ავტორი:

ანა ნაცვლიშვილის თქმით, ოპოზიციის დეპუტატები პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართავენ

ანა ნაცვლიშვილის თქმით, ოპოზიციის დეპუტატები პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართავენ

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დეპუტატმა "ლელოდან" ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტის ოპოზიციონერი წევრები პრეზიდენტს სთხოვენ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას.

როგორც ანა ნაცვლიშვილმა რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, თუ "ქართული ოცნება“ თავის დღევანდელ განცხადებაში გულწრფელია, მას მსგავსი დოკუმენტის გაფორმების საწინააღმდეგო არაფერი უნდა ჰქონდეს.

"მადლობა თქვენ ბრძოლისთვის, რომლითაც ამ "რუსულ ოცნებას“ აჩვენეთ, რომ არ დავიღლებით, არ დავნებდებით, სანამ შინ, ევროპაში არ ვიქნებით. გუშინ, ჩვენი ერთიანობით ბრძოლა მოვიგეთ და მათ უკან დაიხიეს, მაგრამ მხოლოდ ცარიელი სიტყვების არ გვჯერა. მათ სახელი გატეხილი აქვთ.

ხალხის ნება, ამ კანონის გაწვევასთან დაკავშირებით, უნდა გაფორმდეს სამართლებრივად, კონსტიტუციურად. ჩვენ ვიცით პრეზიდენტის პოზიცია ხელისუფლების მიმდინარე ძალადობრივ მოქმედებებზე. მის პოზიციას ვაფასებთ და ვთხოვთ, რომ რაც შეიძლება მალე, ამ კვირის დასაწყისშივე, მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა და გაფორმდეს დოკუმენტი, რითაც ხალხის მოთხოვნა აღსრულდება. თუ "ქართული ოცნება“ თავის დღევანდელ განცხადებაში გულწრფელია, მას ამის საწინააღმდეგო არაფერი უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ასევე, მან ღირსეული შვილების გაზრდისთვის მადლობა გადაუხადა იმ ახალგაზრდების მშობლებს, რომელთა შვილებიც 7 და 8 მარტს საპროტესტო აქციებზე დააკავეს.

"ჩვენ არ ვივიწყებთ მებრძოლებს, რომლებიც არ შეუშინდნენ არც წყლის ჭავლს, არც გაზს, არც ცემასა და ძალადობას. სანამ ისინი სახლში უსაფრთხოდ არ იქნებიან, ჩვენ გავაგრძელებთ პროტესტს. მინდა ამ გამბედავი და ღირსეული ახალგაზრდების მშობლებს მადლობა ვუთხრა, რომ მათ ღირსეული შვილები გაზარდეს.

არ გავჩერდებით, არ დავიღლებით, სანამ ამ ქვეყანას არ ეყოლება არა რუსული, არამედ ქართული ანუ ევროპული ხელისუფლება არ ეყოლება. ყოველთვის, როცა საჭირო იქნება, იმ ევროპულ ხელისუფლებასაც შევახსენებთ, რომ კანონი ხალხს ეკუთვნის!“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, მისი გამოსვლის მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიმდინარე წლის 7 და 8 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დაკავებული ყველა პირი გათავისუფლდა.