ავტორი:

"მე საქართველოს ფანი ვარ" - 3 დღიანი შთამბეჭდავი სანახაობა ბერლინში და 200 ათასამდე სტუმარი, საქართველოში მოგზაურობის სურვილით: უცხოელების შეფასება ITB Berlin 2023-ზე

"მე საქართველოს ფანი ვარ" - 3 დღიანი შთამბეჭდავი სანახაობა ბერლინში და 200 ათასამდე სტუმარი, საქართველოში მოგზაურობის სურვილით: უცხოელების შეფასება ITB Berlin 2023-ზე

დასრულდა უდიდესი ტურისტული გამოფენა ბერლინში, ITB Berlin 2023, რომლის მასპინძელიც წელს საქართველო გახლდათ. "უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“ - 6-9 მარტს, საქართველომ ამ გზავნილით 180-ზე მეტი სახელმწიფოდან 200 ათასამდე სტუმარს უმასპინძლა. გამოფენას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მედიის 5000-მდე წარმომადგენელი აშუქებდა. გამოფენის განმავლობაში არაერთი შეფასება გაკეთდა საქართველოს, როგორც მასპინძელი ქვეყნის გამოფენაში მონაწილეობაზე.

  • ITB Berlin 2023-ის საზეიმო გახსნაზე საქართველოს წარდგენა შეაფასა გერმანიის ტურიზმის ასოციაციის (DVR) პრეზიდენტმა. ნორბერტ ფეიბიგის განცხადებით, გამოფენის გალა გახსნაზე საქართველომ მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის უდიდესი ყურადღება დაიმსახურა.

"მე საქართველოს დიდი ფანი ვარ, რაც გუშინ გალა გახსნაზე ვიხილეთ ეს ძალიან შთამბეჭდავი იყო. ყველა ვისაც ვესაუბრებოდი იგივე შთაბეჭდილებებით იყო აღსავსე. საქართველოს ძალიან ბევრი რამ აქვს მსოფლიოსთვის შესათავაზებელი, ITB ბერლინის მასპინძლობა ბევრს ნიშნავს. საქართველო ჯერ კიდევ სრულად არ არის ტურიზმის ინდუსტრიის ობიექტში და ჯერ კიდევ არ არის წარმოდგენილი მისი სრული პოტენციალი, სწორედ ამ გამოფენაზე საქართველოს პრეზენტაციამ გააკეთა ის, რაც გესაჭიროებოდათ, ეს ყურადღების მიპყრობაა. რაც გალა გახსნაზე ვიხილეთ, ამის შემდეგ ნამდვილად ღირს საქართველოში მოგზაურობა, რომელსაც აქვს სტუმართმოყვარეობის არაჩვეულებრივი ტრადიცია და გამორჩეულია სამზარეულოთი“ - აცხადებს გერმანიის ტურიზმის ასოციაციის (DVR) პრეზიდენტი ნორბერტ ფეიბიგი.

მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენა ITB Berlin 2023 საქართველომ გრანდიოზული გალა კონცერტით გახსნა, სადაც ქართველმა ხელოვანებმა 3000-მდე სტუმარს საქართველოს უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა და კულტურა გააცნეს.

"Messe ბერლინის“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ საქართველოს სტენდი დაათვალიერა, რომელიც ITB 2023-ზე გამოფენის მთავარი სტენდი იყო. დევიდ რუთსის განაცხადებით გამოფენაზე საქართველოს სტენდმა, აქტივობებმა და ქართულმა ტურისტულმა პროდუქტებმა განსაკუთრებული ყურადღება.

"ეს იყო ITB ბერლინის გამოფენის 3 შესანიშნავი დღე ქართველ მეგობრებთან ერთად. მე ქართულად შემიძლია გითხრათ დიდხანს და ბედნიერად იცხოვროთ ყველამ. დიდ მადლობას ვუხდი საქართველოს ყველა მონაწილეს. ძალიან წარმატებული გამოფენა იყო. 3 დღეში ITB-2023-ს 90000-მდე ვიზიტორი ეწვია. ეს ახალი რეკორდია, რომელსაც არ ველოდით ITB-ის განახლების შემდეგ. ვფიქრობ ჩვენსა და საქართველოს შორის პარტნიორობა წლების განმავლობაში გაგრძელდება. შთაბეჭდილებები რომელიც საქართველოს სტენდთან ადამიანებმა მიიღეს დიდი ხანი რჩება გონება და გულში. გამოფენის გახსნის დაუვიწყარი ცერემონია, ეს მშვენიერი სტენდი და პარტნიორებთან ურთიერთობა დიდი წარმატების მომტანი იქნება როგორც საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიისთვის ასევე ჩვენთვის" - აცხადებს დევიდ რუთსი.

ITB ბერლინის ტურისტული გამოფენის ბოლო დღეს, საქართველოს სტენდთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე ITB ბერლინის გამოფენის დირექტორს შეხვდნენ. დებორა რუთმა ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა იმ აქტივობებისთვის, რომელიც გამოფენის ფარგლებში მოეწყო.

"ეს იყო სანახაობრივი გამოფენა. 3 დღის განმავლობაში მოეწყო საქმიანი შეხვედრები. ეს განსაკუთრებული გამოფენაა, რადგან პანდემიის შემდეგ ბერლინში ტურიზმის ინდუსტრიის ხელახლა შეკრებით დიდი განახლება მოხდა. ამ განახლებისთვის ITB-ზე საქართველოზე უკეთეს პარტნიორს ვერც შევარჩევდით. მოხარულები ვართ, რომ საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობდა. საქართველოში მოგზაურობა და შესწავლა ნამდვილად ღირს. ჩვენი გამოფენის შემდეგ ვფიქრობ მთელმა მსოფლიომ გაიცნო საქართველო და ძალიან ბევრი ეწვევა თქვენს მშვენიერ ქვეყანას“, - აცხადებს დებორა რუთი.

