ავტორი:

"ე.ი. 27 ქვეყნის მთავრობა გაგიჟდა, ამერიკელები გაგიჟდნენ და მარტო "ქართული ოცნება“ კითხულობს ამ კანონს ამერიკულად?!" - ლევან ხაბეიშვილი

"ე.ი. 27 ქვეყნის მთავრობა გაგიჟდა, ამერიკელები გაგიჟდნენ და მარტო "ქართული ოცნება“ კითხულობს ამ კანონს ამერიკულად?!" - ლევან ხაბეიშვილი

ე.ი. 27 ქვეყნის მთავრობა გაგიჟდა, ამერიკელები გაგიჟდნენ და მარტო "ქართული ოცნება" კითხულობს ამ კანონს ამერიკულად?! - სპეცსამსახურები ატარებენ პარლამენტის სხდომას. ხედავთ, რომ არა პარლამენტის მანდატური, არამედ სპეცდანიშნულების რაზმია. მე ქვემეხი არ მაქვს, რომ დავუპირისპირდე, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ამასთან, მან ის ფაქტი შეაფასა, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების დღეს განხილვის გადაწყვეტილება მიიღეს.

როგორც ხაბეიშვილი განმარტავს, ყველამ ერთად უნდა შეუშალოს ხელი ამ კანონის მიღებას.

"დიდი ხანია, რაც საზოგადოებამ იცის, რომ "ქართული ოცნების“ სიტყვას ფასი არ აქვს. კიდევ ერთხელ მოიტყუეს, იციან, რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, "ნაციონალური მოძრაობა" ბოიკოტის რეჟიმშია. სავარაუდოდ, აკვირდებოდნენ, ვიქნებოდით თუ არა წარმოდგენილები პარლამენტში, როგორც კი ნახეს, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია არ არის პარლამენტში, მოდი დრო ვიხელთოთ და სწრაფად მივიღოთ ეს კანონიო. ესენი ამას გააკეთებენ. არათუ მე, ყველამ ერთად უნდა შევუშალოთ ხელი ამ კანონის მიღებას, ქვეყნის გარუსებას. დაყოფას უნდა მოვრჩეთ ყველა სფეროში. არასამთავრობო სფეროში, პოლიტიკასა და მედიაში. ვაპირებთ ბრძოლას და მოქმედებას. მნიშვნელოვანია სახალხო პროტესტი. მოყვანილი ჰყავთ ანტიტერორისტული სამსახურის თანამშრომლები, გდდ-ს თანამშრომლები, იმიტომაც არის, რომ დადიან აჯაჯულ-დაჯაჯულები. ეს ხალხი კონსტიტუციას არღვევს, როცა რუსული კანონი შემოაქვთ.

მდინარაძეს ვუსმინე, დღეს გახვართქლული ამტკიცებდა, რას ლაპარაკობთო. პუტინის რუსეთში ხომ ასე იციან, შავზე ამბობენ თეთრიაო და შემდეგ ყველა იმეორებს. ასე აკეთებენ. ე.ი. 27 ქვეყნის მთავრობა გაგიჟდა, ამერიკელები გაგიჟდნენ და მარტო "ქართული ოცნება" კითხულობს ამ კანონს ამერიკულად?!

სპეცსამსახურები ატარებენ პარლამენტის სხდომას. ხედავთ, რომ არა პარლამენტის მანდატური, არამედ სპეცდანიშნულების რაზმია. მე ქვემეხი არ მაქვს, რომ დავუპირისპირდე. ხედავთ, რომ იარაღები აქვთ. ეს ქვეყანა ყველას დასაცავია, ნუ ელოდებით სტრატეგიას და გეგმას. ზვიად გამსახურდია რომ იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, გაწერილი გეგმა და ტაქტიკა არ არსებობდა, არსებობს ხალხი. ხალხშია ძალა“, - აღნიშნა ხაბეიშვილმა, რომელიც კომენტარის დასრულების შემდეგ სხდომათა დარბაზში შევიდა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა მიმდინარეობს.

საკითხების განხილვა ხუთშაბათს იყო გადაწყვეტილი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ "თავდაცვის კოდექსის“ დღეს დაგეგმილი განხილვა გადაიდო, ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გამოვიდა ინიციატივით, კანონპროექტების განხილვა დღეს დაიწყონ და თუ პროცესი დღესვე ვერ დასრულდება, ხუთშაბათს გაგრძელდეს.