ავტორი:

ბავშვობის საყვარელი წიგნი, რომელსაც ზრდასრულ ასაკში ახლიდან აღმოაჩენთ

ბავშვობის საყვარელი წიგნი, რომელსაც ზრდასრულ ასაკში ახლიდან აღმოაჩენთ

წიგნები სხვადასხვა ასაკში სხვადასხვანაირად იკითხება! - და ეს სიმართლეა. ხშირად ისეც ხდება, რომ მოზარდობაში წაკითხული წიგნი, რომელიც საერთოდ არ მოგეწონა, წლების შემდეგ გადაიკითხე, ახლიდან აღმოაჩინე და ძალიან შეგიყვარდა. არსებობს წიგნები და მწერლები, რომლებიც ბავშვობაში გვაბრუნებენ. ვკითხულობთ ბავშვობის საყვარელ წიგნებს მრავალი წლის შემდეგ და თითქოს წარსულში ვმოგზაურობთ. ეს დაუვიწყარი და საოცარი განცდაა! თინეიჯერებისთვის განკუთვნილი წიგნები სინამდვილეში მხოლოდ მათთვის არ არის და სულაც არ ითვლება სირცხვილად ასეთი წიგნების ხელახლა წაკითხვა, ზრდასრულ ასაკში.

ერთ-ერთი ასეთი მწერალი, რომელსაც შეუძლია წარსულში დაგაბრუნოს, ჟიულ ვერნია! „თხუთმეტი წლის კაპიტანი“ კი ჟიულ ვერნის ერთ-ერთი საუკეთესო წიგნია. ეს ნამდვილი თავგადასავალია, რომელშიც არის ადამიანური სისასტიკე, ერთგულება, მეგობრობა და ურთიერთდახმარება, მხარდაჭერა, გამბედაობა და სიმამაცე. ის აფრიკის ხალხის უფლებებისა და თავისუფლების ისტორიას ასახავს. შეიძლება ბევრმა არც იცის, რომ რომანის ამაღელვებელი ამბები - რეალური თავგადასავლებია.

„თხუთმეტი წლის კაპიტანი“ 1878 წელს დაიწერა, მაგრამ ის ყოველთვის საინტერესო იქნება 15 წლის მოზარდებისთვის, რომლებსაც უყვართ საფრთხეების გადალახვა, ბრძოლები და გამარჯვებები...

რა თქმა უნდა, თავად სათაური არ ნიშნავს, რომ ის მხოლოდ 15 წლის ასაკში უნდა იკითხებოდეს. ეს წიგნი თითქმის ყველას წაუკითხავს ბავშვობაში, მაგრამ შეიძლება ყველამ ვერ გაიგო. ამიტომაც ღირს, ხელახლა წაიკითხო, რომ მთლიანად ჩაწვდე წიგნის შინაარსს და ჩაუღრმავდე ყველა დეტალს...

ვის არ უნდა ხანდახან სხვა სამყაროში გაქცევა, გამოგონილ (ან შესაძლოა არა გამოგონილ) ამბავში ჩაძირვა, სხვა ცხოვრებით ცხოვრება? ეს განსაკუთრებით აქტუალურია ახლა - კრიზისის, შფოთვის, ახალი ამბების უწყვეტი მიწოდების ეპოქაში, სადაც ცხოვრების გიჟური რიტმი არასდროს ჩერდება, რათა დამატებითი საწვავი შემატოს სტრესს. დროდადრო საჭიროა ასეთი სამყაროსგან ხსნა, მისგან გათიშვა, ცოტა ხნით ამოვარდნა - და ეს არის ერთ-ერთი ფუნქცია, რომლის შესრულებაც შეუძლია ლიტერატურას.

წიგნის კითხვა არის საუკეთესო „გაქცევა“ დამღლელი რეალობისგან. საყმაწვილო ლიტერატურა კი, ალბათ, ყველაზე კარგად ასრულებს ამ მიზანს. დაფიქრდით და გაიხსენეთ ბავშვობაში წიგნების კითხვა. როგორ ეფლობოდით მათში. როგორ ასწავლიდით ჭკუას ზრდასრულ ქურდებს პეპი გრძელწინდასთან ერთად...

ზრდასრულებს ხშირად არ გამოსდით, რომ ისევ ისე ჩაეფლონ წიგნში და მასში იცხოვრონ. ჟიულ ვერნის „თხუთმეტი წლის კაპიტანი“ საშუალებას მოგცემთ, დაბრუნდეთ თქვენი ბავშვობის ერთ-ერთ სამყაროში, ან ახლა გახსნათ ახალი - დარწმუნებული ვარ, ეს გრძნობა აუცილებლად გაგახსენდებათ.

ერთხელ ისე მოხდა, რომ ხომალდის „პილიგრიმი“ კაპიტანი დაიღუპა და დიკ სენდს, დამწყებ თხუთმეტი წლის მეზღვაურს, მოუწია საკუთარ ხელში აეღო ხომალდის ხელმძღვანელობა. „პილიგრიმის“ ახალგაზრდა კაპიტანს მრავალი თავგადასავალი და საფრთხე ელოდება, მაგრამ დიკის მტკიცე ბუნება და გუნდის ერთობლიობა, გემს ყოველთვის ეხმარება რთული სიტუაციებიდან გამოსვლაში. სირთულეებთან შეხვედრისას, ახალგაზრდა კაპიტანს არაერთხელ მოუწია გაერისკა საკუთარი სიცოცხლით, მაგრამ მიუხედავად ამისა, მამაცი ახალგაზრდა არასოდეს დაუბრკოლებია სირთულეებს. იმ მომენტებშიც კი, როცა გეჩვენება, რომ უკვე ვერაფერი გადაგარჩენს გარდაუვალი დაღუპვისგან, დიკი გასაოცარ მოხერხებულობას და სიმამაცეს ავლენს.

სულ ცოტათი მაინც წიგნი შეიძლება გახდეს თქვენთვის დროის მანქანა და წაგიყვანოთ ისეთ ადგილას, სადაც ჯერ კიდევ არ იცოდით, რა იყო გლობალური ფინანსური კრიზისი თუ პანდემია.

ჟიულ ვერნის ხუთტომეულის მეოთხე ტომი - „თხუთმეტი წლის კაპიტანი“ - 6 მარტს გამოვა. მისი შეძენა ერთი კვირის განმავლობაში სპეციალურ ფასად, 10 ლარად იქნება შესაძლებელი. ახალი პროექტის ფარგლებში წიგნების ფასდაკლებით ყიდვა უკვე პრესის გარეშეა შესაძლებელი.

სერიის სხვა წიგნები:

  • პირველი ტომი - „80 000 კილომეტრი წყალქვეშ“
  • მეორე ტომი – „საიდუმლო კუნძული“
  • მესამე ტომი - „კაპიტან გრანტის შვილები“
  • მეოთხე ტომი - „15 წლის კაპიტანი“
  • მეხუთე ტომი – „კაპიტან ჰატერასის მოგზაურობა“

R