ავტორი:

"ქვეყანას აუცილებლად უნდა ჰყავდეს  კარგად გაწვრთნილი რეზერვი" - თავდაცვის მინისტრი

"ქვეყანას აუცილებლად უნდა ჰყავდეს  კარგად გაწვრთნილი რეზერვი" - თავდაცვის მინისტრი

"ქვეყანას აუცილებლად უნდა ჰყავდეს კარგად გაწვრთნილი რეზერვი", - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.

მან საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განვითარებისთვის "თავდაცვის კოდექსის“ ახალი პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მსგავსი გამოწვევების მქონე ქვეყნისთვის ტოტალური თავდაცვის პრინციპს ალტერნატივა არ აქვს.

"ჩვენ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ქვეყანას ჰყავდეს აუცილებლად კარგად გაწვრთნილი და მომზადებული რეზერვი. ამაზე ვთანხმდებით ყველა, ჩვენც და ჩვენი პარტნიორებიც“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, ამოცანას, რომელსაც კარგად მომზადებული რეზერვი ჰქვია, საქართველო აუცილებლად მიაღწევს.

როგორც მინისტრმა განმარტა, სწორედ ეს, ასევე რეგულარული საკონტრაქტო ჯარი და სავალდებულო სამხედო სამსახური შეტანილია თავდაცვის ძალების ათწლიანი განვითარების გეგმაში და ახალ "თავდაცვის კოდექსის“ პროექტში.

"დოკუმენტები, სამართლებრივი აქტები არეგულირებს ჩვენს მოკლევადიან და გრძელვადიან განვითარებას. ყველა დოკუმენტი შემუშავდა ჩვენს პარტნიორებთან ერთად. ასევე კოდექსიც ჩვენს პარტნიორებთან ერთად ყველა ეტაპზე გავიარეთ და იმ ვერსიაზე, რომ ჩვენ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ქვეყანას ჰყავდეს აუცილებლად კარგად გაწვრთნილი რეზერვი, ამაზე ვთანხმდებით ყველა“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

გარდა ამისა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია "იმედის” ეთერში თავდაცვის კოდექსის მიზნებზე, ძირითად სიახლეებსა და სოციალური დაცვის კუთხით მის უპირატესობებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს მიერ წარდგენილი პროექტი სწორედ სავალდებულო სამხედრო სამსახურის უფრო მოქნილ, გამარტივებულ პირობებში მოხდას ითვალისწინებს, რაც ერთ-ერთი მთავარი მიზნის, ქვეყანაში სათანადოდ მომზადებული რეზერვის შექმნის მიღწევაში დაგვეხმარება.

ჯუანშერ ბურჭულაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სტუდენტებს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა მხოლოდ ნებაყოფლობით შეეხებათ.

"სტუდენტები ნებაყოფლობით აირჩევენ იმ პროგრამას, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ, რაც ყოველწლიურად, ერთი თვის განმავლობაში სავალდებულო ჯარის გავლას გულისხმობს“,-აღნიშნა მინისტრმა.

თავდაცვის მინისტრმა საზოგადოებას შეახსენა, რომ საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახური ამჟამადაც მოქმედებს, აღნიშნული რეფორმა კი არა არსებით, რადიკალურ ცვლილებას, არამედ წვევამდელთა ეროვნული სამსახურის უფრო მოქნილ და მარტივ სისტემად გარდაქმნას შეუწყობს ხელს.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.