ავტორი:

"არა რუსულ კანონს!" - აქციები ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში

"არა რუსულ კანონს!" - აქციები ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში

"არა რუსულ კანონს" - ამ ლოზუნგით აქციები დედაქალაქის პარალელურად, ქვეყნის მთელი მასშტაბით იმართება.

"წინ ევროპისკენ“, "განათლება ევროპაშია“, "ევროპა საქართველოს მომავალია“, "ბათუმი ევროპული ქალაქი“, - ამ შეძახილებით ბათუმში ევროპის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პოლიტიკური პარტიების წევრები და რიგითი მოქალაქეები შეიკრიბნენ და ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ.

შეკრებილები ამბობენ, რომ საქართველოში რუსული რეჟიმის დამყარებას არ შეეგუებიან.

"ყველა ერთად, რის გამოც აქ მოვედით, - ჩვენი ქვეყნის მომავალი საფრთხეშია. ქვეყანა ევროპული ღირებულებებით აღარ მიდის ევროპისკენ. დღეს უცხო ქვეყნის აგენტები ვართ. გუშინ და დღეს ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ცოტანი ვართ, რაც ტყუილია. წლებია ვცდილობთ, ევროპული ღირებულებებით ვაშენოთ ჩვენი სახელმწიფო”, - განაცხადეს შეკრებილებმა.

აქციის მონაწილეებმა მანამდე, მსვლელობა ბათუმში, ქუჩებში მოაწყვეს შეძახილებით “არა რუსულ კანონს”.

"ღირსება არ იყიდება, ჩვენ გვინდა ევროპა“, - ამ მოწოდებით გაიმართა აქცია თელავში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების ორგანიზებით.

აქციის მომდინარეობისას ლოზუნგით "ქალები ტოტალური კონტროლის წინააღმდეგ“ კამპანიის ფარგლებში შეკრებილებმა საგანგებო მიმართვაც წაიკითხეს.

შეკრებილებმა ყოველდღიურ აქციები დააანონსეს. მათ დეპუტატების დავით სონღულაშვილთან და ირაკლი ქადაგიშვილთან შეხვედრის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. როგორც ისინი აცხადებენ, ორივე დეპუტატმა ამომრჩევლის კითხვებს პასუხი უნდა გასცეს - რატომ დაეთანხმნენ რუსული კანონის მიღებას.

"არა რუსულ კანონს“ - ამ მოწოდებით აქცია ოზურგეთშიც მიმდინარეობს. სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები ჭადრების ბაღში შეიკრიბნენ და ე.წ აგენტების შესახებ კანონი გააპროტესტეს.

შეკრებილების განცხადებით, პროტესტი პერმანენტული იქნება, რადგან, მათივე შეფასებით, საზოგადოება ევროატლანტიკური გზიდან გადახვევას არ აპირებს.

"ჩვენი ბრწყინვალე მომავალი ევროპაშია," "არა რუსულ კანონს", "ქვეყნის გამყიდველებო“, - ამ შინაარსის ტრანსპარანტებით ზუგდიდში აქცია მიმდინარეობს. სამოქალაქო აქტივისტებმა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა და რიგითმა მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონპროექტი.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, ხელისუფლება ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის. შეკრებილები სამხარეო ადმინისტრაციის შენობამდე ფეხით მსვლელობას გეგმავენ.

"რადგან 8 მარტია, გვინდოდა ქალების ხმა გაგვეჟღერებინა, თუმცა ხელისუფლების გუშინდელმა მოქმედებამ ჩვენი გეგმები შეცვალა, მართალია ქალების ხმას გავაჟღერებთ, მაგრამ უფრო მძაფრად. "სკეიტ პარკთან“ შევიკრიბეთ და აქედან ფეხით მსვლელობას მოვაწყობთ სამხარეო ადმინისტრაციის შენობამდე, სადაც პროტესტს გავაგრძელებთ. წავიკითხავთ ქალთა მოძრაობის მანიფესტს და ჩვენს ხმას გავაგონებთ ყველას“, - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა ცაბუნია ვართაგავამ.

საპროტესტოდ ქალები გავიდნენ ქუჩაში ქუთაისშიც.

"არა რუსულ კანონს“, "ქალები ტოტალური კონტროლის წინააღმდეგ“, - ამ მოწოდებებით ქუთაისში ქალების მარში გაიმართა.

მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ.

მათი თქმით, აღნიშნული კანონპროექტი ხელს უშლის ქვეყნის ევროპულ მომავალს და ემსახურება რუსულ ინტერესებს. აქციის მონაწილეების თქმით, წინააღმდეგობა სხვადასხვა ფორმით გაგრძელდება.