ავტორი:

ჩეხმა მყვინთავმა გაყინულ ტბაში, 52.1 მეტრის სიღრმეზე, სპეციალური საცურაო კოსტიუმის გარეშე ჩაყვინთა და გინესის რეკორდი დაამყარა

ჩეხმა მყვინთავმა გაყინულ ტბაში,  52.1 მეტრის სიღრმეზე, სპეციალური საცურაო კოსტიუმის გარეშე ჩაყვინთა და გინესის რეკორდი დაამყარა

ჩეხმა მყვინთავმა, დევინ ვენკლმა გინესის მსოფლიო რეკორდი დაამყარა მას შემდეგ, რაც შვეიცარიის სილსის გაყინულ ტბაში 52.1 მეტრის სიღრმეზე ჩაყვინთა. აღსანიშნავია, რომ მას არ სცმია სპეციალური საცურაო კოსტიუმი, რომელიც მყვინთავებს სხეულის სითბოს შენარჩუნებაში ეხმარება.

40 წლის ჩეხმა მყვინთავმა სულ რაღაც 1 ჩასუნთქვით გაყინულ ტბაში გაბურღულ ხვრელში ჩაყვინთა, რათა 170,9 ფუტის სიღრმეზე მოთავსებული სტიკერი ზედაპირზე ამოეტანა და რეკორდი დაემყარებინა. ვენკლი იმავე ხვრელიდან 1 წუთისა და 54 წამის შემდეგ ამოვიდა და შამპანურის ბოთლი გახსნა.

მისმა პრომოუთერმა, პაველ კალუსმა თქვა, რომ დევინმა ცურვას მოსალოდნელზე მეტი დრო მოანდომა:

"ჩვეულებრივზე ცოტა მეტად ღელავდა და სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. ცივ წყალში ყოფნა მისთვის არც ისეთი რთულია. ჟანგბადის ნაკლებობასთან შეგუება არ უჭირს, მაგრამ ეს სრულიად განსხვავებული იყო, რადგან ცივ წყალში ყურებში წნევა იმატებს და მუშაობას ართულებს", - თქვა კალუსმა.

მოგვიანებით ვენკლი საავადმყოფოში შემოწმებაზე მივიდა, რათა დარწმუნებულიყო, რომ მის ჯანმრთელობას რაიმე სერიოზული რისკი არ შექმნია. გინესის მსოფლიო რეკორდი ვენკლმა უკვე მეორედ დაამყარა. ის გინესების წიგნში პირველად 2021 წელს მოხვდა, მას შემდეგ, რაც ჩეხეთის ყინულოვანი ტბის 265 ფუტის სიღრმეზე ჩაყვინთა.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა