ავტორი:

"ჩვენი ქვეყნის მომავალი არ ეკუთვნის და აღარ ეკუთვნის არც უცხო ქვეყნის აგენტებს" - პრემიერი კანონპროექტების გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

"ჩვენი ქვეყნის მომავალი არ ეკუთვნის და აღარ ეკუთვნის არც უცხო ქვეყნის აგენტებს" - პრემიერი კანონპროექტების გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

ჩვენი ქვეყნის მომავალი არ ეკუთვნის და აღარ ეკუთვნის არც უცხო ქვეყნის აგენტებს, არც უცხო ქვეყნის მსახურებს, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის მომავალი ეკუთვნის პატრიოტებს - დღეს ქართული ოპოზიცია არის აბსოლუტურად დეგრადირებული - ყოველგვარი მათი ეს აჟიოტაჟი არის სპეკულაცია. სულ ტყუილად ირჯებიან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ე.წ. აგენტების კანონპროექტებთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე განაცხადა.

პრემიერმა ოპოზიციაზე საუბრისას აღნიშნა, რომ "ტრაგედიაა, რომ ასეთ ადამიანები ჯერ კიდევ არიან პოლიტიკაში, მაგრამ ხალხი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს".

რაც შეეხება აქციებს, როგორც ღარიბაშვილი აცხადებს, ხელისუფლება კანონის ფარგლებში ყველა ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას უზრუნველყოფს, მაგრამ უკანონო ქმედებას არავის აპატიებს.

"რაც შეეხება აჟიოტაჟს, რომელიც შექმნილია - რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან მარტივად ვხვდებით, რომ საქმე იმაშია, რომ სამწუხაროდ, დღეს ქართული ოპოზიცია არის აბსოლუტურად დეგრადირებული. მათი ყოველგვარი სანდოობა არის დაკარგული. ხალხი ამას ხედავს. შემთხვევითი არ არის რომ მათ მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, მათი პარტიების რეიტინგი, მაგალითად, „ნაცმოძრაობის“ არის 7%-დან 10%-მდე. სხვა დანარჩენის 2%-ს ქვევით. მე მესმის. ჩვენი, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა და ზოგადად, ჩვენი პოლიტიკის მიმართ მოსახლეობის მხარდაჭერა არის კიდევ უფრო მეტად გაზრდილი. 50-60%-ზე არის ასული სანდოობა. ჩვენი მთავარი მიზანი არის ქვეყანაში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება და კეთილდღეობის მოტანა.

მინდა შევახსენო ყველას, მათ შორის, დესტრუქციულ რადიკალურ ოპოზიციას - სრული ილუსტრირება მოხდა იმისა, თუ ვის ემსახურებიან ეს ადამიანები. ტრაგედიაა, რომ ასეთ ადამიანები ჯერ კიდევ არიან პოლიტიკაში, მაგრამ მე ვიქრობ, ჩვენი ხალხი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს. ხალხი ბრძენია.

ყოველგვარი მათი [ოპოზიციის] ეს აჟიოტაჟი არის სპეკულაცია. სულ ტყუილად ირჯებიან. იმ დონეზე დაეცა ეს ორგანიზაცია, რომ პირდაპირ მოუწოდებდნენ საზოგადოებას, მე მოვისმინე, იარაღის ხელში აღებისკენ. ჩანს, რამდენად სასოწარკვეთილ მდგომარეობაში არიან.

ჩვენ, ხელისუფლება, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში ყველა ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას უზრუნველვყოფთ, მაგრამ არავის ვაპატიებთ არც ერთ უკანონო ქმედებას,“ -განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ნებისმიერი სპეკულაციები, რაც ოპოზიციის მხრიდან ისმის, საფუძველს მოკლებულია.

"ჩვენ ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია ვიცით, რომელიც პირდაპირ ებრძვის სახელმწიფოებრიობას, სახელმწიფოს ინტერესებს. ჩვენ ვიცით ძალიან ბევრი ორგანიზაცია, რომლებიც უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებით ატარებდნენ ანტისამთავრობო მიტინგებს, ძალიან ბევრ პროვოკაციულ ღონისძიებებს, რომელიც არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. მათი ეს დაფინანსება არ არის გამჭვირვალე. მეორეს მხრივ, ისინი ჩვენ მოგვიწოდებენ, რომ სრულად გამჭვირვალე უნდა იყოს მთავრობის საქმიანობა, პარლამენტის საქმიანობა და ეს ასეც არის. ჩვენ გამჭვირვალობით ვართ მოწინავე პოზიციებზე მთელს მსოფლიოში. თუნდაც, იგივე, ბიუჯეტის გამჭვირვალობით ჩვენ ვართ ნომერ პირველი. პირველ ადგილზე ვართ მსოფლიოში. ასე, რომ მე ვფიქრობ, უსაფუძვლოა ის კამპანია, რაც ახლა მიმდინარეობს.

მესმის, რომ მათთვის მტკივნეულია, იმიტომ, რომ წლების განმავლობაში ისინი ათეულ მილიონობით დოლარის გრანტს იღებდნენ და არავითარი გამჭვირვალობა, არავითარი ინფორმაცია, ანგარიშვალდებულება საზოგადოების, ჩვენი ხალხის წინაშე არ არსებობდა. მინიმალური სტანდარტი ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის არის ის აუცილებელი მოთხოვნა, რომელიც სრულად შეესაბამება ევროპულ და მსოფლიო სტანდარტს. ძალიან მკაფიოდ იქნა განმარტებული ჩვენი კანონმდებლების, პარლამენტის მიერ, რომ ჯერ იგეგმება ამ ორივე კანონპროექტის მხარდაჭერა პირველი მოსმენით,. ამის შემდეგ, როგორც ჩვენმა დეპუტატებმა განმარტეს, ეს კანონპროექტები გაიგზავნება ვენეციის კომისიაში. ჩვენ დაველოდებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, მათ შეფასებას და პარლამენტი გააგრძელებს განხილვას და მსჯელობას ამ საკითხზე“, - განაცხადა პრემიერმა.