ავტორი:

"შვილიშვილებზე დიდი ამაგი ვერ გამომდის, რადგან..." - 25 წლიანი ოჯახური იდილია ფეხბურთელთან და ბებიობა ახალგაზრდა ასაკში: ლიკა კვარაცხელია ოჯახსა და კარიერაზე

"შვილიშვილებზე დიდი ამაგი ვერ გამომდის, რადგან..." - 25 წლიანი ოჯახური იდილია ფეხბურთელთან და ბებიობა ახალგაზრდა ასაკში: ლიკა კვარაცხელია ოჯახსა და კარიერაზე

ცნობილ მოდელს, ბიზნესვუმენ ლიკა კვარაცხელიას და ცნობილ ფეხბურთელ მურთაზ შელიას 25 წელია ჰარმონიული ოჯახი აქვთ...წყვილს სამი შვილი ჰყავს - ქალიშვილები ანა, ელენე და ვაჟი - დათუნა... უმშვენიერესი - ანა შელია უკვე ორი შვილის დედაა, მისი მეუღლე, მორაგბე ლაშა ლომიძეა... ანამ 2017 წელს ბრიტანული მოდის სახლის Ralph & Russo-ს ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა Victoria's Secret--ის საპატიო სუპერმოდელ ალესანდრა ამბროსიოსთან ერთად.

ლიკა კვარაცხელიას ოჯახზე, დედობაზე, ბებიობაზე და დღევანდელობაზე გავესაუბრეთ...

- საოცრად გამოიყურებით... თქვენზე ბებიის სტატუსს ვინც იგებს, ყველა გაოგნებულია. თუ შეეჩვიეთ ამ რეაქციებს?

- დიახ, ვინც არ მიცნობს და ამის შესახებ იგებს, მართლაც ძალიან უკვირთ... ვინც მიცნობს, ჩემმა ახლობლებმა, გარემოცვამ, ჩემს მსგავსად, ძალიან კარგად მიიღეს ეს ყველაფერი, მიჩვეულები არიან კიდეც...

შვილებთან ერთად

- ალბათ ყველა თვლის, რომ თქვენისთანა ულამაზესი მოდელი პოდიუმზე ცოტა ხანს იყავით და პირიქით, ძალიან დიდხანს უნდა დარჩენილიყავით...

- ვერ გეტყვით, ამ საკითხზე არავისთან მისაუბრია...დიდად მე თვითონ არ მომწონდა პოდიუმზე, კულისებში ყოფნა, საორგანიზაციო საკითხები უფრო მაინტერესებს.

- დღევანდელი გადასახედიდან როგორ გახსენდებათ თქვენი მშვენიერი სიყვარულის ისტორია?

- ეს ყველაფერი 25 წლის წინ იყო და 25 წელი იმაზე მეტყველებს, რომ ყველაფერი სწორად მოხდა.

- 18 წლის უკვე ორი შვილის დედა იყავით და იყო თუ არა ეს უზარმაზარი პასუხისმგებლობა?

- დიახ, ნამდვილად ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა 18 წლის ასაკში დედობა... რა თქმა უნდა, იყო სირთულეები, თუმცა გადალახვადი. ჩემი ოჯახიც ყველანაირად მეხმარებოდა.

- დღეს უკვე თქვენ გაქვთ შვილიშვილებზე ამაგი?

- შვილიშვილებზე დიდი ამაგი ვერ გამომდის, რადგან საზღვარგარეთ ცხოვრობენ. როდესაც საქართველოში არიან, მე თვითონაც ძალიან დაკავებული ვარ... თუმცა რა დროსაც ვატარებ, სულ ვცდილობ თავიდან ბოლომდე დრო მათ დავუთმო. ეს მე თვითონ მანიჭებს ძალიან დიდ სიამოვნებას.

შვილთან და შვილიშვილთან ერთად

- ანას კარიერის, მოდელობის შესახებ რას იტყოდით?

- ანას მოდელობას რაც შეეხება, ახლა პაუზა აქვს. არ ვიცი, ვნახოთ რას გადაწყვეტს. ამ წუთას მთლიანად შვილების აღზრდისთვის აქვს თავი მიძღვნილი.

- საფრანგეთში როგორი რეაქცია აქვთ თქვენს ბებიის ამპლუაში გაცნობისას?

- ვერ გეტყვით, რაღაც საფრანგეთში დიდად არ მქონია ვინმესთან ამ საკითხზე კომუნიკაცია.

- რას ურჩევდით ქალბატონებს, ოჯახსაც გაუძღვნენ და წარმატებულიც იყვნენ?

- ცოტა არ იყოს მიჭირს რჩევების მიცემა... ყველაფერი ინდივიდუალურია და ზოგჯერ რაღაც ძალიან კარგი რომ ჩანს, ასე მარტივი არც არის ხოლმე და შეიძლება ისეთი იდეალური არც იყოს. მგონია, ყველაზე მთავარია საკუთარ თავს მოუსმინო და შენთვის რაღაცები ისე შექმნა, თავი კომფორტულად იგრძნო ურთიერთობებშიც და საქმეშიც. რაღაცნაირი ბალანსია საჭირო...ზოგადად, წარმატება არც იზომება, შინაგანი შეგრძნებაა, ან გრძნობ თავს წარმატებულად, ან ვერა. ამიტომ უნდა ისწრაფოდე, რომ იგრძნო წარმატება, თუნდაც პირველივე საფეხურებზეც.