პროპორცია აუცილებლად დაცული უნდა იყოს და ეს ყველაზე რთულია... სანამ მინიატურაზე მუშაობას დაიწყებს, ერთ კვირაზე მეტს მათემატიკურ გათვლებს ანდომებს... ცნობილი ქართველი ექიმის, ნარკოლოგის - ჯონი ჯანაშიას შემოქმედება ყველას ანცვიფრებს, მაგრამ თავად მიიჩნევს რომ ამ სფეროში მოყვარულია:
- ბატონო ჯონი, როგორ აცოცხლებთ ისტორიას მინიატურებში, როდის და როგორ დაიწყო თქვენი შთამბეჭდავი შემოქმედება?
- დაახლოებით ხუთი წლის წინ დაიწყო... ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი გახლდით, იმ დროს ყელის გასასინჯი ჩხირები შემოიტანეს, რომელიც უხარისხო აღმოჩნდა. უხარისხო ჩხირები ჩამოვწერეთ და ახლები შემოვიტანეთ... ძველი ჩხირები წამოვიღე და მეგრული, ძველი ოდა ერთ დღეში შევქმენი. ჩხირები ერთმანეთს რომ მივაწყვე, ძველი ოდის ხის კედელს ძალიან დაემსგავსა, სულ შემთხვევით დავიწყე რაღაცის ჩორკნა, ხის რიკულის აივანი მივაშენე... შემდეგ ასე ავაწყვე თბილისური სახლი, დავიწყე მინიატურების შექმნა და აღარ ვჩერდები, დღემდე ასე მოვდივარ...

- მეგრული ოდას განსაკუთრებული სიყვარული გაქვთ...
- კი ბატონო... ბაბუა და ბებიას ჰქონდათ მეგრული ხის ოდა, სკოლის არდადეგებზე ჩავდიოდი და ამ ოდაში ვცხოვრობდი. ბავშვობიდან ყველაზე ლამაზი მოგონებები მოგვდევს, როგორც ეგზიუპერმა ბრძანა, ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ და ამ ლამაზი მოგონებების ანარეკლი იყო ის მინიატურა, რაც პირველად გავაკეთე. იმის შემდეგ ხის სახლის მინატურა აღარ შემიქმნია.
- ძალიან საინტერესოა აფხაზეთის თემაზე შექმნილი მინიატურა...
- აფხაზეთში, სოხუმში დედაჩემის ბიძა ცხოვრობდა, რომელიც ბაბუად მიმაჩნდა. სოხუმში ასევე ჩემი მამიდაშვილებიც ცხოვრობდნენ და მათთან მიმავალი ბარათაშვილის სადგურზე ჩავდიოდი. ეს სადგური ქალაქის ცენტრში იყო, მატარებელი მხოლოდ ხუთი წუთი ჩერდებოდა.. ულამაზესი ადგილი იყო, რადგან იქვე ბოტანიკური ბაღი იყო, ცოტა ზევით სამეცნიერო ცენტრი, სადაც ცდებს მაიმუნებზე ატარებდნენ... ქვემოთ ლენინის ქუჩა გადიოდა, საიდანაც ზღვა ძალიან ახლოს იყო და ბაბუას სახლიც იქვე იყო... არაჩვეულებრივი გარემო, გამწვანება იყო - პალმები, ოლეანდრები, მიმოზები, მაგნოლიები... ეს ყველა მოგონება თვალწინ დამიდგა და ამიტომაც მომინდა მინიატურის - „ბარათაშვილის სადგურის“ შექმნა.


- კახური სახლი როგორ შეიქმნა...
- კახეთში ვიყავი ერთხელ და თელავის გადასახვევთან ძალიან ლამაზი სახლი შევნიშნე. შევჩერდი, ეს სახლი კარგა ხანს ვათვალიერე, ფოტოები გადავუღე და გარეთ ფასადი რაც იყო, მინიატურაში ფაქტიურად უცვლელად გავაკეთე... სახლის შიდა ნაწილი ჩემი ფანტაზიის მიხედვით შევქმენი.
- მინაიატურები თქვენი ფანტაზიით იქმნება, თუ იმ რეალობის მიხედვით, რაც მეხსიერებაშია შემორჩენილი?
- რამდენიმე სახლია ფანტაზიით შექმნილი... ერთი მინიატურა მაქვს - „პლეხანოვზე ახალ წელს“, სადაც სტალინური ეპოქის შემდგომი პერიოდია ასახული. ის პერიოდი გადმოვეცი, რომელიც ჩემს ბავშვობას ეხმიანება: 70-იან წლებში მახსოვს, ახალ წელს რომ თოვლი პირველად მოვიდა და ულამაზესი იყო, თან თოვდა, თან ახალი წელი იყო...
თბილისში ძალიან ბევრია გერმანელი ტყვეების მიერ აშენებული სახლები, დაახლოებით ყველა ერთნაირი იყო და მინიატურა ჩემი ფანზაზიის მიხედვით შევქმენი - "სადღაც პლეხანოვზე...


- დიდ დროს, ენერგიას, ნებისყოფას არ მოითხოვს ეს ყველაფერი?
- რასაკვირველია მოითხოვს... მინიატურები შაბათ-კვირის დილის შემოქმედებაა, რადგან ძირითადად დილით, საღ გონებაზე ვმუშაობ, როცა თვალი დაღლილი არ არის. სამსახურიდან მოსული ძალიან იშვიათად თუ ვიმუშავებ. ამიტომაც ერთი მინატურის შექმნას ერთი თვე მაინც ჭირდება, თუ მეტი არა... მაგალითად - ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის მინიატურას მთელი ორი თვის განმავლობაში, დღე და ღამ ვაწყობდი. იმ პერიოდში ჩემი პროფესიის მიხედვით არ ვმუშაობდი და შემეძლო მთელი ყურადღება მინიატურისკენ გადმომეტანა... ზოგიერთ მინიატურას შეიძლება ნაკლები დრო დაჭირდეს, მაგრამ სულ მცირე ერთი თვე მაინც მიაქვს.
- რა მასალისგან იქმნება თქვენი მინიატურები?
- ადრე ჩვეულებრივი, მაგარი მუყაოსგან ვაწყობდი... შემდეგ ჩემმა არქიტექტორმა მეგობარმა მირჩია პერეხა გამომეყენებინა. მოგეხსენებათ არსებობს ასეთი მასალა, რომელსაც რეკლამების მომზადების დროს იყენებენ. ადვილად იჭრება, თეთრია, სუფთაა და ზევიდან პენოპლასტის თხელი ფენა ეკვრება. სასურველი ფერის მიხედვით ვღებავ, აკრილს, გუაშს ადვილად იღებს და აგურის, ჩუქურთმის თუ სხვა ფორმა მშვენივრად გამოდის.
ძალიან ხშირად ისეთ რამეებს ვიყენებ, რაც წარმოუდგენელიც კი ჩანს და თავადც მიკვირს... მაგალითად წამლის `პანანგინის~ სახურავი გამოვიყენე, როდესაც ფაიტონს ვაწყობდი. როდესაც ჩემი სახლი ავაწყვე, იქ აივნის რიკულების გამოსახატად სავარცხელი ჩავსვი. ქუჩის განათების ბოძების გამოსახატად ხშირად იმ ტელევიზორის ანტენებს ვიყენებ, რომლებიც ადრე იყო და იკეცებოდა.

