ავტორი:

ბრიტანეთში, ქალს, რომელიც გაუპატიურებასა და ძალადობაში 3 მამაკაცს სდებდა ბრალს, ცილისწამებისა და ტყუილისთვის პატიმრობა მიესაჯა - მან მძიმე დაზიანებები თვითონ მიიყენა

ბრიტანეთში, ქალს, რომელიც გაუპატიურებასა და ძალადობაში 3 მამაკაცს სდებდა ბრალს, ცილისწამებისა და ტყუილისთვის პატიმრობა მიესაჯა - მან მძიმე დაზიანებები თვითონ მიიყენა

ბრიტანულმა სასამართლომ 22 წლის ელეონორ უილიამსს 8,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ქალი სამ მამაკაცს გაუპატიურებაში სდებდა ბრალს, მაგრამ მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მან, უბრალოდ, მოიტყუა.

როგორც სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, დაზიანებები, რომელიც დაზარალებულმა სოციალურ ქსელებში მომხმარებლებს აჩვენა, საკუთარ თავს თვითონ მიაყენა - ადგილობრივ სუპერმარკეტში ნაყიდი ჩაქუჩით. ექიმებმა და სამართალდამცავებმა ჯერ ვერ გაარკვიეს მიზეზები, რის გამოც ქალი ასეთ უკიდურესობაზე წავიდა.

უილიამსი, ჩრდილო-დასავლეთ კუმბრიიდან 14 მარტს გაასამართლეს მართლმსაჯულების შეფერხების და სიცრუის გავრცელების გამო, როგორც მისი მრავალჯერადად გაუპატიურების, ასევე მეზობელ ქალაქებში და მის ფარგლებს გარეთ აზიელი სუტენიორების ბანდის მიერ სექს-მონად გამოყენების თაობაზე.

განაჩენის გამოცხადებისას მოსამართლემ მის ჩვენებას "სრული ფიქცია“ უწოდა და ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროცესის დროს მას სინანულის ნიშნებიც არ გამოუვლენია.

უილიამსი თავს უდანაშაულოდ მიჩნევს, მაგრამ სინანული გამოთქვა იმის გამო, თუ რამხელა ძალადობა და არეულობა გამოიწვია მისმა განცხადებებმა მშობლიურ ქალაქში.

მუჰამედ რამზანმა (მარჯვნიდან მეორე) განუცხადა სასამართლოს, რომ მის ოჯახს ქალის მხარდამჭერები მუდმივად ავიწროვებდნენ და თავს ესხმოდნენ

"მე არ ვამბობ, რომ დამნაშავე ვარ, მაგრამ ვიცი, რომ რაღაცაში შევცდი. შოკირებული ვარ ბაროუში მომხდარი არეულობებით. რომ მცოდნოდა, ამას მსგავსი შედეგები მოჰყვებოდა, არასდროს დავწერდი ამ პოსტს", - თქვა უილიამსმა პროცესზე.

სასამართლოზე სამმა მამაკაცმა, რომელსაც უილიამსი ბრალს გაუპატიურებაში სდებდა, ისაუბრეს თვითმკვლელობის მცდელობებზე და ქალის მომხრეებისგან დევნის გამო დანგრეულ ცხოვრებაზე.

ერთ-ერთმა მათგანმა, ჯორდან ტრენგოვმა, 2,5 თვე გაატარა ციხეში, მას ბრალად ქალის დანით გაუპატიურება ედებოდა.

კიდევ ერთმა, 43 წლის ბიზნესმენმა მუჰამედ რამზანმა, დაახლოებით 500 შეტყობინება მიიღო, მას მოკვლით ემუქრებოდნენ და იძულებული გახდა დაეტოვებინა ქალაქი. უილიამსმა მას ბანდის ლიდერი უწოდა, რომელიც ქალებს ექსპლუატაციას უწევდა. მესამე კაცი, რომელმაც სასამართლოში ჩვენება მისცა, ოლივერ გარდნერი, მას შემდეგ, რაც ქალმა გაუპატიურებაში დაადანაშაულა, ფსიქიატრიულ კლინიკაში აღმოჩნდა თვითმკვლელობის მცდელობის გამო.

  • დაზიანებული თვალი და ნახევრად მოჭრილი თითი

უილიამსმა პოპულარობა მოიპოვა 2020 წლის მაისში, როდესაც მან თავის "ფეისბუქგვერდზე" გამოაქვეყნა რამდენიმე ფოტო, რომლებზეც სახე და სხეული დაფარული ჰქონდა საშინელი სისხლჩაქცევებით, მათ შორის ჩანდა გაშავებული თვალი და ნაწილობრივ მოჭრილი თითი.

ფოტოებთან ერთად გამოქვეყნებულ პოსტში უილიამსი წერდა, რომ თავდამსხმელები - პაკისტანური წარმოშობის ბიზნესმენები იყვნენ, რომლებმაც ქალი სცემეს და აიძულეს სექს-წვეულებებზე დასწრება.

ჯორდან ტრენგოვი, რომელმაც 2,5 თვე გაატარა ციხეში ცრუ გაუპატიურების ბრალდებით, ამბობს, რომ უილიამსისთვის გამოტანილი მსჯავრი ძალიან ცოტაა

უილიამსის ჩვენებები ფართოდ გავრცელდა ინტერნეტში, რის შემდეგაც აქტივისტებმა, რომლებიც ქალთა მიმართ ძალადობას ებრძოდნენ, მის მხარდასაჭერად დააფუძნეს კამპანია სახელწოდებით "სამართლიანობა ელისთვის". კამპანიას ჰყავდა 100 000 გამომწერი Facebook-ზე მთელი მსოფლიოდან.

მომხდარზე დიდ ბრიტანეთში საპროტესტო აქციები გაიმართა, რომლის მონაწილეებს შორის იყო ქვეყნის ულტრამემარჯვენე მოძრაობის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი ტომი რობინსონი. აქციის მონაწილეებმა პოლიცია დაადანაშაულეს უილიამსის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის განზრახ გამოუძიებლობაში.

მუქარა და თავდასხმები წამოვიდა იმ ადამიანებზე, რომლებსაც უილიამსი მოძალადეებს უწოდებდა. სამართალდამცავების თქმით, 2020 წლის ზაფხულში ქალის მშობლიურ ქალაქში, ბაროუში, სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულები სამჯერ გაიზარდა.

"ეს იყო ხანგრძლივი, რთული და, ფაქტობრივად, ტრაგიკული გამოძიება, ქალაქ ბაროუსთვის, ცხოვრების ბნელი პერიოდი“, - თქვა კუმბრიის პოლიციის სპიკერმა მეთიუ პირმანმა განაჩენის გამოცხადების შემდეგ.

ქალი ამტკიცებდა, რომ მოჰამედ რამზანმა იგი "ბლექპულის" სასტუმროში მიიყვანა და აიძულა რამდენიმე მამაკაცთან სექსუალური ურთიერთობა ჰქონოდა. პოლიციამ დაადგინა, რომ სინამდვილეში უილიამსი თვითონ წავიდა იქ, იქირავა სასტუმროს ნომერი.

პოლიციამ ასევე ამოიღო უილიამსისგან ექვსი მობილური ტელეფონი და აღმოაჩინა, რომ მან შექმნა სოციალური მედიის პროფილები იმ მამაკაცების სახელით, რომლებსაც მოძალადეები უწოდა და აქვეყნებდა სხვადასხვა დამადანაშაულებელ შეტყობინებებს მათი სახელით.

კუმბრიის პოლიციის სპიკერმა პერმანმა აღნიშნა, თუ რამდენად სერიოზულად მიიღეს სამართალდამცავებმა უილიამსის ჩვენება, როდესაც მან განაცხადა, რომ გააუპატიურეს. აქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სექსუალური და ფიზიკური ძალადობის ბრალდებები სრულად გამოიძიეს.

მან გამოთქვა იმედი, რომ უილიამსის საქმე ძალადობის ნამდვილ მსხვერპლებს არ დაუკარგავს მოტივაციას, რომ მიმართონ პოლიციას. "თქვენ მოგისმენთ და დაგეხმარებით", - დასძინა კუმბრიის პოლიციის წარმომადგენელმა.

წყარო