ავტორი:

3 ფაქტორი, რამაც ხელისუფლებას უკან დახევა აიძულა და ე.წ. აგენტების კანონი ჩააგდებინა

3 ფაქტორი, რამაც ხელისუფლებას უკან დახევა აიძულა და ე.წ. აგენტების კანონი ჩააგდებინა

რუსთაველის პროსპექტზე განვითარებული მოვლენების შემდეგ, რა დროსაც ახალგაზრდებმა პარლამენტის მიერ ე.წ. გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის ერთი მოსმენით მიღება გააპროტესტეს, ხელისუფლებამ უკან დაიხია და აღნიშნული ინიციატივა ჩააგდო. ამას წინ უძღოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველ დერეკ შოლესთან. დახურულ კარს მიღმა საუბრიდან საზოგადოებისთვის მხოლოდ ის გახდა ცნობილი, რომ საუბარი კანონპროექტს შეეხებოდა.

ფაქტია, რომ ხელისუფლების უკან დახევაში - რუსული პროექტის უკან გაწვევაში გადამწყვეტი როლი ახალგაზრდობამ ითამაშა, თუმცა, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ამას გარე ფაქტორებიც წაეხმარა.

გიორგი გობრონიძე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი:

"რთულია იმაზე ლაპარაკი, რაზე შეიძლება ყოფილიყო ლაპარაკი დახურულ კარს მიღმა, მაგრამ ალბათობის მაღალი ხარისხით, ეტყობა ჩვენი პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებს განუმარტეს ის სავარაუდო შედეგები, რაც შეიძლებოდა მოჰყოლოდა მსგავსი ტიპის ნაბიჯების გადადგმას, რომელიც პირდაპირ არის აღქმული, როგორც დემოკრატიული განვითარების კურსიდან გადახვევა და, შესაბამისად, კარგია ის, რომ ხელისუფლებამ საბოლოო ჯამში გაითვალისწინა როგორც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის სურვილი და პროტესტი, ასევე ჩვენი პარტნიორების შეშფოთებაა. როგორც საბოლოო ჯამში გაირკვა, „ხალხის ძალა“ არ არის ის ჯგუფი, რომელსაც შეუძლია ქვეყანაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური ინიციატივები წარმოადგინოს. საზოგადოების დიდ ნაწილს არ სჯერა, რომ სპოილერი „ხალხის ძალა“ არის დამოუკიდებელი ჯგუფი და რაიმე ფორმით განსხვავდება მმართველი პოლიტელიტისგან. შესაბამისად, ჩვენი პოლიტელიტისთვის აქვე კეთდება პატარა პოლიტიკური აღმოჩენა, რომ არც ჩვენი პარტნიორები არიან იდიოტები, რომლებსაც დააჯერებენ, რომ ეს არ იყო მთავრობის მიერ წახალისებული ინიციატივა.

საბოლოო ჯამში, ფაქტორები შეგვიძლია ასე დავალაგოთ: საზოგადოების პროტესტი (შიდა ფაქტორი) და 2. ჩვენი პარტნიორების რეაქცია (გარე ფაქტორი). ჩვენ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ უცხოური დახმარების სახით საქართველო იღებს მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 15%-ს და შესაბამისად, ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხა. ანუ რა გამოდის - თუ ვინმე უნდა დარეგისტრირდეს უცხოეთის გავლენის აგენტად, პირველ ყოვლისა, ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები, იმიტომ, რომ ამ დახმარების მიმღებია ყველა პოლიტიკური ინსტიტუტი, რომელიც ასევე ახდენს გავლენას საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე. შესაბამისად, ეს კანონი იმთავითვე არალოგიკურიც იყო და ჩავარდნისთვის განწირული იმიტომ, რომ ხელისუფლებას გაუჭირდებოდა დაესაბუთებინა, პირობითად, რატომ არ უნდა მიიღოს დაფინანსება არასამთავრობო ორგანიზაციამ და რატომ უნდა მიიღოს სახელმწიფო ორგანიზაციამ, ან ინსტიტუტმა. შესაბამისად, მეორე ნაწილი - გამჭვირვალობის მუხლი ყველას უნდა ეხებოდეს, სახელმწიფოა ვალდებული თქვას, სად მიდის საქართველოში შემოსული უცხოური დახმარებები, რა რას ხმარდება და როგორ ახდენს ამ თანხების განკარგვას“.

  • ბოლო დღეებში ბევრს საუბრობენ რეაქციული სეგმენტის, პრორუსული ძალების მოსალოდნელ გააქტიურებაზე, მაიდნისა და სამოქალაქო დაპირისპირების სცენარის განვითარებაზე. არის ეს ჰიბრიდული ომის მეთოდი, სპეკულაცია, თუ მართლა არსებობს ამის საფრთხე, ამ კითხვაზე გიორგი გობრონიძე პასუხობს:

"არანაირი მაიდანი და სამოქალაქო დაპირისპირება აქ არ იქნება. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ქვეყანას ამისი არც სოციალური და არც ეკონომიკური რეკვიზიტი არ გააჩნია, არ არის ის სიტუაცია, რომ მოხდეს სამოქალაქო დაპირისპირება საზოგადოების წევრებს შორის. ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაცია - რიგით მოქალაქეს არ აქვს სურვილი, რომ მის მეზობელს პოლიტიკური მრწამსის გამო გაუსწორდეს და რამე დაუშაოს.

სამწუხარო რეალობაა ის, რომ ქვეყანა, სადაც როგორც ხელისუფლება, ისე პოლიტიკური კლასი არის დაუცველობის დილემის მოცემულობის წინაშე, ყველა ცდილობს საკუთარი არსებობა სახელმწიფო უსაფრთხოებასთან გააიგივოს, სვამენ ტოლობის ნიშანს ქვეყნის უსაფრთხოებასა და მათი რეჟიმის, პარტიის, ან პოლიტიკური ძალის უსაფრთხოებას შორის. ერთადერთი, რაც ამან შეიძლება გამოიწვიოს, არის სერიოზული გავლენა სამთავრობო რეიტინგებზე, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს მნიშვნელოვნად გაზრდის ოპოზიციის რეიტინგს. ამან შეიძლება ქვეყანაში გააღმავოს პოლიტიკური აპათეა, რომელიც ისედაც სახეზე გვაქვს და რისი პირდაპირი დასტურია 67%-იანი გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მარჟა - ამომრჩეველი, რომელმაც არ იცის, ვის უნდა მისცეს ხმა. ამიტომ, ყველაზე კარგი იქნება, პოლიტიკოსებმა ერთხელ და სამუდამოდ დაანებონ თავი სამოქალაქო დაპირისპირებით, მაიდნით და ა.შ. სპეკულირებას.

ნებისმიერი მსგავსი ტიპის ტურბულენტობა ქვეყანაში პირდაპირ აისახება სახელმწიფოს ეკონომიკურ განვითარებაზე, საზოგადოების ცხოვრების სტანდარტზე და მსგავსი შიშების კულტივაციას შეეშვან. დღეს ქართულ საზოგადოებას არ გააჩნია არანაირი წინაპირობა იმისა, რომ რაიმე ტიპის სამოქალაქო დაპირისპირება მივიღოთ ქვეყანაში. ის, რომ ხელისუფლება ხშირად უშვებს შეცდომებს და გაუაზრებელ ნაბიჯებს დგამს, ეს პირველ რიგში, არის ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, ხოლო ის, რომ ოპოზიცია ხშირ შემთხვევაში ვერ ახერხებს მასების მობილიზებას, თუ არ შექმნა პრეაპოკალიპტური გარემო, ისევ მის უუნარობაზე მიუთითებს. შესაბამისად, მაშინ, როცა გვყავს უუნარო ოპოზიცია და არაკომპეტენტური ხელისუფლება, უნდა შეეშვან შიშების კულტივირებას - აი, მოსალოდნელია სამოქალაქო დაპირისპირება, მაიდანი, მორიგი არეულობა...

არ შეიძლება ქვეყანა არსებობდეს ამ დაძაბულობის რეჟიმში, ყველამ დაანებოს თავი მსგავს რიტორიკას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 1. უნდა გავიგოთ, რომ ამ ქვეყანას სჭირდება გრძელვადიანი, მშვიდობიანი განვითარება; 2. მდგრადი ეკონომიკური ზრდა; 3. შეუქცევადი დემოკრატიზაცია. ღირსეული ცხოვრების პირობები თუ გვინდა გვქონდეს, ნებისმიერი საკითხი, მათ შორის საზოგადოებრივი პროტესტი არ უნდა ემსგავსებოდეს სამოქალაქო ომისთვის სამზადისს. ქვეყნის შიგნით ნებისმიერი დაცემინება პოლიტიკურ ასპარეზზე აღქმულია, როგორც აპოკალიპსის მოლოდინი. ქართულმა პოლიტიკურმა კლასმა იმდენი მაინც უნდა გაიაზროს, რომ ნაციონალური უსაფრთხოების ინტერესი საკუთარი პოლიტიკური კაპიტალის დაგროვებას არ გადააყოლოს. ეს ეხება როგორც მთავრობას, ისე ოპოზიციას, რადგან ამ ქვეყნის სტაბილურობა არის ყველას პასუხისმგებლობა. ყველამ კეთილი ინებოს და პოლიტიკური პროცესები დააბრუნონ კანონით გათვალისწინებულ კონსტიტუციურ ჩარჩოებში. მათ შორის პროტესტის, შეკრების და მანიფესტაციის თავისუფლებაც არის კონსტიტუციური უფლება და შესაბამისად, ნებისმიერი კონსტიტუციით გარანტირებული უფლება უნდა იყოს დაცული სახელმწიფოში, ამ უფლებების რეალიზაცია არ უნდა წარმოშობდეს შიშებს, რომ შესაძლებელია ქვეყანა დაგვემხოს თავზე“

როგორც პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, მსგავსი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება ერთი კაცის ხუშტურებზე ხდება, რაც ქვეყნისთვის უდიდესი პრობლემაა.

"რაც ზედაპირზე ჩანს, სრულიად ცხადია, ხელისუფლებამ გააცნობიერა, ამ ტალღას ვერ შეაჩერებდა, ვერ შეაჩერებდა იმ ახლაგაზრდობას, რომელსაც ახასიათებს უკომპრომისობა, შეუპოვრობა და უშიშრობა. ხელისუფლებას შეეშინდა დაპირისპირების გამწვავების და მიუხედავად იმისა, რომ მათ ყოველთვის აქვთ საზოგადოების გალახვის ამბიცია და მოლოდინი, მიხვდნენ, ამით უამრავ ახალგაზრდას ვერ გატეხდნენ, შეიძლება საქმე საკრალურ მსხვერპლამდე მისულიყო, რასაც მერე საერთოდ უმართავი პროცესები მოჰყვებოდა. ასე რომ, ისინი დაფრთხნენ... აქ გადამწყვეტი როლი ითამაშა ახალგაზრდობამ, ეს არის ფაქტი, თუმცა გარე ფაქტორებიც წაეხმარა ამას, ამ საქმეში გარკვეული როლი საგარეო წნეხმაც ითამაშა.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის ჩართულობას, ეს „ოცნების“ ყველა გადაწყვეტილებაში იყო, მის გარეშე ასეთი თემები არ წყდება. მიმდინარე პროცესებმა აჩვენა, რომ მისი ჩართულობა იყო როგორც კანონის მიღებაში, ისე - გაუქმებაშიც, ერთი კაცი ყველას თავის ჭკუაზე ათამაშებს, მისი კარნახით ხდება ყველაფერი. ეს კანონპროექტი იყო რუსული და კრემლისადმი ლოიალობის ნიმუში, ასევე, ერთგვარი ტესტიც. ეს არის ამ ქვეყნის ყველაზე დიდი პრობლემა - ერთი კაცის წარმოდგენებზე და ხუშტურებზე ხდება ასეთი სასიცოცხლო გადაწყვეტილებების მიღება.“

ნახეთ ასევე: