ავტორი:

ივანიშვილი "ქართულ ოცნებაში" ახალ როქს ამზადებს?! - ვინ არის ვიქტორ ყიფიანი და რამდენად რეალურია, რომ მან ღარიბაშვილი შეცვალოს?

ივანიშვილი "ქართულ ოცნებაში" ახალ როქს ამზადებს?! - ვინ არის ვიქტორ ყიფიანი და რამდენად რეალურია, რომ მან ღარიბაშვილი შეცვალოს?

12 მარტს, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა ვიქტორ ყიფიანმა სომხურ მედიას ერთობ სკანდალური ინტერვიუ მისცა, რომელშიც "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გააკრიტიკა და პირდაპირ თქვა, რომ მან გუნდს პრობლემები შეუქმნა. ადვოკატმა აღნიშნა, რომ კობახიძის რიტორიკა და არაკორექტული პოლიტიკური განცხადებები, განსაკუთრებით უკრაინასთან მიმართებაში, ცეცხლზე ნავთის დასხმას ჰგავდა. მისივე თქმით, "ბოლო დროს საქართველოში განვითარებულმა პროცესებმა ქვეყანას სერიოზული რეპუტაციული ზიანი და დარტყმა მიაყენა“. ინტერვიუში რესპონდენტი ე.წ. გავლენის აგენტების კანონსაც შეეხო და განაცხადა, რომ ხელისუფლებამ იცოდა ამ კანონით რა შედეგიც დადგებოდა, ისიც, ამ კანონის მიმართ რა რეაქციები ჰქონდათ დასავლელ პარტნიორებს, მას აფრთხილებდნენ, მაგრამ რისკები ვერ გათვალეს, საზოგადოებამ კი ხელისუფლებაზე კონტროლი მოადუნა... ახლა "ოცნების“ მხრიდან საუბარი იმაზე, რომ თავის დროზე არ მოხდა საზოგადოების სათანადო ინფორმირება კანონთან დაკავშირებით, არის უადგილო, რადგან ყველამ კარგად იცოდა კანონთან დაკავშირებით რეაქციები და მმართველ გუნდს ჰქონდა სათანადო დრო იმისთვის, რომ საზოგადოების ინფორმირება მოეხდინა“, - თქვა ყიფიანმა და იქვე არასამთავრობო ორგანიზაციებიც გააკრიტიკა:

"ბოლო დროს არასამთავრობო ორგანიზაციები ნებსით ან უნებლიედ პოლიტიკური თამაშების მძევლად გადაიქცნენ, ისინი არიან აფილირებული სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან, სამოქალაქო საზოგადოებამ ყურადღება მოადუნა და კონტროლი დაკარგა ხელისუფლებაზე. სამოქალაქო საზოგადოების მთავარი საქმეა აკონტროლოს ხელისუფლება და როგორც ჩანს, ის, რომ ხელისუფლება ზღვარს გადასცდა, სამოქალაქო საზოგადოების ბრალია, რომელმაც ბოლო პერიოდში ყურადრება მოადუნა“.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ვიქტორ ყიფიანი ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი და მისი ინტერესებისა დაცველია, ბევრმა ეს განცხადებები "ოცნების“ ამჟამინდელი ლიდერების მიმართ პოლიტიკური განაჩენის ტოლფასად მიიჩნია.

გაჩნდა ვარაუდი, რომ შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის შეცვალას გეგმავდეს. სწორედ მის ერთ-ერთ შესაძლო შემცვლელად სახელდება ვიქტორ ყიფიანი. ამ ლოგიკას თუ მივყვებით, ყიფიანის მხრიდან ირაკლი კობახიძის ქარცეცხლში გატარება, გამორიცხული არ არის, იმას ნიშნავდეს, რომ ისიც დაემშვიდობოს "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტს და ახლო მომავალში გადახალისებული მმართველი გუნდი მივიღოთ.

პარლამენტარი, "ქართული ოცნების" ხელისუფლების ყოფილი წევრი გუბაზ სანიკიძე ამბობს, რომ ღარიბაშვილი, შესაძლოა, ყიფიანით ან პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარით, კახა კუჭავათი ჩაანაცვლონ. ის არც შალვა პაპუაშვილის შეცვლას გამორიცხავს და ამბობს, რომ პარლამენტის ახალი თავმჯდომარე შეიძლება დავით სერგეენკო გახდეს.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი არ გამორიცხავს ვიქტორ ყიფიანის გაპრემიერებას, თუმცა პრობლემას სისტემაში ხედავს და ამბობს, რომ როცა სისტემა მანკიერია, ასეთი მონაცემების ადამიანიც კი შეიძლება გაფუჭდეს და სისტემურად არც არაფერი შეიცვალოს.

"ჩვენ თუ პიროვნულად შევადარებთ ღარიბაშვილსა და ყიფიანს, როგორც ცა და დედამიწა, ისე განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ღარიბაშვილი, რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ მწირი მონაცემების ადამიანია. ვიქტორ ყიფიანს, ჩანს, რომ გარკვეული კლასი აქვს - განათლებული, დალაგებული, ზომიერია და, ბუნებრივია, ის ბევრად უკეთესად გამოიყურება, ვიდრე - ღარიბაშვილი. პრობლემა იმაშია, რომ როცა სისტემა მანკიერია, ასეთი მონაცემების ადამიანიც კი შეიძლება გაფუჭდეს და სისტემურად არც არაფერი შეიცვალოს. ორი ირაკლი აქამდეც დამოუკიდებლად არ მოქმედებდა, მაგრამ როდესაც ადამიანს აქვს იმის კომფორტი, ვინც უნდა ამოთხაროს და ჩარგოს, სხვადასხვა ეტაპზე ბაზარზე სხვადასხვა მოთხოვნილება ჩნდება და რაც ჩნდება, იმით ანაცვლებს - თუ სჭირდება, ასეთი ხისტი, ჯიქური და აგრესიული, მერე თუ დასჭირდება - მოზომილი და ა.შ. ივანიშვილი ასე ცვლიდა პრემიერ-მინისტრებს, სულ სხვადასხვა მენტალიტეტის და მსოფლმხედველობის ადამიანები ჰყავს მოყვანილი პრემიერებად იმისდა მიხედვით, იმ დროისათვის როგორი სჭირდებოდა. ინტერვიუში დასავლეთისკენ სწორება მაინც და მაინც ყიფიანშიც ვერ დავინახე, ის უფრო ლავირების და ბალანსების თეორიას ავითარებს და ჩვენ კიდევ არ ვიცით, რა კურსზეა ლაპარაკი. ერთადერთი რაღაც შემიძლია ვთქვა - მიუხედავად იმისა, რომ ყიფიანი სერიოზული ინტელექტუალია, მიმაჩნია, რომ მისი მონაწილეობით შემუშავებული ბიძინა ივანიშვილის ინტერესების შვეიცარიაში დაცვის სტრატეგია აბსოლუტურად კატასტროფულია. არ ვიცი, როგორი იყო მისი როლი ამ ტაქტიკის შემუშავებაში. ასე რომ, მთლად ისე ვარდისფერ ფერებში არ შევხედავდი ამ ყველაფერს. როცა ევროპარლამენტარებთან შეხვედრა იყო, ბუნებრივია, საზოგადოებაში გაჩნდებოდა კითხვები, რატომ ესწრებოდა მას ივანიშვილის ადვოკატი. რაღაც ლოგიკა არის ამაში, რომ მას თანამდებობისთვის ამზადებს, მაგრამ რაშიც ლოგიკაა, ყველაფერი რეალობად რომ ჩავთვალოთ, ესეც არ იქნებოდა სწორი. სჯობს დაველოდოთ მოვლენებს და რაც იქნება, ის იქნება“.

იქიდან გამომდინარე, რომ ვიქტორ ყიფიანი ბიძინა ივანიშვილის ინტერესებისა და აზრის გამხმოვანებლად მოიაზრება, ინტერვიუს ქვეტექსტში თითქოს მმართველი გუნდის გადახალისება იკითხება, რასაც პოლიტოლოგი არ გამორიცხავს და ფიქრობს, რომ "თუ ჩარეცხვაა, ორივე ირაკლი ერთად ჩაირეცხება“. მას არც იმის იმედი აქვს, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკას შეცვლის და საზოგადოებისკენ შემობრუნდება.

"გააჩნია, რა პოლიტიკას აირჩევენ, ჩვენ ესეც არ ვიცით. ძალიან მეეჭვება, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკა შეცვალოს და შეარბილოს იმიტომ, რომ მისთვის სისუსტის გამოვლინება არის ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი. მე პირიქით მგონია, რომ ის რევანშისთვის ემზადება და შავ სამუშაოს ღარიბაშვილის ხელით შეასრულებს და მერე შეცვლის მას, თუ რას იზამს, ეს უკვე პოლიტიკური ტაქტიკის საკითხია. რაღაც, ეჭვი მეპარება იმაში, რომ ივანიშვილი პოლიტიკას შეარბილებს და საზოგადოებისკენ შემოტრიალდება, თუმცა შეიძლება შეალამაზოს, რაღაც კორექტირება ხდება... ჩვენი ამოცანა ხელისუფლების ცვლა ხომ არ არის, არამედ სისტემის ცვლაა. ჭკვიანი ხელისუფალი ბრიყვს ყოველთვის სჯობს, შეიძლება კარგი არაფერი გააკეთოს, მაგრამ ბევრსაც არ გააფუჭებს. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის ამოდიოდა საკუთარი თავიდან და ინტერესებიდან, ის ამას არც არასდროს მალავდა. შესაძლოა, მართლაც ვიხილოთ გუნდის გადახალისება. ამ ორი ირაკლის ხელში, ქვეყნის სადავეები ხელში ჩაგდებული ასანთია და როდის სად გააჩენენ ცეცხლს, ვერ გაიგებ. ვფიქრობ, თუ ჩაირეცხებიან, ირაკლები ერთად ჩაირეცხებიან“, - ამბობს გია ხუხაშვილი.

  • ვინ არის ვიქტორ ყიფიანი?

ვიქტორ ყიფიანი დაიბადა 1971 წელს.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით 1993 წელს; 1995-1996 წლებში იყო ბრიტანეთის საბჭოს სტიპენდიანტი, მოიპოვა სამართლის მაგისტრის ხარისხი (ექსეტერის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი), ხოლო 2001 წელს ბიზნეს-ადმინისტრირების ფილოსოფიის დოქტორანტურის ხარისხი (ვაშინგტონის საერთაშორისო უნივერსიტეტი).

1993-1995 წლებში მუშაობდა კონსულტანტად საქართველოს უზენაეს სასამართლოში და ითავსებდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ფუნქციებს, ხოლო 1995-1996 წლებში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტში, პირველი მდივნის თანამდებობაზე. 1996 წლის ნოემბერში პარტნიორებთან ერთად დააფუძნა იურიდიული ფირმა "მგალობლიშვილი, ყიფიანი, ძიძიგური".

მისი ინტერესის სფეროს წარმოადგენს საერთაშორისო ურთიერთობები, უსაფრთხოება, მმართველობა, გლობალური წესრიგი, საქართველოსა და მის მიმდებარე რეგიონზე ზეგავლენასთან დაკავშირებული საკითხები, მაკროეკონომიკა.

ანალიტიკური საქმიანობის გარდა, ვიქტორ ყიფიანი დაკავებულია იურიდიული საქმიანობით - იგი თბილისში მოქმედი იურიდიული ფირმის, "ემ ქეი დი“-ს დამფუძნებელი და უფროსი პარტნიორია. მისი იურიდიული პრაქტიკა მოიცავს სამეწარმეო და სახელშეკრულებო სამართლის, საპროექტო ფინანსირების, კაპიტალის ბაზრის, საბანკო, ენერგეტიკის, ბუნებრივი რესურსების, ტელეკომუნიკაციებისა და საკორპორაციო სამართლის სფეროებს.

დღეს ანალიტიკური ორგანიზაცია "ჯეოქეისის“ თავმჯდომარეა.

იხილეთ ასევე