ავტორი:

"არავითარ შემთხვევაში დარბევა არ იქნება - დღეს შს მინისტრი არ არის გახარია, ვახტანგ გომელაურია" - კობახიძე

"არავითარ შემთხვევაში დარბევა არ იქნება - დღეს შს მინისტრი არ არის გახარია, ვახტანგ გომელაურია" - კობახიძე

არავითარ შემთხვევაში დარბევა არ იქნება - დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი გახარია არ არის, ვახტანგ გომელაურია, რომელიც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იდგა და დღესაც იდგება , - ამის შესახბ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე პარლამენტთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სამართალდამცავი ორგანოები პროპორციულობის პრინციპის დაცვით იმოქმედებენ.

"მთავარია, რომ სამართალდამცავი ორგანოები პროპორციულობის პრინციპის დაცვით იმოქმედებენ და არავითარ შემთხვევაში დარბევა არ იქნება. სადაც იქნება საჭირო პროპორციული ძალის გამოყენება, იქ იქნება გამოყენებული, მათ შორის იმისთვის, რომ საფრთხე არ შეექმნათ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს.

თუმცა ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სამართალდამცავი ორგანოები იმოქმედებენ სათანადოდ, პროპორციულობის პრინციპის დაცვით. დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი არ არის გახარაია, ვახტანგ გომელაურია, რომელიც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იდგა და დღესაც მოწოდების სიმაღლეზე იდგება. ამაში უპირველესად, იგულისხმება ის, რომ თანაზომიერების პრინციპი აუცილებლად იქნება დაცული“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ აქციაზე დაშავდნენ სამართალდამცველები და ზოგიერთმა მათგანმა სერიოზული დაზიანება მიიღო.

"დაფიქსირდა ძალადობის შემთხვევები სამართალდამცავების მიმართ, არის სერიოზული ფიზიკური დაზიანების შემთხვევები სამართალდამცველების შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ნებისმიერი კანონდამრღვევი კანონის მთელი სიმკაცრით იქნება დასჯილი“,- განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ვრცელდება ე.წ. აგენტების შესახებ კანონის ინიციატორებისა და მხარდამჭერი დეპუტატების მისამართები, რაც კობახიძის შეფასებით, არის ფაშიზმის გამოვლინება.

"ვრცელდება კანონპროექტის ინიციატორების და ასევე, მხარდამჭერი დეპუტატების მისამართები იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ევროპელობაზე დებენ თავს. ეს არის ფაშიზმი და ფაშიზმს არავითარი კავშირი არ აქვს, ბუნებრივია, ევროპასთან. მე ძალიან მაინტერესებს, რას იტყვიან ფაშიზმის ამ გამოვლინებასთან დაკავშირებით ის ორგანიზაციები, რადიკალურ ოპოზიციასთან დაკავშირებული „ენჯეოები“, რომელთა გამჭვირვალეობასაც ითვალისწინებს ჩვენ მიერ დღეს მიღებული კანონპროექტი. მე მგონია, რომ მათი გამჭვირვალობა, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს იმას, რომ ფაშიზმის ასეთი გამოვლინების მიმართ, მათ ექნებათ ცოტა განსხვავებული დამოკიდებულება“,- განაცხადა კობახიძემ.

ნახეთ ასევე: