თბილისში მიმდინარე რამდენიმე მასშტაბურ პროტესტს, რომელსაც ახალგაზრდების დაუღალავი აქტიურობით შედეგი მოჰყვა, თვალს ადევნებდნენ მეზობელ ქვეყნებშიც...
სომეხი აქტივისტი და პუბლიცისტი, გორ არმათუნი ამბობს, რომ საქართველოს ევროპული მომავალი სომხეთისთვის უდიდესი სტიმული იქნება. მისი თქმით, ამ შედეგით, მის ქვეყანაშიც კიდევ ერთხელ დაინახეს, რომ სამართლიან ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მით უფრო მაშინ, როდესაც ხალხი გრძნობს თავის ძალას...
"იმ სამი დღის განმავლობაში, ყოველ წუთს ვამოწმებდი სოციალურ ქსელებს, ინტერნეტში ვკითხულობდი საქართველოს ამბებს და აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი... საქართველო ყოველთვის იყო ევროპული ოჯახი, ბევრად მეტად, ვიდრე ამ რეგიონში რომელიმე სხვა ქვეყანა, მაგრამ თქვენი ახალგაზრდების აქტიურობამ, სწორად დასმულმა აქცენტებმა, გამბედაობამ, სითამამემ და სილაღემ, რომელიც იმას გულისხმობდა, რომ უკანდახევას არ აპირებდნენ, იმედი გამიჩინა, რომ შედეგს მიაღწევდნენ. ეს საზოგადოება იმსახურებს ევროპას. წავიკითხე ევროპელებისა და საქართველოს მეგობარი ქვეყნის ლიდერების კომენტარები, კანონის ჩაგდებასთან დაკავშირებით. ვიცი, რომ ბრძოლა გრძელდება, მეზობელ ქვეყანას დიდი გზა აქვს გასავლელი, მაგრამ გამარჯვება ახლოს არის.
რაღაც მომენტში, როდესაც ვითარება იძაბებოდა, სპეცრაზმი მომიტინგეებს შლიდა, ისინი არ ეპუებოდნენ, მეშინოდა კიდეც. ვფიქრობდი, ნუთუ ამაში მეგობარი ქვეყნები და საერთაშორისო პარტნიორები არ ჩაერევიან, ეს ხომ გამოუსწორებელი შეცდომა იქნება, კიდევ ერთხელ უკან დახევს ქვეყანას, მაგრამ შემდეგ, ის ფერადი გოგო-ბიჭები, რომლის პლაკატების შინაარსის დიდი ნაწილი არ მესმოდა, სულ უფრო მეტნი ხდებოდნენ. კადრებში ვხედავდი გადავსებულ ქუჩებს და ვფიქრობდი, ეს ის ძალაა, რომელსაც ვერავინ შეაჩერებს-მეთქი. გილოცავ, საქართველო!..
ეს ბევრი რამის გამო მახარებს. ქართველი ხალხის ბრძოლა ჩვენთვისაც სტიმულია, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ბევრად წინ ხართ. სომხეთს ჯერ რუსული ჭირი აქვს დასამარცხებელი, აზერბაიჯანს კი ეს გზა არ აინტერესებს. ამიტომაც, საქართველო რეგიონში ევროპული ჩირაღდანია. თუ ჩვენ რუსეთისგან თავის დახსნა საბოლოოდ შევძელით და ახლა ამისთვის საუკეთესო დროა, ვფიქრობ, ევროპა სომხეთსაც ფართოდ გაუღებს კარს...
ამისთვის საჭიროა, გიუმრის ბაზის დახურვა, რომელიც ქვეყანაში ზრდადი ანტირუსული განწყობების ფონზე, მხოლოდ დროის საკითხია. თუ ამასობაში საქართველო ევროპული ოჯახის წევრი გახდება, რისი ძალიან დიდი იმედი და წინაპირობები არსებობს, სომხეთისთვის ეს ერთი დიდი პლუსი იქნება, რადგან მადლობა ღმერთს, სომხეთს რუსეთთან საერთო საზღვარი არ აქვს, საქართველოსთვის ზიანი მიყენებას და იქიდან აგრესიის ჩვენზე გავრცელებას ვერ გაბედავს...". - ამბობს გორ არმათუნი AMBEBI.GE-სთან საუბარში.
რუსული სამთავრობო პროპაგანდა ამოუსუნთქავად აშუქებდა თბილისში მიმდინარე მასშტაბურ საპროტესტო აქციებს. ანთებული თვალებით მსჯელობდნენ, თუ როგორ ებრძოდა ვაშინგტონი საქართველოში დემოკრატიას... იმდენად შორს წავიდნენ, რომ არავითარ ბინძურ პროპაგანდას არ მოერიდნენ, თბილისში სომხეთიდან სპეცრაზმია შეყვანილიო... შიდა არეულობის ცხოველი წყურვილის გარდა, სომხეთსა და საქართველოს შორისაც უნდოდათ სიტუაციის დაძაბვა. ამაზე ოცნებობენ, რათა შემდეგ ამღვრეულ წყალში თევზი დაიჭირონ, ეს ხომ მათი არსებობის გამართლებაა" - წერს მეჰრაბიანი.
აზერბაიჯანელი აქტივისტის ბაჰა აბასოვის შეფასებით, საქართველომ, ქართველმა საზოგადოებამ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა ევროპისკენ, თუმცა რუსეთთან ისევ დაახლოების ზღვარზე გაიარა...
"ღამე ისე იძაბებოდა სიტუაცია, რომ ვნერვიულობდი, დილით ცუდი არ დამხვდეს-მეთქი, მაგრამ დილით ვნახულობდი, რომ მთავარ მოედანზე ისევ ღიმილიანი ახალგაზრდები იდგნენ. რომ არა მათი გასაოცრად გულანთებული აქტიურობა, ალბათ ხელისუფლება თავისას გაიტანდა. ფაქტია, რომ ქვეყნის ევროპასთან დაახლოებას უკვალოდ არ ჩაუვლია... პოლიციამ და სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზითა და დაკავებებით, ვერ შეაშინა და შინ ვერ გაუშვა ქართველი ახალგაზრდები. რა ვთქვა?.. ამ ქვეყნის სიტუაციის ჩვენთან შედარებაც არ შეიძლება. აზერბაიჯანში დემოკრატია არასდროს ყოფილა და ევროპული ღირებულებებისგანაც შორს ვართ. საქართველოში ახალგაზრდებმა ევროპული, კულტურული რევოლუციის ფუნდამენტი ჩაასხეს. წარმატებებს ვუსურვებ ქართველ ხალხს. იმედია, ისეთი პოლიტიკური ძალა გამოჩნდება, რომელიც მათ ევროპულ მისწრაფებებს ლოგიკურ გაგრძელებას მისცემს. ძალიან მინდა ეს ტალღა აზერბაიჯანშიც გავრცელდეს." - წერს ის.
ნახეთ ასევე: