ავტორი:

"კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით გავიტანთ და კენჭისყრაზე ჩავაგდებთ" - მამუკა მდინარაძე

"კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით გავიტანთ და კენჭისყრაზე ჩავაგდებთ" - მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ე.წ. აგენტების შესახებ ორივე კანონპროექტი ვენეციის კომისიიდან გამოთხოვილია.

ამასთან, როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, „ხალხის ძალამ“ ე.წ. აგენტების შესახებ კანონის ის ვერსიაც გამოიხმო უკან, რომლის განხილვაც პარლამენტს ჯერ არ დაუწყია, ხოლო რაც შეეხება კანონპროექტის იმ ვერსიას, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო, მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, მას მეორე მოსმენაზე გაიტანენ, თუმცა მხარს არ დაუჭერენ და ამ ფორმით ჩააგდებენ.

"საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე გააგზავნა ვენეციის კომისიაში თავისი წერილი კანონპროექტების გამოხმობის შესახებ, შესაბამისად, ვენეციის კომისიას ჩვენ აღარ ვთხოვთ, რომ ამ კანონპროექტებზე მოხდეს განხილვა და დასკვნის გამოგზავნა. ერთი კანონპროექტი, რომელზეც შესაძლებელი იყო პროცედურულად, „ხალხის ძალის“ მიერ უკვე გამოხმობილია და გაგზავნილია წერილი საქართველოს პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე, როგორც ეს პროცედურულად ხდება, იმის შესახებ, რომ ის არის გამოწვეული. რაც შეეხება მეორე საკითხს, შესაძლოა, ეს გარკვეული ფორმალობაც იყოს, მაგრამ მათივე მხრიდან მიწერილია წერილი, რომ უარს ამბობენ ამ კანონპროექტის მხარდაჭერაზე. რაც შეეხება კანონპროექტს გაწვევის გზებს, რომელიც პირველი მოსმენითაა განხილული, როგორც წესი, საქართველოს რეგლამენტის თანახმად, მეორე მოსმენით გავა და მეორე მოსმენით ჩავარდება. ამის შესახებ პოლიტიკურ განცხადებას კიდევ ერთხელ ვაკეთებ და გიდასტურებთ. ჩავარდნა იქნება ის, რაც ამ საკითხს პროცედურულად გადაწყვეტს“, - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, "ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის ერთობლივი განცხადებით, მიიღეს გადაწყვეტილება, „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვიონ კანონპროექტი“.

"ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, როგორც საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე პასუხისმგებელმა მმართველმა ძალამ, მივიღეთ გადაწყვეტილება, უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გავიწვიოთ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი" - ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნახეთ ვიდეო: