ავტორი:

"პრემიერის ინტერვიუმ ჩემზე კატასტროფული შთაბეჭდილება მოახდინა, ეს ადამიანი მომწყდარია რეალობას, რა სატანისტებზეა საუბარი, ვინაა სატანისტი?" - ვახტანგ ძაბირაძე

"პრემიერის ინტერვიუმ ჩემზე კატასტროფული შთაბეჭდილება მოახდინა, ეს ადამიანი მომწყდარია რეალობას, რა სატანისტებზეა საუბარი, ვინაა სატანისტი?" - ვახტანგ ძაბირაძე

როდესაც კანონი უკან დააბრუნეს, ძალიან კარგი ქნეს, მაგრამ ხვალ, რომელი "ხუნდაძე“ აჯანყდება უმრავლესობაში და რაღაცას ისეთს არ მოითხოვს, წარმოდგენა არ მაქვს - დღეს საქართველოში არასტაბილური გარემოს შექმნით ჩვენი მეზობელი არის ღრმად დაინტერესებული, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ განუცხადა, რითაც ის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ან პრემიერი ვერ ხვდება, რა გარემოა ქვეყანაში, ან ხვდება და ცდილობს სხვაგვარად წარმოაჩინოს.

"ამ ინტერვიუმ ჩემზე კატასტროფული შთაბეჭდილება მოახდინა. ეს ადამიანის საერთოდ ვერ ხვდება, რა გარემოა ქვეყანაში, მომწყდარია ყოველგვარ რეალობას, საოცარი განცხადებები იყო. ახალგაზრდებზე რას ლაპარაკობდა, რომ ლაპარაკობდა, წარმოდგენა არ აქვს, რა ხდებოდა ქვეყანაში. ან უარესი - იცის რა ხდებოდა და ცდილობს, რომ რაღაც სხვაგვარად წარმოაჩინოს. გარკვეულწილად, შემეშინდა კიდეც, თუ ასე ფიქრობს ეს კაცი და არ იცის, რა ხდება, არ ვიცი, რა გვეშველება და სადამდე მივალთ. რა საუბარია იმაზე, რომ ვიღაც ახალგაზრდები გამოვიდნენ, რა სატანისტებზეა საუბარი? ვინაა სატანისტი? ის ხალხი? ის ახალგაზრდები? თუ ჩვენი მომავალი თაობა? ახალგაზრდები სატანისტები თუ არიან, მაშინ დავღუპულვართ. იყო უსუსური მცდელობა, რომ რაღაცნაირად უკან არ დავიხიეთ. როგორ შეიძლება ყველა შენ ირგვლივ იყოს მტყუანი, ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ, მტერი, მოყვარე, ყველა? როგორ შეიძლება ასე? პრობლემა ისაა, რომ თუ ხელისუფლება ასე ფიქრობს და ასე აანალიზებს, უნდა ველოდოთ კიდევ უფრო ცუდ შედეგებს.

მე არ ვიცი რას გეგმავენ, როდესაც კანონი უკან დააბრუნეს ძალიან კარგი ქნეს, მაგრამ ხვალ რომელი "ხუნდაძე“ აჯანყდება უმრავლესობაში და რაღაცას ისეთს არ მოითხოვს, წარმოდგენა არ მაქვს. ჩვენ ხომ არც ვიცით, ვის თავში რა მოუვა. ამ კანონს შეიძლება აღარ დავუბრუნდეთ, მაგრამ უარესი რაღაც გააკეთონ, რომელსაც საპროტესტო აქციები მოჰყვება. კაცმა არ იცის, მერე ეს საპროტესტო აქციები საით წავა და როგორ წავა. არაფერზე არ იყო პოზიტიურზე საუბარი. ოპოზიციას ხელისუფლებაში რომ უნდა მოსვლა, გასაგებია, მაგრამ ოპოზიციამ დააძალა ამ კანონის მიღება?! ამდენი ხალხის გამოყვანა რომ შეეძლოს ოპოზიციას, აქამდეც გააკეთებდა და არაერთხელ. მთავარ შეცდომას რასაც ხელისუფლება უშვებს, არის ის, რომ ეს იყო საზოგადოებრივი პროტესტი. ეს არ იყო პოლიტიკური პროტესტი. შეიძლება საკითხი იყო პოლიტიკური, მაგრამ არა პროტესტი. ეს იყო საზოგადოებრივ-პოლიტიკური. ამაშია საქმე! როდესაც შენ წინააღმდეგ გამოდის სპორტსმენი, ხელოვანი, რომლის ორგანიზება არ მომხდარა, ეს ხომ გულწრფელი განცხადებები იყო?!

ხელისუფლებამ ერთი რამ დაინახა, რომ რაღაც მის მიერ არაადეკვატურად გადადგმულ ნაბიჯს აუცილებლად მოჰყვება რეაქცია. მაგრამ აქ არის მეორე თემაც, ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რომელსაც აუცილებლად უნდა გაფრთხილება როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის და ისე საზოგადოებრივი პროტესტის მხრიდან, რომ დღეს საქართველოში არასტაბილური გარემოს შექმნით ჩვენი მეზობელი არის ღრმად დაინტერესებული. არა ტანკების შემოყვანით, არამედ პროცესის პროვოცირებით. ეს უნდა იქნას გათვალისწინებული“, - განაცხადა ძაბირაძემ.