარწერით: "უსამშობლო მოღალატეები“ და "ეკლესიის მაგინებელი ჯაშუშები“. მასზე გამოსახულნი არიან: ოპოზიციური პარტიების ლიდერები, სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები.

პლაკატზე გამოსახულია ყოფილი ომბუდსმენი ნინო ლომჯარია, სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე, რომელიც 2 მარტს პარლამენტში "რუსული კანონის" განხილვას ესწრებოდა, დეპუტატები: თამარ კორძაია, ხათუნა სამნიძე, "ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია. ასევე აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი, ფილოლოგი ლევან ბერძენიშვილი.

პლაკატების რამდენიმე ვარიანტი არსებობს და ზოგან აღნიშნულ პირებს ემატება გიორგი გახარია, პაატა ზაქარეიშვილი, გია ნოდია, დავით უსუფაშვილი, ზურა ჯაფარიძე, გიგი უგულავა და სალომე სამადაშვილი.

ambebi.ge დაინტერესდა, აღნიშნული სიახლე ვისი შემოქმედება შეიძლება ყოფილიყო. ამ მიზნით დავუკავშირდით "ქართულ ოცნებას", სადაც გვითხრეს, "საიდან უნდა სცოდნოდათ“, ეს ვისი ნახელავი იყო. ინფორმაცია არ აქვთ არც თბილისის მერიაში და მათ შსს-სთან გადაგვამისამართეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ მიმდინარეობს საქმის მოკვლევა და როგორც კი დეტალები გახდება ცნობილი, შეგვეხმიანებიან.

როგორც ცნობილია, დღეს დილიდან იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე "ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. დაკვირვებულ მსმენელ-მაყურებელს ალბათ არ გამოეპარებოდა, რომ ფრაზა - "უსამშობლოები ხართ“, რამდენიმე დეპუტატმა ახსენა.

კომიტეტზე პროცესი საკმაოდ ხმაურიანად წარიმართა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა რამდენჯერმე მოუწოდა ოპოზიციის წარმომადგენლებს, დაეცვათ წესრიგი. მან ასევე მოუწოდა ოპოზიციას, "ხალხის ძალის“ წევრისთვის, გურამ მაჭარაშვილისთვის მოხსენების წაკითხვის საშუალება მიეცათ.

ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან პერიოდულად ისმოდა შეძახილები: "არა რუსულ კანონს!“, რის შემდეგაც ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძეს უსამშობლო უწოდა: "უსამშობლო ხარ, უსამშობლო კაცი ხარ“. მას შემდეგ, რაც "ლელოს" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა "ქართული ოცნებიდან" ფორმალურად გასული დეპუტატების მიერ ინიცირებულ რუსულ კანონზე მიუთითა და განაცხადა, რომ ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს კლავენ, მას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დაატოვებინეს. სწორედ ამ დროს ანრი ოხანაშვილის ფრაზა გურამ მაჭარაშვილმაც გაიმეორა:

"ჩვენ ვართ ქართველ ხალხთან ერთად, ქართველი ხალხის მხარდაჭერით, ერთი მილიონი ადამიანის მხარდაჭერით და თქვენ, თქვენ თავს არ ეკუთვნით, თქვენ ხართ უსამშობლო ხალხი, ეგ დაიმახსოვრეთ. ცალ ფეხზე უნდა ვიდგეთო, ბატონი ბურჯანაძე ხომ ამბობდა, იდექით ბატონო ცალ ფეხზე და გინდა ნუ იდგებით. ეგ არის თქვენი სახე. ჩვენ ცალ ფეხზე დგომას არ ვაპირებთ, ჩვენ ღირსეულად ვაპირებთ ევროკავშირში ინტეგრაციას", - თქვა მაჭარაშვილმა.

თანამოაზრეებს არც "წიგნიერების“ საჭიროების არმცნობი მიხეილ ყაველაშვილი ჩამორჩა, რომელმაც "ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის ბრალდებებს უპასუხა: "ჩვენს კანონპროექტს რუსულს იმიტომ ეძახით, რომ არ იცით, ქართული რა არის - უსამშობლო, დაკარგული ხალხი ხართ!“

შეგახსენებთ, რომ სიტყვა - "უსამშობლო“ გიორგი ვაშაძის მიმართ ჯერ კიდევ გასულ წელს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მამუკა მდინარაძემ გამოიყენა.

მარტივი ლოგიკითაც კი, უმრავლესობის დეპუტატების რიტორიკასთან ერთად, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ სოციალურ ქსელებში ხელისუფლების მხარდამჭერი ტროლ-ბოტები მუდმივად ხელმძღვანელობენ მსგავსი ფრაზებით, ჩნდება ვარაუდი, რომ ეს პლაკატებიც სახელისუფლო მესიჯბოქსის ნაწილია, რაც ოპონენტების გაშავებას ემსახურება.

ვახტანგ ძაბირაძე, პოლიტოლოგი:

"ფაქტი ერთია, რომ ისინი, ვინც პლაკატებს აკრავენ, დარწმუნებულნი არიან, რომ ხელისუფლება მათ ამ საქმიანობას მოუწონებს და არანაირ პრობლემას არ შეუქმნის. ეს ის ფრაზებია, რაც პარლამენტში უმრავლესობის მხრიდან ისმის. ასე რომ, იმდენად თანხვედრაშია ეს ერთმანეთთან, საეჭვოც არაფერია. ვერ ვიტყვი, რომ პერსონალურად ეს ადამიანები აკრავდნენ პლაკატებს, მაგრამ ლოცვა-კურთხევა რომ ხელისუფლებიდან აქვთ, ეს გასაგებია. ვფიქრობ, დაიწყო ძალიან მძიმე და ცუდი პროცესი, რომელიც ნელ-ნელა მიდის სამოქალაქო დაპირისპირებისკენ, სამწუხაროდ, ამის ინიციატორი, ხელისუფლებაა".