ავტორი:

"კობახიძის განცხადებები აჩვენებს იმას, რომ ხელისუფლებისთვის ე.წ. აგენტების შესახებ კანონის ჩაგდება ტაქტიკური უკან დახევა იყო" - ანა წითლიძე

"კობახიძის განცხადებები აჩვენებს იმას, რომ ხელისუფლებისთვის ე.წ. აგენტების შესახებ კანონის ჩაგდება ტაქტიკური უკან დახევა იყო" - ანა წითლიძე

"ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებები კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ხელისუფლებისთვის ე.წ. აგენტების შესახებ კანონის ჩაგდება უბრალოდ ტაქტიკური უკან დახევა იყო, "რეალურად კი, საქართველოს ჰყავს რუსული ხელისუფლება, რომელიც ატარებს რუსულ ინტერესებს“.

ანა წითლიძის თქმით, ხელისუფლება მზად არის, რომ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი კიდევ ერთხელ შეიტანოს პარლამენტში.

"როდესაც ირაკლი კობახიძე "ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრობს, მოვუწოდებ, მოვიდეს იქ, სადაც მე ვარ, "ნიუ ჰოსპიტალში“, ნახოს დაზარალებული ზაზა ბიღიაშვილი, რომელმაც მხედველობა დაკარგა სწორედ "ქართული ოცნების“ პოლიტიკის გამო. ეს ადამიანი მშვიდობიანად აპროტესტებდა რუსული კანონის მიღებას და ხელისუფლებამ მას დაუპირისპირა ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი, "რობოკოპები“ და სპეცრაზმი, რის გამოც ადამიანმა მხედველობა დაკარგა. კობახიძეს გავახსენებ, რომ ზუსტად იგივე სცენარით მათ 20 ივნისს დაარბიეს საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებმაც ასევე დაკარგეს თვალი. ამიტომ, კობახიძეს არ აქვს უფლება ისაუბროს, რა იყო 2012 წლამდე და ისაუბროს "ნაციონალური მოძრაობაზე“.

მითუმეტეს, როდესაც საუბრობს სტუდენტებზე, ვფიქრობ, რომ ეს არის სტუდენტების შეურაცხყოფა, იმიტომ, რომ სტუდენტები არიან თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქეები, რომლებსაც საკუთარი აზრი გააჩნიათ და რომლებსაც არ სჭირდებათ არავის მითითება, დაიცვან საკუთარი ქვეყნის ევროპული მომავალი“, - აცხადებს ანა წითლიძე.