საქანელისთვის წამლის ფირფიტები გამოვიყენე... გამწვანება მწვანე `გუბკით ან კატის მოსასაქმებელით. წყალში რომ ვხსნი, მწვანე საღებავაში ავურევ და ფხვიერი მასა გამოდის, ხეზე მშვენივრად გამოიყენება გამწვანების მიზნით. როდესაც ბალახი მჭირდება, სელის ტომრის სქელ ძაფებს წვრილად ვჭრი, მწვანედ ვღებავ.
- თქვენი მინიატურების მასშტაბებზე რომ გვითხრათ...
- მასშტაბები სრულიად სხვადასხვაა, გააჩნია ამოსავალი წერტილი რა იქნება.... როდესაც უზნაძის ქუჩაზე მდებარე ქორწინების სასახლის მინატურას ვქნიდი, მანქანის, ძველი ვოლგის მოდელი მაჩუქეს. (მოგეხსენებათ, ვოლგით ნეფე-დედოფალს ემსახურებოდნენ) მინიატურის მასშტაბის ნიმუში ამ ნაჩუქარი მანქანის მოდელმა მომცა. დაახლოებით ამ მანქანის შეფარდებაზეა ყველაფერი აწყობილი.
პროპორცია აუცილებლად დაცული უნდა იყოს და ეს ყველაზე რთულია... სანამ მინიატურაზე მუშაობას დავიწყებ, ერთ კვირაზე მეტი მათემატიკურ გათვლებზე მიდის... ფოტოს როდესაც ვუღებ, ზოგი შორიდან, ზოგი ახლოდან გადაღებულია და დაახლოებით ვიცი, ვთქვათ ფანჯრის სიგანე რაც არის. შემდეგ ამაზე ვაგებ მთლიანად შენობის მასშტაბს.

- გამოფენას არ გეგმავთ?
- ჯერჯერობით არა, რადგან გამოფენისთვის ცოტა უფრო ბევრი ნამუშევარია საჭირო... 25 მინიატურა მაინც უნდა იყოს და ჯერჯერობით ოცამდეც ვერ ავედი, 17 მინიატურა მაქვს...
- ამ სფეროში მოღვაწე ოსტატებს იცნობთ?
- თბილისის ისტორიულ მუზეუმში (ქრვასლაში) საოცარი ნამუშევრები ინახება. გასული საუკუნის, ოციან წლებში, სხვადასხვა ოსტატების მიერ შექნილი. თურმე ძალიან ბევრია ასეთი მაკეტები, სადღაც საცავებშია და ჩრჩილი ჭამს. მხოლოდ რამდენიმეა დარჩენილი.
საქართველოში ამჯერად ვინც ამ მინიატურებს ქმნის მე არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი რომ არიან... არ მინდა ვინმემ ისე ჩათვალოს, რომ, რასაც ვქმნი, ამ მხრივ დიდი ფიგურა ვარ. შეიძლება ითქვას, რომ გატაცებული ვარ ამ ყველაფრით... სოციალურ ქსელში საზღვარგარეთის სხვადასხვა გვერდებია, სადაც მართლაც საოცრებებს ქმნიან. ამ საქმის ძალიან დიდი ოსტატები არიან მალაიზიაში, ჰოლანდიაში, იტალიაში...

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
- ჯერჯერობით ვისვენებ... ერთი მინატურა შევქმენი და ახლობელს ვაჩუქე... ჩემი ძმაკაცია, ტრავმატოლოგი, პროფესორი. იგი სოლოლაკში ცხოვრობდა, სადაც ახლოს სახლია მომრგვალებული აივნით და მართლაც უნიკალური, ძალიან ლამაზია. მისი თხოვნით ავაწყვე ამ სახლის მინიატურა. მისივე თხოვნით მინიატურა ცოტა ხნით ჩემთან არის, სანამ გამოფენაზე არ გაიტან, არ წავიღებო... ჩემი მინიატურებიდან თუ ვინმეს რომელიმე ვაჩუქე, გამოფენაზე ყველას გამომატანენ ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის გარდა.
ილია ჭავჭავძის სახლ-მუზემის მინიატურა დაახლოებით 30 კილოგრამს იწონის, მუზეუმში დგას და უკვე მათი საკუთრებაა... მინიატურა მუზეუმის შეკვეთით შევქმენი. მხოლოდ ეს ერთი მინიატურა ავაწყვე ოფიციალური შეკვეთით, სხვა თხოვნით კი, მაგრამ შეკვეთით არა.
- გამოფენაზე რატომ ვერ მოხერხდება ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის მინიატურის გამოტანა?
- უკვე მუზეუმის საკუთრებაა, ვერც ვთხოვ, გამოფენაზე გამატანეთ-მეთქი... თანაც იმდენად მძიმეა, სამ ადამიანს ძლივს მიჰქონდა... როგორც მოგახსენეთ, გამოფენას მაშინ მოვაწობ, როდესაც რაოდენობრივად შესაბამისი მინიატურები მექნება შექმნილი.