ავტორი:

"სასაცილოა, თითქოს ბადრის დაკავების მომენტში უღიარებია, სად წაიღო თანხა" - ადვოკატი

"სასაცილოა, თითქოს ბადრის დაკავების მომენტში უღიარებია, სად წაიღო თანხა" - ადვოკატი

"საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუას ადვოკატის, იოსებ ჯანაშიას განცხადებით, დღეს სასამართლო პროცესზე გამოკითხული პოლიციელის გიორგი ქანდარიას ჩვენება, იმის შესახებ, რომ დაკავების მომენტში ბადრი ესებუამ პოლიციას უთხრა, რომ თანხის ნაწილი დახარჯა, ნაწილი კი დაკარგა, სიმართლეს არ შეესაბამება.

მისი თქმით, პოლიციას საქმეზე მწირი მტკიცებულებები აქვს და მსგავსი ჩვენებები ამიტომ სჭირდება.

"სიმართლე გითხრათ, სასაცილოა, თითქოს ბადრის დაკავების მომენტში უღიარებია თუ სად წაიღო თანხა. ბუნებრივი და ცხადია, თუ რისთვის სჭირდება პოლიციას მოწმეების ასეთი ჩვენებები, იმ მიზეზების გამო, რომ ძალიან მწირი მტკიცებულებებია წარმოდგენილი და უნდათ, რომ ერთგვარი ფონი შექმნან საქმესთან დაკავშირებით. თითქოს, ბადრი ესებუამ დაკავების მომენტში გულწრფელად მოუყვა ყველაფერი, რაც აბსურდია და რეალობას არ შეესაბამება“, - განაცხადა იოსებ ჯანაშიამ.

ბრალდებულის უფლებადამცველი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ოდოროლოგიური და ხმის ექსპერტიზის ჩატარების ფაქტს და განაცხადა, რომ ორივე ექსპერტიზა კითხვის ნიშნებს აჩენს.

"ახალი მტკიცებულება რაც წარმოადგინეს - ეს არის ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. ეს ისეთი მტკიცებულებაა, რომლის ჩატარება ხდება ცხოველის მეშვეობით - ძაღლის ყნოსვის, ანუ ცხვირის აპარატზეა დამოკიდებული, როგორ შეძლებს ძაღლი გარკვეული სუნების იდენტიფიცირებას, თუმცა თქვენ იცით დაცვის პოზიცია მოცემულ საქმესთან დაკავშირებით, ჩვენ ძალიან დიდი ეჭვი გვაქვს, რომ თუ არ იყო ამ ექსპერტიზის დასკვნა საეჭვო, რატომ ჩაატარეს ჩვენი მონაწილეობის გარეშე და რატომ არ მოგვეცა საშუალება დავსწრებოდით ამ ექსპერტიზას . ამოიცნო თუ არა კონკრეტულმა ძაღლმა კონკრეტული სუნის ნიმუში, ამის შესახებ ჩვენ ვიზუალურად ვერაფერს ვნახავთ, მოვა მხოლოდ ექსპერტი და იტყვის, რომ მე ჩავატარე ექსპერტიზა და ძაღლმა ამოიცნო, რაც თავისთავად უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენს.

რაც შეეხება მათ მიერ გაჟღერებულ ხმის იდენტურობასთან დაკავშირებით, თითქოს მძარცველის ხმა 112-იდან და ბანკის ერთ-ერთი კრედიტ ოფიცრისგან ამოღებულ ჩანაწერებს ემთხვევა, რომლის იდენტურობაც ჰქონდა დადგენილი ექსპერტს, აქაც დიდი კითხვის ნიშნები არსებობს, იყო თუ არა ბადრი ესებუას ხმა შედარებული მოცემულ ვითარებაში“,- აღნიშნა იოსებ ჯანაშიამ.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.