ავტორი:

ვულკანების შესწავლისთვის მიძღვნილი ცხოვრება და საბედისწერო ამოფრქვევა - კატია და მორის კრაფტების გასაოცარი ამბავი

ვულკანების შესწავლისთვის მიძღვნილი ცხოვრება და საბედისწერო ამოფრქვევა - კატია და მორის კრაფტების გასაოცარი ამბავი

რომ არა ვულკანებისადმი განსაკუთრებული ინტერესი, კატია და მორის კრაფტებს მსოფლიო ალბათ, ვერც გაიცნობდა. როგორც ამბობენ, მათი ერთად ყოფნა სწორედ საერთო დიდი ინტერესის დამსახურება იყო. კრაფტების ისტორია ერთ-ერთი უჩვეულოა მთელს მსფოლიოში და მას ანალოგი თითქმის არ გააჩნია. მიზეზი ვულკანები და მათი სიყვარულია, რომელიც საბედისწერო აღმოჩნდა...

კეტრინ ჟოზეფინ, იგივე კატია კრაფტი 1942 წელს, საფრანგეთში დაიბადა. მისი ქმარი, მორის პოლ კრაფტი კი 1946 წელს. მეორე მსოფლიო ომის წლებში დაბადებულები, როგორც თვითონ ამბობდნენ, მშფოთვარე ადამიანურმა სამყარომ აიძულა, კომფორტი ბუნებაში ეპოვათ.

”ჩვენ იმედგაცრუებული ვიყავით კაცობრიობით, - თქვა კატიამ ერთხელ, - ვინაიდან ვულკანი ადამიანზე დიდია, ჩვენ ვიგრძენით, რომ ეს იყო ის, რაც გვჭირდებოდა“.

კრაფტები ცნობილები გახდნენ, როგორც პიონერი ვულკანოლოგები. ფოტო და ვიდეომასალაში ხშირად ჩანდა, ისინი ლავის ნაკადებს რამდენად უახლოვდებოდნენ.

ბრჭყვიალა მეტალის კოსტუმში შემოსილი კატია კრაფტი გამდნარი კლდის ჟოლოსფერი ფარდის წინ, რომელიც მის უკან მიწიდან ამოდის - ეს დრამატული მომენტი აღბეჭდილია 1984 წელს ისლანდიის ვულკანის კრაფლას თავზე გადაღებულ ფოტოში, ცეცხლოვანი მწვერვალის უკანასკნელი ამოფრქვევის დროს. ფოტოს დათვალიერებისას თითქოს იგრძნობა ვულკანის სიცხე, ისმის მისი ღრიალი და იგრძნობა კრაფტის გულისცემაც.

"როდესაც ამოფრქვევას დაინახავ, მერე მის გარეშე, უბრალოდ, ვერ იცხოვრებ, რადგან ეს არის საუკეთესო სანახაობა“, - ამბობს კატია კრაფტი National Geographic-ის დოკუმენტურ ფილმში "სიყვარულის ცეცხლი“.

კრაფტი იყო უშიშარი პიონერი ვულკანოლოგიაში, სწავლობდა ფეთქებად მწვერვალებს იმ დროს, როდესაც ამ სფეროში სულ თითზე ჩამოსათვლელი ქალი იყო. თავის მეუღლესთან ერთად წერდა წიგნებს, იღებდა ფილმებს და აწყობდა მედიატურებს, რათა ვულკანური რისკების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ცოდნა მთელს მსოფლიოში გაეზიარებინათ. თავდაპირველად წყვილი ყურადღებას ე.წ. ამოფრქვევებზე ამახვილებდა, როდესაც ლავა ვულკანიდან მიედინება. ეს ამოფრქვევები, როგორც წესი, ნაკლებად სასიკვდილოა, მაგრამ 1980 წელს ვაშინგტონში წმინდა ელენეს ასეთ ამოფრქვევას 57 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 1985 წელს კოლუმბიის ნევადო დელ რუისის ამოფრქვევის შემდეგ გამოწვეულ მომაკვდინებელ ღვარცოფს 20 000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.

  • საბედისწერო ამოფრქვევა

1991 წლის 3 ივნისს, ადგილობრივი დროით 16:00 საათზე, ამოიფრქვა მთა უნზენი, რომელმაც ჩამოაყალიბა პიროკლასტური ნაკადები. შედეგად, დაიღუპა 37 ადამიანი, მათ შორის აღმოჩნდნენ კრაფტები და მათი თანამემამულე ვულკანოლოგი ჰარი გლიკენი, რომელიც ამოფრქვევის დასაკვირვებლად მათ თან ახლდა. 5 ივნისს, გარდაცვლილების პოვნის შემდეგ დადგინდა, რომ გლინკენი გაქცევას ცდილობდა, ხოლო კრაფტები - არა.

სამივე მკვლევარის ცხედარს კრემაცია ჩაუტარდა.

  • კრაფტების გავლენა ვულკანოლოგიაზე

კატიას გავლენა ვულკანოლოგიაზე საკმაოდ მაღალია. მისი დანატოვარი ბევრ ახალგაზრდა ქალს შთააგონებდა, შეესწავლათ ჩვენი პლანეტა. დღეს ვულკანოლოგიური საერთაშორისო საზოგადოების IAVCEI-ის 937 წევრიდან 39% ქალია.

ცნობისათვის, IAVCEI-ის 22-ვე პრეზიდენტი მამაკაცი იყო.

"კატია კრაფტი ნამდვილად არის მიზეზი იმისა, რის გამოც მე ამ საქმეს ვაკეთებ“, - ამბობს კარლა ტირაბოსკი, გერმანიის მიუნსტერის უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტი. ტირაბოსკიმ კატია პირველად დოკუმენტურ ფილმში ნახა. მაშინ ის 6 წლის იყო, ამჟამად კი ის მწვერვალების სიღრმეში ცეცხლოვან პროცესებს აკვირდება.

ავტორი: ეკა დარჩიაშვილი