ავტორი:

"მამა რომ დაიღუპა, რამდენიმე თვეში დავიბადე... ის ევროპულ მომავალს შეეწირა და თუ საჭირო იქნება, კიდევ წავალ აქციაზე" - ინტერვიუ "გმირის შვილთან": რას ჰყვება 14 წლის საბა მამასა და 8 მარტის მოვლენებზე?

"მამა რომ დაიღუპა, რამდენიმე თვეში დავიბადე... ის ევროპულ მომავალს შეეწირა და თუ საჭირო იქნება, კიდევ წავალ აქციაზე" - ინტერვიუ "გმირის შვილთან": რას ჰყვება 14 წლის საბა მამასა და 8 მარტის მოვლენებზე?

ვინც რუსთაველის პროსპექტზე მიმდინარე აქციებს ადევნებდა თვალს, ალბათ ყველას ახსოვს არასრულწლოვანი ბიჭუნას დაკავების ემოციური კადრი - მას პოლიციელები აკავებენ, ის კი მათ ეუბნება - მამაჩემი გმირია, გმირის შვილი ვარ. როგორც გაირკვა, არასრულწლოვანი 14 წლის საბა ნიკიტინია, რომლის გმირი მამა 2008 წლის 8 აგვისტოს ცხინვალთან რუს ოკუპანტთან ბრძოლაში დაიღუპა.

  • თამაზ ნიკიტინი მაშინ სულ რაღაც 26 წლის იყო. გარდაცვალების შემდეგ, კაპრალი მხედრული მამაცობისთვის მედლით დაჯილდოვდა.

AMBEBI.GE საბას და მის დედას - ფიქრია ლომიძეს ესაუბრა.

საბა ნიკიტინი:

"8 მარტს გავიგე, რომ საპროტესტო აქცია უნდა ჩატარებულიყო და ახალგაზრდები იკრიბებოდნენ. მე და ჩემი აღმზრდელი ერთად წავედით რუსთაველზე, მინდა, ჩემი ქვეყანა ევროპული იყოს და რუსული კანონი გავაპროტესტე. არ მომეწონა, რასაც აქციაზე სპეცრაზმი აკეთებდა, როგორ სცემდა და არბევდა ჩემს თანატოლებს, ეს არ უნდა მომხდარიყო. მეორე დღეს ჩემი 6 წლის ძმაც წავიყვანე, ის ჯერ პატარაა. აქციაზე ჩემთვის ვიდექი, არაფერი დამიშავებია, ჩემს გარშემო ვინც იყო, ყველანი დაიჭირეს, მე მარტო დავრჩი. მეც მტაცეს ხელი და წამათრიეს. მათ არ ეგონათ, რომ არასრულწლოვანი ვიყავი. ვუხსნიდი, რომ მამაჩემი გმირია, რუსებთან ომში დაიღუპა, მე არასრულწლოვანი ვარ-მეთქი. პოლიციელები ხელს არ მიშვებდნენ და მაგინებდნენ. ჩვენ „ფორმულას“ ჟურნალისტი (დათო ქაშიაშვილი) დაგვედევნა, მან უთხრა, სად მიგყავთ, არასრულწლოვანია, ხელი გაუშვითო. რომ არა ისინი, ციხეში აღმოვჩნდებოდი. დაიჭირეს ჩემი აღმზრდელიც...

საბა ნიკიტინი

როცა გამათავისუფლეს, შინ წამოსვლაში სტუდენტები დამეხმარნენ, ჩემი უბნელები აღმოჩნდნენ და მათ ჩავუჯექი. რატომ ჰგონიათ, რომ ჩვენთვის სამშობლოს მომავალი სულერთია? ყველას გაბრწყინებული ქვეყანა გვინდა. ვგმობ რუსეთს, მამაჩემს რუსეთისთვის არ უბრძოლია. მამა როცა დაიღუპა, არ ვიყავი დაბადებული, რამდენიმე თვეში დავიბადე. მამაჩემი გმირია, ჩემი კუმირი, ის ჩვენს თავისუფლებას და ევროპულ მომავალს შეეწირა. ძირს რუსეთი, მე ვირჩევ ევროპას. თუ საჭირო გახდა, კიდევ წავალ აქციებზე და მეტსაც გავაკეთებ, რა მინდა სახლში?“

ფიქრია ლომიძე, საბას დედა:

"საბას დაკავების ინფორმაცია ტელევიზიით არ მინახავს, გათავისუფლების შემდეგ თვითონ დამირეკა და მომიყვა ამის შესახებ. თავიდან არ ვიჯერებდი, ვერ წარმოვიდგენდი. როგორც კი აქციაზე მივიდნენ, 5 წუთში დაუჭერიათ. მეგონა, მეხუმრებოდა, საბას ხანდახან უყვარს ხუმრობა. მითხრა, ვიდექით და ვინც ხელში მოხვდათ, ყველას აყვანა დაიწყესო. მერე, როცა კადრები ვნახე, საბას სიტყვებმა ისე იმოქმედა, ისეთი ემოციური იყო, მოვკვდი ტირილით.

თამაზ ნიკიტინი

ჩემი მეუღლე, საბას მამა კაპრალი იყო და 8 აგვისტოს დაიღუპა ცხინვალთან, ის 26 წლის იყო. სიკვდილის შემდეგ მხედრული მამაცობისთვის დააჯილდოეს. როცა თამაზი დაიღუპა, ოთხი თვის ორსული ვიყავი, 6 იანვარს დაიბადა საბა. არ იცით, იმ პერიოდში რა მაქვს გამოვლილი, რაც გადავიტანე, მტერს არ ვუსურვებ. ორსულობაში მიღებული ამხელა სტრესის შედეგად, საბას პატარა ფსიქოლოგიური პრობლემები გამოჰყვა, ახლა უარესად დამისტრესეს ბავშვი...

კადრი აქციიდან

საბა კალათბურთზეც დადის ცურვაზეც, ყველანაირად კარგი ბიჭია, ვამაყობ ჩემი შვილით. აქციაზე წასვლა მისი ინიციატივა იყო, რადგან ასე სურდა, გულიც არ დავწყვიტეთ, მას ჩემი მეორე ქმარი, საბას აღმზრდელი გაჰყვა (მეორე ქორწინებაში ვარ და ემი მეუღლე 6 წლიდან ზრდის საბას), ის და მისი მეგობარიც დააპატიმრეს, მაგრამ ახლა ორივე თავისუფალია. რასაც ახლა ვუყურებ, არაჩვეულებრივი თაობა მოვიდა და მინდა, რეალიზდნენ თავის სამშობლოში, ბედნიერ, ნათელ და ევროპულ მომავალს ვუსურვებ ყველას“.

ნახეთ ასევე: