ავტორი:

ფილმი, რომელიც "ოსკარის" 95-ე დაჯილდოების ტრიუმფატორი გახდა - როგორ განაწილდა ჯილდოები?

ფილმი, რომელიც "ოსკარის" 95-ე დაჯილდოების ტრიუმფატორი გახდა - როგორ განაწილდა ჯილდოები?

12 მარტს, ლოს-ანჯელესში "ოსკარის" რიგით 95-ე დაჯილდოება გაიმართა. როგორც აღმოჩნდა, პრესტიჟული დაჯილდოების ორგანიზატორებმა ტრადიციული წითელი ხალიჩის ნაცვლად, განსხვავებული ფერი გამოიყენეს.

ღონისძიებას ბევრი ვარსკვლავი დაესწრო.

ნომინაციების უმეტესობაში ფილმები Elvis, Tár, Everything Everywhere All at Once, და The Fabelmans იყო წარდგენილი. ოთხივე მათგანი წლის საუკეთესო ფილმის კატეგორიაშიც იყო ნომინირებული, თუმცა უდავო ლიდერი და გამარჯვებული Everything Everywhere All at Once გახდა. ფილმმა 11 ნომინაციიდან 7 "ოსკარი" მოიპოვა.

ეს ფილმი კვონისა და შეინერტის რიგით მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომელიც 2022 წლის სენსაციად იქცა და ათობით ჯილდო მოიპოვა.

რაც შეეხება საუკეთესო ქალ მსახიობს, ამ კატეგორიაში ანა დე არმასი, კეიტ ბლანშეტი, ანდრეა რაიზებორო, მიშელ იო და მიშელ უილიამსი იყვნენ წარდგენილი. ნომინანტებს შორის გამარჯვებული Everything Everywhere All at Once-ში მთავარი როლის შემსრულებელი, მიშელ იო გახლავთ და შედეგად, ის პირველი აზიელი ქალია, ვინც ამ ნომინაციაში გაიმარჯვა.

საუკეთესო მსახიობი მამაკაცების კატეგორიაში კი ოსტინ ბატლერი, კოლინ ფარელი, ბრენდან ფრეიზერი, პოლ მესკალი და ბილ ნაიი იყვნენ წარდგენილი. აქ ბრენდან ფრეიზერმა მიიღო ფილმ The Whale-ში შესრულებული როლისთვის საუკეთესო მსახიობის წოდება. მისთვის ეს პირველი "ოსკარია".

Everything Everywhere All at Once-ის რეჟისორებმა, დენიელ კვანმა და დენიელ შაინერტიმ მიიღეს საუკეთესო რეჟისურისთვის "ოსკარი". მათვე გადაეცათ ჯილდო ფილმის საუკეთესო სცენარისთვის.

საუკეთესო ანიმაციად გილერმო დელ ტოროს "პინოქიო" დასახელდა.

მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმ Everything Everywhere All at Once-ის მსახიობები, ჯეიმი ლი კურტისი და კე ვი ჩიუანი დაჯილდოვდნენ.

საუკეთესო დოკუმენტური ფილმი "ნავალნი" გახდა. საუკეთესო ვიზუალური ეფექტებისთვის კი "ავატარმა" მიიღო ჯილდო.

წყარო: oscars.org

იხილეთ ასევე:

მოამზადა: ანა სიბოშვილმა