ავტორი:

"რუსეთმა რბილი ძალა დაკარგა" - რას წერს "გარდიანი" საქართველოში გამართულ საპროტესტო აქციებზე

"რუსეთმა რბილი ძალა დაკარგა" - რას წერს "გარდიანი" საქართველოში გამართულ საპროტესტო აქციებზე

"რუსეთმა რბილი ძალა დაკარგა“: როგორ ახდენს უკრაინაში მიმდინარე ომი ძველი საბჭოთა მოკავშირეების დესტაბილიზებას", - ამ სათაურით ვრცელ სტატიას ბრიტანული გამოცემა "გარდიანი“ ავრცელებს.

პუბლიკაციის ავტორის, ენდრიუ როთის განცხადებით, გასულ კვირას საქართველოში გამართული საპროტესტო აქციები მხოლოდ უახლესი ნიშანია იმისა, თუ როგორ დააზიანა პუტინის საზარელმა შეჭრამ ურთიერთობები ყოფილ აღმოსავლეთ ბლოკის ქვეყნებთან.

"როგორც ჩანს, კანონი, რომელსაც ქართველი დემონსტრანტები ეწინააღმდეგებოდნენ, ადგილობრივი ინიციატივა იყო, რომელიც მმართველ პარტია "ქართულ ოცნებას“ სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვისა და მომავალი არჩევნების მოგების საშუალებას მისცემდა“, - აღნიშნავს "გარდიანის“ ჟურნალისტი.

როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, ერევნიდან კიშინიოვამდე და თბილისიდან ასტანამდე, უკრაინაში შეჭრამ ზოგიერთ ქვეყანაში რუსეთის აგრესიის მიმართ შიში გააძლიერა და აიძულა სხვები, რომლებიც მოკავშირეებად ითვლებოდნენ, სულ მცირე გადაესინჯათ მოსკოვის, როგორც სტაბილური პარტნიორის როლი.

"და ამან დააჩქარა ტრენდი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაბადებულ ახალგაზრდებში, რომ უფრო ხმამაღალი პოზიცია ჰქონდეთ რუსეთის გავლენის წინააღმდეგ რეგიონში“, - აღნიშნავს "გარდიანი“

"რუსეთმა დაკარგა რბილი ძალა”, - ციტირებს ბრიტანული გამოცემა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს კორნელი კაკაჩიას.

"მან [რუსეთმა] აღარ იცის როგორ გამოიყენოს ეს [რბილი ძალა] საკუთარ მეზობლებთან. ისინი [რუსები] უბრალოდ იყენებენ ამ სასტიკ ძალას“, - განაცხადა კაკაჩიამ.