ავტორი:

"მე ჩემი პრინციპები მაქვს" - გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ჩაჩიბაიას პირველი კომენტარი მას მერე, რაც მან ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

"მე ჩემი პრინციპები მაქვს" - გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ჩაჩიბაიას პირველი კომენტარი მას მერე, რაც მან ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

როგორც ცნობილია, 7 მარტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა 78 ხმით პირველი მოსმენით მიიღო "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი. პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციისა და გადაკეტილი რუსთაველის პარალელურად, "ქართული ოცნების" დეპუტატებმა კენჭისყრა დარბაზში ოპოზიციის პროტესტისა და შეძახილების ფონზე ჩაატარეს. თავდაპირველად ცნობილი გახდა, რომ კანონპროექტს მმართველი გუნდიდან ოთხმა დეპუტატმა არ მისცა ხმა, დასახელდნენ: დავით სერგეენკო, ვლადიმერ ჩაჩიბაია, ირაკლი მეძმარიაშვილი და ქეთი დუმბაძე, მალევე ორმა უკანასკნელმა გადათქვა გავრცელებული ინფორმაცია და ის, რომ ხმა ვერ მისცეს, ტექნიკურ პრობლემას დააბრალა. დიდი საზოგადოებრივი, მათ შორის ახალგაზრდობის პროტესტის შემდეგ ხელისუფლებამ კანონპროექტი უკან გაიწვია.

ჩვენ უკვე რამდენიმე დღეა ვცდილობდით დავით სერგეენკოსა და ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან დაკავშირებას.

შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ბოლოს და ბოლოს უპასუხა ჩვენს ზარს. გვითხრა, რომ არ სურდა ამაზე ლაპარაკი, თუმცა საბოლოოდ მოკლედ მაინც გვიპასუხა.

- ბატონო ლადო, კანონპროექტს მიეცით ხმა?

- არა, პულტს არ დავაჭირე ხელი.

- რატომ?

- მე ჩემი პრინციპები მაქვს და იმიტომ. დიდი ბოდიში, უნდა წავიდე...