ავტორი:

გალში სამხედრო წვრთნები დაიწყო: რას უკავშირდება სამობილიზაციო ღონისძიებები - "ე.წ. ხელმძღვანელობამ მოსახლეობას მოუწოდა, ნუ აჰყვებიან პანიკას"

გალში სამხედრო წვრთნები დაიწყო: რას უკავშირდება სამობილიზაციო ღონისძიებები - "ე.წ. ხელმძღვანელობამ მოსახლეობას მოუწოდა, ნუ აჰყვებიან პანიკას"

გალის რაიონში აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო დაცვის, უსაფრთხოების სამსახურისა და "შს სამინისტროს" ერთობლივი წვრთნები დაიწყო. აფხაზური მედიის ცნობით, "წვრთნები მაქსიმალურად მიახლოებულია კონტრტერორიზმისა და დივერსიული ჯგუფების წინააღმდეგ რეალურ ბრძოლასთან".

  • "ამგვარი წვრთნები კვარტალში ერთხელ ტარდება და ადგილზე განთავსებული სპეცრაზმი გაწვრთნილი და სრულად აღჭურვილია ვარჯიშების ჩასატარებლად", - განაცხადა მედიასთან ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა დიმიტრი დბარმა.

Апсныпресс-ის ცნობით, ე.წ. სამხედრო წვრთნების ფარგლებში, "აფხაზეთის პრეზიდენტი ასლან ბჟანია სამუშაო ვიზიტით გალის რაიონს ეწვია, სადაც მიმდინარე პროცესებს გაეცნო და ე.წ. თავდაცვის მინისტრისგან მოისმინა მოხსენება სამობილიზაციო ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ". თავად ბჟანიას ინფორმაციით, ე.წ. საზღვარზე, მან ახალი სამხედრო-საინჟინრო ნაგებობები დაათვალიერა.

"სამხედრო-საინჟინრო ნაგებობების აგებას ასევე ესწრებოდა შს მინისტრი, გენერალ-მაიორი ვალტერ ბუთბა, ასევე გენერალ-მაიორი რობერტ კიუტი და სხვები... პლაცზე მოეწყო სპეცრაზმი. ხელმძღვანელობამ მოსახლეობას მოუწოდა, ნუ აჰყვებიან პანიკას და ცრუ განგაშს, თითქოს რაიმე საფრთხე არსებობს... სახელმწიფოს მათი დაცვა შეუძლია" - ნათქვამია გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღნიშნულთან დაკავშირებით სრულიად განსხვავებულ ცნობებს ავრცელებენ ადგილობრივები. მათი ინფორმაციით, ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ 70 ათასი რეზერვისტი ჰყავთ მომზადებული, რაც აბსურდია, რადგან ქვეყანაში ამ რაოდენობის ახალგაზრდა, რომელიც სამხედრო სამსახურისთვის ვარგისია, არ არსებობს.

ადგილობრივების თქმით, ბოლო წლების აღრიცხვა 2018 წლის ჩატარდა, რომლის თანახმადაც, ოკუპირებული რეგიონში მცხოვრები მოსახლეობიდან 50,7% აფხაზია, 19,3% - ქართველი, 17,4% - სომეხი, 9,1% - რუსი, 0,6% - ბერძენი. თუმცა, თავადვე ამბობენ, რომ ეს კვლევა არასანდოა, რადგან სინამდვილეში, სომხების რაოდენობა ბევრად მეტია.

"მათი ნაწილი აფხაზურ გვარს იღებს, რათა უმაღლესი თანამდებობებისკენ, კერძოდ, სახელისუფლებო გუნდში გზა ადვილად გაიკაფონ", - მიაჩნია ასიდა კუტარბას.

სხვების თქმით, სომხები, ისევე, როგორც ქართველები და ბერძნები, არასდროს მსახურობენ სავალდებულო სამხედრო სამსახურში, არ მონაწილეობენ სარეზერვო სისტემაში, შესაბამისად, რეზერვში 70 ათასი ადამიანის მობილიზება, მით უფრო, მომზადებულის, ზღაპარია.

კიდევ ერთ ვერსიით, გალის რამდენიმე სოფელში, მათ შორის დიხაზურგასა და საბერიოში, ვითომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით, იქიდან მომავალი საფრთხეების გამო, რუსი სამხედროების მცირე ჯგუფები სამხედრო კარვებში არიან მობილიზებული.