ავტორი:

რა კანონპროექტზე მუშაობს ევროკავშირი, კონკრეტულად რომელი ქვეყნების გავლენის შემცირება სურთ ევროპაში და რას წერს რეალურად Politico?

რა კანონპროექტზე მუშაობს ევროკავშირი, კონკრეტულად რომელი ქვეყნების გავლენის შემცირება სურთ ევროპაში და რას წერს რეალურად Politico?

საქართველოში ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას საზოგადოების უდიდესი ნაწილის მწვავე პროტესტი მოჰყვა. შედეგად, პარლამენტმა მეორე მოსმენაზე კანონპროექტი ჩააგდო და მის საბოლოოდ მიღებაზე, ამ ეტაპისთვის, უარი თქვა.

ხელისუფლების წარმომადგენლები გვეუბნებოდნენ, რომ კანონპროექტი 1938 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში მიღებული კანონის ასლი იყო და მიზნად ისახავდა, რომ ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების წყაროები ყოფილიყო გამჭვირვალე. კანონის მიღების შემთხვევაში, რიგ ორგანიზაციებს აგენტებად დარეგისტრირება მოუწევდათ და ასეთი ბევრი იქნებოდა, რადგან ჩვენს ქვეყანაში არაერთი ორგანიზაციაა, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის იყო, რომ ხელისუფლება არ აპირებდა გაეყო ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი ქვეყნებიდან მომდინარე დაფინანსება ჩვენი პარტნიორი, ანუ ჩვენთვის უსაფრთხო სახელმწიფოების თუ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მომდინარე დაფინანსებისგან.

და რადგან ეს კანონპროექტი დასავლეთის მიერ დაფინანსებულ მედიას, თუ სხვა ორგანიზაციებსაც შეეხებოდა, საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა მისი მიღების შესაძლებლობა, სამართლიანად აღიქვა რუსულ საქმედ და რუსული პოლიტიკის გატარების მცდელობად. მისი მიღების შემთხვევაში საქართველოს სწრაფვა დასავლეთისკენ, ევროკავშირისკენ შეფერხდებოდა და კიდევ უფრო დიდი საფრთხე დაემუქრებოდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას და ამის შესახებ ღიად ლაპარაკობდნენ ევროპელი პოლიტიკოსები.

მართალია, ხელისუფლებამ კანონპროექტი აღარ მიიღო, თუმცა "ქართული ოცნების" წარმომადგენლები და მათთან აფილირებული პირები ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში აქვეყნებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მსგავსი კანონის მიღებაზე ევროკავშირიც მუშაობს.

არავინ უარყოფს, რომ შესაძლოა, გარკვეულ უხერხულობას ქმნიდეს, ზუსტად ამ პერიოდში, მსგავსი ტიპის კანონპროექტზე მუშაობა, თუმცა ქართულ და ევროკავშირის კანონპროექტებს შორის არსებითი განსხვავებებია, უდიდესი განსხვავებააა ასევე პოლიტიკოსების მიდგომებს შორის და თუ არ ვიცით კონკრეტულად, რა რეგულაციის მიღებას აპირებენ ევროკავშირში, შესაძლოა, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ნარატივი დავიჯეროთ და ვიღაცამ თქვას, რომ ევროპაშიც აპირებენ მსგავსი კანონის მიღებას და მაშინ ჩვენ რას ვაპროტესტებდით?!

  • მთავარი განსხვავება ისაა, რომ ევროკავშირში მუშაობენ კანონპროექტზე, რომლის მიზანია, გამჭვირვალე გახდეს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისგან მიღებული დაფინანსება და შემცირდეს მათი გავლენა - ძირითადად კანონპროექტის მიზანი რუსული და ჩინური გავლენების შემცირებაა.

