ავტორი:

"უბრალოდ დევს თვალი, თორემ მხედველობის აღდგენის ვარიანტი აღარ არის" - მამაკაცი ამბობს, რომ აქციაზე მძიმედ დაშავდა

"უბრალოდ დევს თვალი, თორემ მხედველობის აღდგენის ვარიანტი აღარ არის" - მამაკაცი ამბობს, რომ აქციაზე მძიმედ დაშავდა

"ტვ პირველი" აქვეყნებს მამაკაცთან ინტერვიუს, რომელიც ამბობს რომ, ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე მძიმედ დაშავდა.

ზაზა ბიღიაშვილს თქმით, იმ დროს, როცა სპეცრაზმმა ხალხის მისამართით წყლის ჭავლი გაუშვა, თვალში რაღაც მოხდა, რის შემდეგაც ერთი თვალიდან მხედველობა დაკარგა.

"კარგად ვერ ვარ, თვალით ვერ ვხედავ ვერაფერს, ცოტა ტვინის შერყევა და სისუსტე მაქვს... ექიმმა თქვა, რომ სულ ჩაშლილიაო, ძლივს ააწყვეს, დაშლილი იყო თვალი, უბრალოდ დევს თვალი, თორემ მხედველობის აღდგენის ვარიანტი აღარ არისო.

დროშა რომ მეჭირა წყლის ჭავლი გამოუშვეს და რომ შევტრიალდი მაგ დროს სროლის ხმა იყო და ამ სროლის ხმის დროს რაღაც მომხვდა, მაგრამ რა მომხვდა არ ვიცი.. ეს იყო პლასტმასის, თუ რეზინის ტყვია, ან ბალონი, თუ ხელკეტი... არ ვიცი, არ ვიცი რა მომხვდა, რაღაც მომხვდა გვერდულად ვიყავი და მაგ დროს მომხვდა. გაზი რომ გამოიყენეს, მაგის მერე გაისროლეს. გვიან მოხდა ეს ყველაფერი. ორი ბიჭი იყო ჩემს გვერდით და ისინი მომეხმარნენ, ჩამიყვანეს სასწრაფომდე, დამაწვინეს და წამიყვანეს ნიუ ჰოსპიტალში, მაგათი მადლობელი ვარ" - ამბობს მამაკაცი.

ექიმ ლევან მეტრეველის განცხადებით, 7 მარტს აქციაზე დაშავებულ ბიღიაშვილს უთხრეს, რომ მისი თვალის დაზიანების სიმძიმიდან გამომდინარე, მხედველობას ვერ აღუდგენენ.

როგორც ექიმმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, დაშავებული კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ იმყოფებოდა, სადაც მას ჭრილობები დაუმუშავეს და მედიკამენტები დაუნიშნეს.

"7 მარტს, აქციაზე დაშავდა ადამიანი, რომელსაც თვალის დაზიანება და სახის არეში ჭრილობები აქვს. ამ ადამიანს, ზაზა ბიღიაშვილს მივაგენით, რუსთავის გზატკეცილზე ცხოვრობს და "თბილსერვის ჯგუფის" მძღოლია. როგორც თვითონ ჰყვება, აქციაზე მას სპეცდანიშნულების რაზმმა წყლის ჭავლით შეუტია. წყლის ძალამ ის შემოატრიალა, რა დროსაც სპეცრაზმის მხრიდან გასროლის ხმა გაიგონა და რაღაც მოხვდა თვალში. ეს ადამიანი სახლში მოვინახულე და გავსინჯე. ის უკვე იმყოფებოდა კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“, სადაც თვალის ჭრილობა დაუმუშავეს. ასევე, ცხვირისა და შუბლის მიდამოებში ორი ჭრილობა გაუკერეს და დაუნიშნეს მედიკამენტები. მას უთხრეს, რომ მისი თვალის დაზიანების სიმძიმის გამო, მხედველობას ვერ აღუდგენენ“, - განაცხადა ექიმმა ლევან მეტრეველმა.