საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციაზე გადაღებულ, საქართველოს ევროპისკენ სწრაფვის სიმბოლოდ ქცეულ ფოტოს აზიარებს, რომელზეც ჩანს ქალი ევროკავშირის დროშით სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის წინ.
"საქართველოს ევროპელო ქალებო, გილოცავთ 8 მარტს" - წერს ზურაბიშვილი.

"მოგმართავთ თქვენ, ვინც ამ საღამოს დგახართ რუსთაველზე, როგორც არაერთხელ ვიდექი მე. მე აქ ვდგავარ ნიუ-იორკში და ჩემს უკან არის თავისუფლების ქანდაკება. ეს არის ის სიმბოლო, რისთვისაც საქართველო მუდამ იბრძოდა, რისთვისაც მოვედით დღემდე. მე ვარ თქვენს გვერდით. თქვენ წარმოადგენთ თავისუფალ საქართველოს, იმ საქართველოს, რომელიც თავის მომავალს ხედავს ევროპაში და არავის მისცემს უფლებას, რომ წაართვან ეს მომავალი. ეს მომავალი ეკუთვნის ჩვენს შემდეგ თაობებს. ეს მომავალი არის ის, რომელსაც ჩვენი წინა თაობები ამზადებდნენ. არავის აქვს უფლება, რომ წაგართვათ მომავალი.
ეს კანონი, რომელიც არავის სჭირდებოდა, არის გასაუქმებელი. არანაირად არ არის გასაგზავნი ვენეციის კომისიაში. მე ამ კანონს დავადებ ვეტოს, არ მაინტერესებს მისი მუხლობრივი განხილვა. მე მაინტერესებს საქართველოს მომავალი, მე მაინტერესებს ის კონსტიტუცია, რომლის გარანტი ვარ მე. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ქვეყნის ევროინტეგრაციის გზა იყოს დაცული. ყველა, ვინც ამ კანონს მისცა ხმა, გვაშორებს ევროპულ გზას. ჩვენ ამ ქვეყანას ევროპაში გავიყვანთ, ამ პირობას გაძლევთ თქვენ" - აღნიშნა პრეზიდენტმა.