ავტორი:

რუსი ტურისტის წამების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში ხუთ სამართალდამცველს ბრალი წაუყენეს

რუსი ტურისტის წამების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში ხუთ სამართალდამცველს ბრალი წაუყენეს

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტის წამების საქმეზე გაგრის რაიონის ხუთ პოლიციელს ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ ადამიანის უფლებათა პროექტი "აქსიომა" წერს.

სამართალდამცავებს - ბაღათელიას, ჯალაღონიას, ჭითანავას, მიხელიას და ანშბას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. საქმე ეხება 2021 წელს მომხდარ შემთხვევას და საქმის მასალები ახლა არსებითი განხილვისთვის გაგრის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნა.

ადგილობრივი ე.წ. პროკურატურის ინფორმაციით, 2021 წლის 7 აპრილს ბაღათელია და მისი კოლეგები მამზიშხას მთასთან პატრულირებდნენ და შენიშნეს პეტერბურგელი არტიომ რუსსკიხი, რომელიც აფხაზეთში დასასვენებლად იყო ჩასული. ტურისტი ნარკორეალიზაციის ბრალდებით დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. პოლიციელებმა ის გაჩხრიკეს და დაახლოებით, ღამის 23:00 საათზე გაათავისუფლეს, მაგრამ მალევე დააბრუნეს პოლიციის განყოფილებაში.

შემდეგ სამართალდამცვავებმა არტიომის მეუღლე დარია მოროზოვა და მათი მეგობარი პოლინა სალმინა დააკავეს. გოგონები დაკითხეს და სასტუმროში მათი ოთახები გაჩხრიკეს.

  • "ჩემი მეგობარი დაკითხეს და დაემუქრნენ გაუპატიურებით. მე დამკითხეს და დამაშინეს", - განუცხადა მოროზოვამ უფლებადამცველ პაველ ჩიკოვს.

პოლიციას სურდა, იძულების გზით ეღიარებინა დაკავებულს ნარკოტიკების გაყიდვა.

"კედელთან დამაყენეს, უკნიდან თირკმელებში მირტყამდნენ წიხლებს. ერთ მომენტში ვუთხარი: ნება მომეცით ყველაფერი მშვიდად გითხრათ", - იხსენებს დაზარალებული.

მისივე თქმით, სამართალდამცავებმა ის მდინარესთან წაიყვანეს, სადაც რამდენჯერმე ჩაძირეს გაყინულ წყალში. საბოლოოდ, დაკავებულმა მოიტყუა, დაჰპირდა პოლიციელებს, რომ აჩვენებდა ადგილს, სადაც დამალა.

როდესაც ნარკოტიკები ვერ იპოვეს, მამაკაცი კვლავ სცემეს. მეორე დილის 6 საათამდე არ გაუშვეს, შემდეგ კი საზღვარზე გადაიყვანეს და ურჩიეს, აღარ დაბრუნებულიყო აფხაზეთში.