6 მარტს, გამოფენის გახსნამდე ერთი დღით ადრე საზეიმო გახსნის გალა-კონცერტი City Cube-ის პავილიონში გაიმართა, რომელსაც 3 ათასამდე მაყურებელი დაესწრო. კულტურულ პროგრამაში, სახელწოდებით - „უსაზღვრო ქართული კულტურა“ წარმოდგენილი იყო შოუ ქართული სტუმარმასპინძლობის, საქართველოს კულტურისა და ისტორიის შესახებ.

კონცერტის დაწყებამდე სიტყვით გამომსვლელები საქართველოს შესახებ ასევე ბევრს საუბრობდნენ.

"მე ძალიან მიხარია, რომ საქართველო არის წლევანდელი ღონისძიების მასპინძელი ქვეყანა. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, რომ ამ საოცარ ქვეყანაში იმოგზაუროთ" - ამის შესახებ მესე ბერლინის დირექტორმა დირკ ჰოფმანმა ტურისტული გამოფენის - ITB Berlin 2023-ის საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. დირკ ჰოფმანმა იმედი გამოთქვა, რომ ყველას გაეზრდება სურვილი, საქართველოში იმოგზაუროს.

"ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ყველა ვიმყოფებით ბერლინის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში, სადაც ტარდება საერთაშორისო ტურზიმის გამოფენა. მიხარია, რომ ყველანი ვხვდებით ერთმანეთს და განსაკუთრებული მილოცვით მინდა მივესალმო ყველა ქვეყანას და განსაკუთრებით მასპინძელ ქვეყანას, საქართველოს და მის პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს. ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს ჩვენთან ერთად იმყოფებით, ბატონო პრემიერ-მინისტრო. მე ძალიან მიხარია, რომ საქართველო არის წლევანდელი ღონისძიების მასპინძელი ქვეყანა. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, რომ ამ საოცარ ქვეყანაში იმოგზაუროთ მენტალურად ამ კონკრეტულ შემთხვევაში და შემდეგ უკვე ფიზიკურად და ახალ ეტაპზე გადაიყვანოთ თქვენი ურთიერთობა ამ მიმართულებით. მე იმედი მაქვს, რომ ყველას გაგვეზრდება სურვილი, რომ ამ ქვეყანაში ვიმოგზაუროთ" - განაცხადა დირკ ჰოფმანმა.

  • "ბატონო ირაკლი, განსაკუთრებულად მოგესალმებით თქვენ და თქვენს დელეგაციას ბერლინში, ძალიან მიხარია, რომ საქართველო წლევანდელი ღონისძიების მასპინძელი ქვეყანაა, ჩვენ ურთიერთობის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ისტორია გვაქვს" - ამის შესახებ ბერლინის მერმა ფრანცისკა გიფაიმ ტურისტული გამოფენის - ITB Berlin 2023-ის საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ფრანცისკა გიფაიმ აღნიშნა, მას დიდი სურვილი აქვს, რომ ბერლინში ჩასულმა ქართველებმა თავი ისე იგრძნონ, როგორც საკუთარ სახლში.

"ყველას მოგესალმებით ბერლინში, გერმანიის დედაქალაქში. ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. ყველას მოგესალმებით ამ ღონისძიების გახსნით ცერემონიაზე, გულწრფელად მივესალმები ჩვენს სტუმრებს საქართველოდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს. ბატონო ირაკლი მოგესალმებით თქვენ და თქვენს დელეგაციას ბერლინში, ძალიან მიხარია, რომ საქართველო არის წლევანდელი ღონისძიების მასპინძელი ქვეყანა, განსაკუთრებით მოგესალმებით თქვენ, ბატონო ირაკლი.

საქართველოსა და ბერლინის ძალიან ბევრი რამით მსგავსება ცხადყოფს და მინდა ვთქვა, რომ ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ისტორია გაგვაჩნია ურთიერთობის. საქართველო იყო განსაკუთრებული სტუმარი 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის გამოფენაზე და ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ამ მიმართულებით. ეხლა მაქვს საშუალება, რომ ამ საოცარ ქვეყანას კიდევ ერთხელ გავეცნო და მაქვს ძალიან დიდი სურვილი და მოლოდინი ამისა. ასევე მე მინდა, რომ ქართველებმა, საქართველოდან ჩამოსულმა სტუმრებმა ბერლინში თავი ისე იგრძნონ, როგორც საკუთარ სახლში. ჩვენ ძალიან ბევრი რამის შეთავაზება შეგვიძლია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისეთი თვალწარმტაცი მთიანი ბუნება გვაქვს, როგორიც საქართველოშია, მაგრამ ბოლო ღონისძიების შემდეგ, კორონა პანდემიის შემდეგ, ომის გამო ჩვენ ძალიან ბევრი რამ ვიწვნიეთ, ჩვენი საზოგადოება ძალიან დამძიმდა, მაგრამ ბევრ ქვეყანაში გაერთიანდა ხალხი, რომ სოლიდარობა გამოეჩინა უკრაინის მიმართ და ლტოლვილები მიეღო ამ ქვეყნიდან“,- აღნიშნა ფრანცისკა გიფაიმ.