განვიხილოთ უფრო დეტალურად:

ევროკავშირი მუშაობს კანონპროექტზე, რომლის მიზანია უფრო გამჭვირვალე გახდეს არასამთავრობო სექტორის დაფინანსება - ლაპარაკია იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისგან ფინანსდებიან. აღნიშნულის შესახებ POLITICO წერს. გამოცემას ინფორმაცია სამმა წყარომ დაუდასტურა. საუბარია იმაზეც, რომ ამგვარი კანონის მიღების მიზანი "უცხოური გავლენების შემცირებაა."

"ევროკავშირში კანონპროექტზე მუშაობის ადრეულ ეტაპზე არიან. ის ეხმიანება მსგავს კანონებს ავსტრალიაში და შეერთებულ შტატებში. შეერთებულ შტატებში, უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი 1938 წლიდან ავალდებულებს ლობისტებს, რომლებიც მუშაობენ უცხოური მთავრობების სახელით, დარეგისტრირდნენ ფედერალურ მთავრობაში", - წერს გამოცემა.

აღნიშნულ თემაზე POLITICO-ს ევროკომისიის ერთ-ერთი ოფიციალური პირი ესაუბრა და ითხოვა, რომ მისი ვინაობა გამოცემას არ დაესახელებინა, რადგან ამ დროისთვის მიმდინარეობს წინასწარი დისკუსიები კანონპროექტთან დაკავშირებით.

  • "ევროპა ბოლო წლების განმავლობაში ებრძოდა უცხოურ გავლენებს, მთელ რიგ შემთხვევებს - დაწყებული რუსული ჰაკერული კომპანიებიდან, რომლებიც შექმნილია არჩევნების შედეგების შესაცვლელად, დამთავრებული ჩინური გრანტებით სხვადასხვა უნივერსიტეტებისთვის, რომლის მიზანიც ადამიანის უფლებების შესახებ კონკრეტული რიტორიკის გავრცელება და აზრის ფორმირებაა. ასევე ცნობილია ბოლო პერიოდის კორუფციის სკანდალი, რომელმაც ევროპარლამენტი შეარყია", - ვკითხულობთ სტატიაში.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გასული წლის სექტემბერში განაცხადა, რომ დაიწყეს მუშაობა "დემოკრატიის დაცვის“ პაკეტზე - საგარეო გავლენის შესახებ კანონპროექტზე, რომელსაც სამართლის საკითხებში კომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ვერა ჟუროვა ხელმძღვანელობს.

"პოლიტიკოს" სტატიაში ლაპარაკია საქართველოს შესახებაც. სტატიის ავტორი წერს, რომ კრიტიკოსების თქმით, მსგავს კანონპროექტზე მუშაობა ახლა უხერხულია იმ ფონზე, რომ საქართველოში მწვავე საპროტესტო ტალღა გამოიწვია", - წერს გამოცემა და აღნიშნავს, რომ კანონპროექტის ქართული ვარიანტის მიხედვით, ორგანიზაციები იძულებულნი იქნებოდნენ დარეგისტრირებულიყვნენ "უცხოური გავლენის აგენტებად“, თუ მათი დაფინანსების 20 პროცენტზე მეტი უცხოური იქნებოდა.

"ეს კანონპროექტი, რომელიც ფართოდ აღიქმებოდა, როგორც რუსეთის მიერ მთავრობის კონტროლის გამკაცრების მცდელობა, გასულ კვირას მასიური საპროტესტო აქციების შემდეგ ჩააგდეს", - ვკითხულობთ სტატიაში.

"ეს აშკარად დელიკატური საკითხია. ჩვენ ჯერ ვართ ინფორმაციის შეგროვების ადრეულ ფაზაზე დაინტერესებული მხარეების ფართო სპექტრისგან, რათა დავრწმუნდეთ, რომ სწორ გზას ვადგავართ," - თქვა ევროკომისიის წარმომადგენელმა.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ამ ინფორმაციის გავრცელებას ზოგიერთი არასამთავრობო როგანიზაციის შეშფოთება მოჰყვა, კანონპროექტზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი აპირებს შეხვდეს მათ წარმომადგენლებს და მოისმინოს მათი მოსაზრებები.