ავტორი:

როგორ უნდა მოიქცეთ ცრემლსადენი გაზით მოწამვლის შემთხვევაში - ექიმის რჩევები

როგორ უნდა მოიქცეთ ცრემლსადენი გაზით მოწამვლის შემთხვევაში - ექიმის რჩევები

პარლამენტის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეების მიმართ, რომელიც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღებას აპროტესტებდა, სპეცრაზმმა წყლის ჭავლთან ერთად ცრემლსადენი გაზიც გამოიყენა. არიან მოწამლულები. პარლამენტთან მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

ექიმი არჩილ მარშანია გვაძლევს რჩევებს, როგორ მოვიქცეთ ცრემლსადენი გაზით მოწამვლის შემთხვევაში.

"მიუხედავად იმისა, რომ წიწაკის სპრეის და/ან ცრემლსადენი გაზის საწინაღმდეგო, სწრაფმოქმედი ანტიდოტი არ არსებობს და სიმპტომები ერთი შეხედვით მწვავეა, რაც გამოიხატება სუნთქვის გაძნელებით, წვის შეგრძნებით, მხედველობის დროებითი გაუარესებით, ხველით და ა.შ. ის აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევაში არ არის სასიკვდილო და პირველ რიგში ეცადეთ, არ აყვეთ პანიკას. გეკეთოთ ნიღაბი და დამცავი სათვალე (სჯობს ლინზები მოიხსნათ). სპრეით/გაზით დაზიანების შემთხვევაში:

1. დატოვეთ ადგილი და გადაინაცვლეთ უსაფრთხო ადგილას;

2 თან იქონიეთ წყალი, ან ფიზიოლოგიური ხსნარი (ალტერნატივად შესაძლოა გამოყენებულ იქნას რძეც) და ჩამოიბანეთ არე ხანგრძლივად (არ დაისხათ შუბლზე, ამან შესაძლოა ნივთიერება ''ჩარეცხოს'' თვალებში);

3 არ ეცადოთ თვალის ძალით გახელას;

4 თუ ლინზა გიკეთიათ დაზიანების დროს, ის სუფთა ხელებითმოიხსენით;

5 მოიშორეთ დაბინძურებული ტანსაცმელი, მიიღეთ შხაპი, ჩამოიბანეთ შამპუნით, საპნით, ან გელით, გრილი/ნელთბილი წყლით 10 - 15 წუთის განმავლობაში, უწყვეტი ჭავლით;

6 არ დაიზილოთ დაზიანებული არე;

7 სიმპტომების გაძლიერებისას, განსაკუთრებით თანმხლები ქრონიკული დაავადებების (მაგალითად ასთმა) შემთხვევაში, მიმართეთ ექიმის“.