ავტორი:

"ჩემგან გმირის შექმნის წინააღმდეგი ვიყავი და ვიმალებოდი ეს დღეები" - რას ჰყვება ქალი, რომელიც 7-8 მარტის აქციების სიმბოლოდ იქცა: ნანა მალაშხია საჯარო მოხელეა

"ჩემგან გმირის შექმნის წინააღმდეგი ვიყავი და ვიმალებოდი ეს დღეები" - რას ჰყვება ქალი, რომელიც 7-8 მარტის აქციების სიმბოლოდ იქცა: ნანა მალაშხია საჯარო მოხელეა

ე.წ აგენტების კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან 7-8 მარტს გამართული აქციების ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა ქალი, რომელიც ევროკავშირის დროშას სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის წინ აფრიალებდა. ევროპული მომავლისთვის უშიშრად მებრძოლი ქალის ვიდეომ შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო მოიარა. მის ფოტოს აზიარებდნენ, როგორც ქართველი ისე უცხოელი ინტერნეტმომხმარებლები.

როგორც გაირკვა კადრებზე აღბეჭდილი ქალი ნანა მალაშხიაა. ის ინგლისურის მასწავლებელია. ამ დღეების განმავლობაში მალაშხია მედიასთან გამოჩენისგან თავს იკავებდა.

პირველი ინტერვიუ მან "რადიო თავისუფლებას" მისცა და 7 მარტის მოვლენები გაიხსენა:

- მე ვარ ქალი დროშით, ნანა მალაშხია, 47 წლის, საჯარო მოხელე. ჩვეულებრივი დღე იყო, სამსახურის შემდეგ მეუღლეს გავყევი ექიმთან და მოსაცდელში ჩავრთეთ საინფორმაციო, სოციალური ქსელის საშუალებით და ვნახე აქცია. დაძაბული სიტუაცია იყო და ორივემ ერთად გადავწყვიტეთ, რომ აქედან მივდივართ აქციაზე და ასე აღმოვჩნდით იქ. ზუსტად პარლამენტის შუა ნაწილში, ქუჩაში იჯდა ხანშიშესული ქალი, რომელიც ყიდდა დროშას, მზესუმზირას, ტკბილეულს. ერთადერთი ევროკავშირის დროშა იყო და გადავწყვიტეთ შეგვეძინა.

აქცია იყო მშვიდობიანი, არანაირი ზედმეტი არ მინახავს. მესმოდა ქალის ხმა, საზარელი სიტყვები, გთხოვთ დაიშალოთ, თორემ თქვენს წინააღმდეგ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები. ვიყავი აღშფოთებული, გაბრაზებული, აზრის გამოხატვის შეზღუდვად მივიჩნევდი ამას. ვნახე რომ ჩიტაძისკენ დაიძრა ხალხი და იყო ჩოჩქოლი. რობოკოპები იდგნენ და წყლის ჭავლის მანქანა, რომელიც წყალს ასხამდა.

ვერ გეტყვით, როგორ აღმოვჩნდი იქ, ვხედავდი წყლის ჭავლს და დავიძარი იქით. ეს იყო სიბრაზე. მოდით ვიტყვი პირდაპირ, ეს იყო კონსტიტუციის თავზე გადახევა. საბოტაჟი, იმ დროს, როდესაც შემოდგომაზე უნდა განიხილონ ჩვენი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის საკითხი. არანაირი შიშის გრძნობა არ მქონდა, არც ახლა. გავიგე, რომ აქციის მონაწილემ თვალი დაკარგა. ერთი წამით გავიფიქრე, რომ მსგავსი რამ შეიძლება მეც შემთხვეოდა და საერთოდ არ გამაჩნია შიშის გრძნობა.

მინდა მოვიკითხო, ის ბიჭები, როგორ არიან. მეც დავზარალდი, მაქვს ჩალურჯებები, ჰემატომები. ვიცი რას ნიშნავს ჭავლში მოხვედრა, მათ უფრო მეტი მოხვდებოდათ. წითელქუდიან ბიჭს განსაკუთრებული მადლობა. დიდი ბოდიში მათ და წამის მეათასედში მქონდა პროტესტის შეგრძნება, რატომ მაკავებენ, რატომ მიდგებიან. მინდოდა უფრო წინ წასვლა.

წყლის ჭავლმა თავის ქნა და იმ ბიჭების მონდომების მიუხედავად დავეცი, მაგრამ დროშა არ დაცემულა. უცებ გამომართვეს, წამომაყენეს და ააფრიალეს. მე არ ვიცი, დღეს ის დროშა ვის აქვს, გარდამავალი დროშაა, ვფიქრობ ქართველი ხალხის ხელშია. იყო კომენტარები, საქართველოს დროშა რომ სჭეროდა ხელშიო, მე საქართველოს დროშაც ბევრჯერ მჭერია ხელში. 2014 წელს ვიყავი მეუღლესთან ერთად კიევში, ოჯახურ საქმეებთან დაკავშირებით. ზუსტად მაშინ იყო მაიდანის აქციები, ისეთი მომნუსხველი ძალა ჰქონდა. იდეურად, შინაგანადაც იქ ვიყავი. მეუღლემ კადრი გადაიღო რომ წინა რიგებში გავიჭერი და ქართულ დროშას ვაფრიალებ.

იმ მიზნით არ ვყოფილვარ ჩასული, მაგრამ ბედნიერი ვარ რომ იქ ვიყავი. ჯენზისაც ეძახიან ხომ ახალგაზრდებს, ჩემთვის ახალი ტერმინია. ჩემთვის სასიხარულო ფაქტი იყო მათი იქ ყოფნის აღმოჩენა.

ხოლო წითელშარვლიანი გოგოს ვიდეოში ჩანს, რომ ეს არის ახალი თაობა. ჩემგან გმირის შექმნის წინააღმდეგი ვიყავი და ვიმალებოდი ეს დღეები. ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ განსაკუთრებული სიმამაცე ვაჩვენე. ჩვეულებრივი სამოქალაქო პოზიცია იყო გაბრაზებული ადამიანის. ევროპა არის ჩვენთვის ამ თავდაცვის ფარი. ჩვენი იდენტობის შენარჩუნების. ველოდი მათ და მოვიდნენ საბედნიეროდ. თვალების გამომეტყველებაში, ჩემი დროშის ქნევის ინტენსივობაში, იგრძნობა ჩემი ასაკი. საბჭოთა კავშირიდან მოსული ადამიანის.

ნახეთ ასევე: