ავტორი:

"ასეთ ძალადობას არ ვიმსახურებდით..." - რას ჰყვება თაკო გულბანი, რომელიც აქციაზე მძიმედ მოიწამლა?

"ასეთ ძალადობას არ ვიმსახურებდით..." - რას ჰყვება თაკო გულბანი, რომელიც აქციაზე მძიმედ მოიწამლა?

7-8 მარტს, ე.წ. აგენტების კანონპროექტის წინააღმდეგ პარლამენტთან გამართული აქციების დაშლისას, არაერთი ადამიანი დაშავდა. ჩვენი რესპოდენტი 28 წლის თაკო გულბანია, რომელიც ორივე დღეს აქციაზე იმყოფებოდა და სხვა თანამოაზრეებთან ერთად, ხელისუფლების გადაწყვეტილებას მშვიდობიანად აპროტესტებდა. 8 მარტს თაკო ძლიერად მოიწამლა, ამის გამო კლინიკაში 2-ჯერ მოხვდა და მკურნალობას დღემდე აგრძელებს.

ის აქციების დაშლის ეპიზოდებს ambebi.ge-სთან იხსენებს:

"ზუსტად პარლამენტის წინ ვიდექი, როცა ქუჩის მეორე მხარეს სპეცრაზმმა ტერიტორიის ხალხისგან გათავისუფლება დაიწყო. ვიდეოს ვიღებდი და უცებ დაიწყო არეულობა. ყველანი ქაშვეთისკენ გავიქეცით. გვეგონა თავი დავაღწიეთ და არაფერი აღარ იქნებოდა, თუმცა ძალიან შევცდით. ყველა მხრიდან ისროდნენ გაზის კაფსულებს. ფაქტობრივად, გასაქცევი არსად გვქონდა. ჩვენს თვალწინ ხალხი ცუდად ხდებოდა, მაგრამ ვერავის ვეხმარებოდით, რადგან ყველა ვიგუდებოდით. ვიხრჩობოდით, ვერ ვსუნთქავდით.

მიუხედვად იმისა, რომ ცუდად ვიყავი, მორალური უფლება არ მქონდა პატარა ბავშვები დამეტოვებინა იქ და შინ წავსულიყავი. დაახლოებით, 7 საათი მომიწია იმ ტანსაცმელში ყოფნა, რაც მეცვა. ექიმების ყველა რეკომენდაცია შევასრულე, თუმცა ძლიერ ინტოქსიკაციას მაინც ვერ გადავურჩი.

მეორე დღეს ისევ წავედი აქციაზე. 9-ში, ღამით დამეწყო პირველი სიმპტომი, თუმცა ვერ წარმოვიდგენდი, რომ დილით ასეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდი - წარმოუდგენელი სურათით გავიღვიძე. ადგილი არ მქონდა სხეულზე დარჩენილი, სადაც ალერგიული გამონაყარი არ მქონდა. სასწრაფომ საავადმყოფოში გადამიყვანა და 6-7 საათით განმავლობაში გადასხმებს მიკეთებდნენ, გამიარა, თუმცა მალევე ისევ დამეწყო გამონაყარი, უფრო მწვავედ. კვლავ გამოვიძახეთ სასწრაფო და ისევ გადავედი კლინიკაში. ცოტა ხნით ქრებოდა გამონაყარი და კვლავ ახალი კერები ჩნდებოდა. ვხედავდი დაპანიკებულ ექიმებს, რომლებიც ვერ ხვდებოდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ. მეც შეშინებული ვიყავი, არ ვიცოდი ჩემს თავს რა ხდებოდა. ალერგოლოგმა დამინიშნა ძლიერი მედიკამენტები. 10 - დღიანი მკურნალობა უნდა ჩავიტარო", - ამბობს თაკო გულბანი.

ის ფიქრობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან მსგავს ძალადობას აქციის არცერთი მონაწილე არ იმსახურებდა, თუმცა ბედნიერია, რომ აქციებმა შედეგი გამოიღო, ადამიანები მიხვდნენ, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

"ძალიან დიდი პროტესტის განცდა მაქვს, არ ვიმსახურებდით ის ახალგაზრდები, ვინც იქ ვიდექით, ასეთ ძალადობას. მშვიდობიანად მივედით და ვითხოვდით ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას. ვითხოვდით, რაც ისედაც კონსტიტუციით გვეკუთვნის - ევროპას. ხალხი ნიჰილიზმში იყო და ამ აქციამ მისცა ახალი ენერგია. თითქოს აზრი მიეცა ყველაფერს, თურმე შეიძლება გააპროტესტო და ამან შედეგი გამოიღოს", -გვეუბნება თაკო გულბანი.

ავტორი: თიკო გურაშვილი