ავტორი:

"ბაკურიანში ვისვენებდი და იქ მომიყვანა ახალი მანქანა, რომელიც ჩემი მეგობრებით იყო სავსე" - როგორ ანებივრებს ლაშა ტალახაძე მეუღლეს

"ბაკურიანში ვისვენებდი და იქ მომიყვანა ახალი მანქანა, რომელიც ჩემი მეგობრებით იყო სავსე" - როგორ ანებივრებს ლაშა ტალახაძე მეუღლეს

გაზაფხულია. წელიწადის ამ დროის დადგომას ყოველთვის განსაკუთრებული სიხარული ახლავს, სიცოცხლის საწყისად ითვლება და სიმბოლურია, რომ სწორედ 3 და 8 მარტს დედის და ქალთა დღესასწაულები აღნიშნეს.

როგორ ანებივრებს ამ დღესასწაულებზე ოჯახის წევრ ქალბატონებს მსოფლიოში უძლიერესი მამაკაცი? ამის გასარკვევად ჟურნალი "გზა" ლაშა ტალახაძის მეორე ნახევარს, ანი დემურიას დაუკავშირდა:

- სანამ ოჯახს შევქმნიდი და შვილები მეყოლებოდა, ეს დღესასწაულები მანამდეც ძალიან მიყვარდა. მახსოვს, ბავშვობაში დედას 3 და 8 მარტს როგორ ვულოცავდი; პატარა ბარათებს ვუწერდი, რომლებიც ახლაც შენახული გვაქვს. როცა დედა თავად გავხდი, 3 მარტის დღესასწაულს ძალიან ველოდებოდი, რადგან ის ემოციები მახსოვდა, რომლითაც დედაჩემს ბავშვობაში ვულოცავდი. ერთი სული მაქვს, ჩემი შვილები მსგავსი ბარათების წერას როდის დაიწყებენ, ჯერ საამისოდ პატარები არიან. გააზრებული მაქვს, რას ნიშნავს დედობა და კარგია, რომ ამის აღმნიშვნელი დღეც არსებობს.

- ამ დღეს ლაშა როგორ გილოცავს?

- ლაშა ყოველთვის ძალიან ყურადღებიანია, არც ერთი დღესასწაული არ გამორჩება. 3 და 8 მარტს სიმბოლურად მაინც აღნიშნავს.

- სიურპრიზებით ხშირად განებივრებს?

- საკმაოდ ხშირად მიწყობს სიურპრიზებს. სპონტანურობაც სჩვევია. დაუგეგმავადაც შეუძლია ისე გაგახაროს, რომ...

- გამორჩეულად რა გახსენდება?

- პირველად რომ მანქანა მაჩუქა.

- ეს შენთვის მოულოდნელი იყო?

- დიახ, არ ვიცოდი, მანამდე ამაზე არაფერი ჰქონდა ნათქვამი. ბაკურიანში ვისვენებდი და იქ მომიყვანა ახალი მანქანა, რომელიც ჩემი მეგობრებით იყო სავსე. ძალიან, ძალიან გამიხარდა.

- ლაშა 3 მარტს საკუთარ დედას როგორ ულოცავს?

- ლაშა, როგორც ჩემ მიმართაა ყურადღებიანი, ისევე არის საკუთარი დედის მიმართაც. მას არასდროს ტოვებს საჩუქრის გარეშე და ასეც უნდა იყოს.

- დედამთილისთვის საჩუქარს ერთად არჩევთ, თუ ამ საქმეს ლაშა მხოლოდ საკუთარ თავზე იღებს?

- ლაშა სრულად იღებს პასუხისმგებლობას.

- იმედია, სიდედრის მიმართაც ასეთივე ყურადღებიანია.

- რა თქმა უნდა, უყურადღებოდ და უსაჩუქროდ სიდედრსაც არასდროს ტოვებს. დედის დღეს სამივეს გვილოცავს.

- ანა, დედობამ შენში რა შეცვალა?

- დედაშვილობას სულ სხვა თვალით შევხედე, უკვე სხვა ინსტინქტები გამიჩნდა, უფრო ფრთხილი გავხდი, ემოციების მოთოკვა ვისწავლე. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს დედაჩემი ჩემთან ერთად არის და შვილების აღზრდაში მეხმარება. ძიძა არასდროს გვყოლია, პირველი შვილი მარტომ გავზარდე, მეორე რომ დაიბადა, ცოტათი გამიჭირდა, რადგან ლაშა სულ შეკრებებზეა. რაც მესამე შვილი გაგვიჩნდა, მას შემდეგ დედაჩემი საცხოვრებლად ჩემთან გადმოვიდა და ძალიან მეხმარება.

- ლაშა ახლაც შეკრებაზეა?

- დიახ, ბათუმშია, ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც სომხეთში გაიმართება.

- 3 და 8 მარტს ერთად ვერ იქნებით?

- ლაშა თბილისში ვერ ჩამოვა, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ ბათუმში ჩასვლას.

ჟურნალი: "გზა"