ავტორი:

"ევროპარლამენტარებს სურთ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, ეძებენ გამოსავალს, რომ დაგვეხმარონ, მაგრამ..." - რას უნდა ველოდოთ ევროპელი მაღალჩინოსნების მწვავე შეფასებების შემდეგ?

"ევროპარლამენტარებს სურთ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, ეძებენ გამოსავალს, რომ დაგვეხმარონ, მაგრამ..." - რას უნდა ველოდოთ ევროპელი მაღალჩინოსნების მწვავე შეფასებების შემდეგ?

გუშინ ევროპარლამენტში საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მწვავე დებატები გაიმართა. მმართველ პარტიას ევროპარლამენტის ტრიბუნიდან მკაფიოდ უთხრეს, რომ საქართველოს პრორუსი მთავრობა ჰყავს და ევროკავშირში გაწევრების გზაზე ქვეყნისთვის მთავარი დაბრკოლება ბიძინა ივანიშვილია. 45-წუთიან დებატებზე იყო უამრავი მოლოცვა და ქათინაური ქართველი ხალხის მისამართით.

ევროპარლამენტმა, რომელიც ასეთი კრიტიკული არასდროს ყოფილა, შესაძლო სანქციებიც დააანონსა და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ 12 პუნქტიანი რეკომენდაცია შესრულდეს. ვიოლა ფონ კრამონმა ისიც თქვა, რომ „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხის კოშმარად იქცა და ის არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას.

მმართველი გუნდის წარმომადგენლებს, შალვა პაპუაშვილის გარდა, აქამდე ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

"ჩვენ ვიხილეთ გუშინ ევროპარლამენტი, დებატები, რომელიც თავის არსში დაცლილი იყო ევროპისგან. ჩვენ ვნახეთ, რომ ევროპარლამენტის ტრიბუნა გამოყენებული იყო იმისთვის, რომ გავრცელებულიყო დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოში არის ოლიგარქიული მმართველობა, გამოყენებული იყო იმისთვის, რომ გავრცელებულიყო პროპაგანდა, თითქოს საქართველოში ხელისუფლება არის მიტაცებული, გამოყენებული იყო იმისთვის, რომ პირდაპირი შეტევა განხორციელებულიყო დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებაზე", - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე.

  • კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ ქართველი ხალხის (და არა ხელისუფლების) დამსახურებით ევროკომისიამ გამონაკლისი დაუშვას და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, პოლიტოლოგი თენგიზ ფხალაძე გვეუბნება, რომ ევროპარლამენტარებს აქვთ სურვილი, ეძებენ გზებს და გამოსავალს, რომ რაღაცნაირად დაგვეხმარონ, მაგრამ ჩვენ თუ არ შევაშველეთ ხელი, ჩვენს გასაკეთებელს ისინი ვერ გააკეთებენ, ჩვენს წილ გამოსავალს ისინი ვერ მონახავენ.

"გამიჭირდება ახლა რამის თქმა, საამისოდ ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან დიდი პოლიტიკური სიმწიფე, დიდი პასუხისმგებლობა და ევროპული ღირებულებების დიდი ერთგულება უნდა აჩვენოს, ვინაიდან ასეთი პრეცედენტი (ხალხის ნების გათვალისწინებით მიენიჭებინოთ სტატუსი) არასდროს მომხდარა. ყველაზე მთავარი - იქ, სადაც საზოგადოებას აქვს არა მხოლოდ სურვილი, არამედ მაღალი პასუხისმგებლობა, უნარიც დაიცვას საკუთარი ღირებულებები, იქ ხელისუფლებაც სხვანაირად იქცევა. აქ ხომ მხოლოდ 12 პუნქტზე არ არის საუბარი, ის, რაც წერია ვენეციის დასკვნაში და რა კომენტარებიც მმართველმა პარტიამ გააკეთა, სრულიად აცდენილია ერთმანეთისგან. საბოლოო ჯამში, ამასაც რომ თავი დავანებოთ, სიძულვილის ენა, რაც ახლა ითესება და რასაც ასე უწყობს ხელს მმართველი პარტიის ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადებები, კუდიანებზე დევნის მთელი კამპანია, რაც ახლა მიმდინარეობს, 12 პუნქტს და ევროკავშირს კი არა, ქართული სახელმწიფოებრიობის იდეას გვაცილებს. ქართული სახელმწიფოებრიობა არ დგას სიძულვილზე და კუდიანებზე ნადირობაზე, ამიტომ ეს ანტიევროპული კი არა, ანტიქართულია - ესაა მთავარი პრობლემა.

სამარცხვინო იყო გუშინდელი აქცია. შეიძლება გამომრჩა, მაგრამ ვერსად ვნახე ხელისუფლების უმაღლესი პირების რეაგირება, განცხადებები ამ სამარცხვინო ფაქტთან დაკავშირებით. მეორე თემაა, საქართველოს პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის ჩამოხევა და დაწვა. ასეთი ვანდალური აქტი უკვე მეორედ ხდება, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ხელისუფლება არ აქცევს ყურადღებას იმ სიმბოლიკას, რომელსაც ვალდებულია იცავდეს. ხელისუფლება უნდა იდგეს სათანადო სიმაღლეზე და რეაგირებდეს თუნდაც ისე, როგორც რეაგირებდა მაშინ, როცა მოსახლეობა რუსთაველზე რუსულ კანონს აპროტესტებდა (გვახსოვს, როგორ გაუმკლავდა ახალგაზრდებს). პირველად რომ არ დაისაჯნენ სათანადოდ ის ადამიანები, რომლებიც ვანდალურ აქტს ასე ღიად სჩადიან, მათ გაუჩნდათ დაუსჯელობის სინდრომი. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს და სამწუხაროდ, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი და შთაბეჭდილება, რომ მათ აქვთ ხელისუფლების მხარდაჭერა, რაც ძალიან ცუდია საქართველოსთვის.

თან ეს ყველაფერი მიდის მაშინ, როცა საქართველოში იმყოფება ევროკავშირის ძალიან მაღალი წარმომადგენლობა, ყველაფრის ამის ფონზე კეთდება დემონსტრირება. ეს კანონზომიერიცაა - იმ წარუმატებლობის ფონზე, რაც მას უკრაინაში აქვს, რუსეთმა მეხუთე კოლონა აბსოლუტურად ყველგან გაააქტიურა. არა მარტო საქართველოში, არამედ მოლდოვაში რაც ხდება, ზუსტად ერთნაირი ხელწერაა. ზუსტად ახლა ბოსნია ჰერცოგოვინაში, რესპუბლიკა სერბსკაში, რომელიც სეპარატიზმით გამოირჩევა, იქაც მიმდინარეობს საუბარი აგენტების კანონის ინიცირებაზე ზუსტად იმიტომ, რომ ქვეყნის ევროკავშირისკენ სწრაფვა შეაფერხონ. ასე რომ, ასეთი რაღაცეები პირდაპირ არის კრემლის სახელმძღვანელოდან გადმოღებული“.

პოლიტოლოგი ხელისუფლების მხრიდან სტატუსის მინიჭების ვერანაირ სურვილს ვერ ხედავს, რაც თუნდაც ე.წ. გავლენის აგენტების კანონპროექტის ინიცირებით გამოიხატა, რომელიც 12 რეკომენდაციიდან ორ პუნქტს ეწინააღმდეგება.

"ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ იყო და არის ძალიან დიდი სურვილი, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატობის სტატუსი. ის რომ, ჩვენ არ გვაქვს ამის სურვილი, ესაა ჩვენი ხელისუფლების ბრალი და თუ დღესაც გვაქვს პრობლემა, ესეც მხოლოდ და მხოლოდ მათ გამო. კი, ევროპარლამენტს აქვს სურვილი, ისინი მსჯელობენ და ეძებენ გზებს და გამოსავალს, რომ რაღაცნაირად დაგვეხმარონ, მაგრამ ჩვენ თუ არ შევაშველეთ ხელი, ჩვენს გასაკეთებელს არ კი არა, ვერ გააკეთებენ, ჩვენს წილ გამოსავალს ისინი ვერ მონახავენ.

ჩვენ უნდა ვაჩვენოთ აქ, რომ ამას ნამდვილად ვიმსახურებთ. ვერანაირ სურვილს ვერ ვხედავ, რომ ხელისუფლებას ამის სურვილი ჰქონდეს, თუნდაც ამ ინიციატივით, რამაც ვნებათაღელვა გამოიწვია - ე.წ. აგენტების შესახებ კანონი პირდაპირ ეწინააღმდეგება 12 რეკომენდაციიდან ორს - ერთია თავისუფალ მედიასთან დაკავშირებით, ამ კანონის მიღება პირდაპირ ურტყამდა მედიას და 2. იმ რეკომენდაციებში იყო საუბარი გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო სექტორის ჩართულობაზე. ამ კანონპროექტით ხელისუფლებამ სამოქალაქო სექტორის სტიგმატიზაცია მოახდინა და მას მერეც კი, რაც სამოქალაქო წნეხისა და პროტესტის ფონზე კანონი გაიწვია, მმართველი პარტიის თავმჯდომარე გამოდის და სამოქალაქო სექტორს მაინც შეურაცხყოფას აყენებს, მათ უცხოეთის აგენტებს უწოდებს, ფაქტობრივად, მოღალატეებად აცხადებს.

ევროკავშირამდე ასე ნამდვილად ვერ მივალთ. ახლა პროპაგანდა წავიდა, რომელიღაც ერთმა დეპუტატმა ეს თქვა, ის თქვა. ასეთი გამონაკლისებიც იქნებიან, რა გასაკვირია. არც ისაა პირველი შემთხვევა, როცა „ოცნების“ ლობისტები ჩვენს ხელისუფლებას აკრიტიკებენ და მხარს არ უჭერენ. მთლიანად ის პროცესი, რაც საქართველოში მიმდინარეობს, არ არის გზა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსამდე, ეს აბსოლუტურად სხვა გზაა, ამ გზით ვერ მივიღებთ სტატუსს. ქვეყანამ უნდა მოგვცეს საშუალება, რომ ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსის გადაწყვეტილება მიიღოს.“

ნახეთ ასევე: