ავტორი:

"ქართული ოცნება" ყველაზე პროევროპული ძალაა საქართველოში" - რატი ბრეგაძე

"ქართული ოცნება" ყველაზე პროევროპული ძალაა საქართველოში" - რატი ბრეგაძე

"ქართული ოცნება“ ყველაზე პროევროპული ძალაა საქართველოში, რომელიც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიზანს ემსახურება, არავინ გვაძალებდა კონსტიტუციაში მსგავსი ჩანაწერის მიღებას და სწორედ, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში გაჩნდა ეს კონსტიტუციური ჩანაწერი, - ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტების კითხვას, თუ რა პოზიცია აქვს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით.

ბრეგაძის თქმით, ახლა პოლიტიკური ტემპერატურა ძალიან მაღალია, რაც უნდა ჩაცხრეს იმისთვის, რომ ამ კანონპროექტის როგორც მომხრეების, ასევე მოწინააღმდეგეების არგუმენტები საზოგადოებისთვის მაქსიმალურად ცხადი გახდეს.

"როცა საუბარია კანონპროექტზე, უნდა იყოს ის მიღებული თუ - არა, ამის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პარლამენტი იღებს. პარლამენტი გადაწყვეტს, მიიღოს ეს კანონპროექტი, თუ - არა. რაც შეეხება ნებისმიერ კანონპროექტს, არამხოლოდ ამ ერთ კონკრეტულ კანონპროექტს, რომელსაც სხვათა შორის, სხვა სახელი ჰქვია, ვიდრე თქვენ მოიხსენიებთ, კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, ნებისმიერი კანონის სტიგმატიზაცია მოხდეს. ნებისმიერ კანონპროექტს აქვს ორი ნაწილი, პირველი, ეს არის პოლიტიკური, მეორე არის სამართლებრივი. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, აქ ერთ გარემოებას ვაკვირდებით, რომ ძალიან მაღლაა პოლიტიკური ტემპერატურა აწეული და სასურველია, ეს დაცხრეს იმისთვის, რომ არგუმენტები, როგორც ამ კანონპროექტის მომხრეების, ასევე მოწინააღმდეგეების, საზოგადოებისთვის მაქსიმალურად ცხადი გახდეს და მაქსიმალურად ჯანსაღი ფორმა მიიღოს. პირველ რიგში, საჭიროა, მთელი ამ აჟიოტაჟის დაცხრობა და საქმიანი დიალოგი აღნიშნული საკითხის გარშემო.

მეორე, რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, როცა განვიხილავთ კანონპროექტს, პირველ რიგში, უნდა მოხდეს იმის განსაზღვრა, ეწინააღმდეგება თუ არა ეს კანონპროექტი, ან ნებისმიერი სხვა, საქართველოს კონსტიტუციას, არის თუ არა თანხმობაში ევროკავშირის დირექტივებთან, საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებთან და რამდენად შესაბამისობაშია მთლიანად საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან. ეს არის ჩემი კომენტარი, ამაზე ასე მარტივად პასუხის გაცემა არ ხდება. იმისთვის, რომ კანონპროექტზე ვისაუბროთ, არის თუ არა საქართველოს კონსტიტუციასთან, თუ ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობაში, ამის სრულყოფილი ანალიზი უნდა მოხდეს. როცა დიდი აჟიოტაჟია, ხმაურია, სერიოზულ საკითხებზე საგნობრივი მსჯელობა პრაქტიკულად შეუძლებელია.

ძალიან ამაყი ვარ იმით და ძალიან მოხარული, რომ წილად მხვდა პატივი, ვყოფილიყავი იმ საკონსტიტუციო კომისიის წევრი, რომელმაც ჩამოაყალიბა 78-ე მუხლი და ძალიან მოხარული ვარ იმით, რომ მივეკუთვნები იმ ძალას, რომლის მმართველობის პერიოდშიც პირველად გაჩნდა საკონსტიტუციო ჩანაწერი და კონსტიტუციურ ვალდებულებად ექცა ყველა სახელმწიფო ორგანოს ყველა შესაძლო ზომის მიღება იმისთვის, რომ განხორციელდეს საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ერთხელ და სამუდამოდ კარგად რომ დაიმახსოვროთ, „ქართული ოცნება“ ყველაზე პროევროპული ძალაა საქართველოში, რომელიც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიზანს ემსახურება, არავინ გვაძალებდა კონსტიტუციაში მსგავსი ჩანაწერის მიღებას და სწორედ, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში გაჩნდა ეს კონსტიტუციური ჩანაწერი“, - განაცხადა ბრეგაძემ.